,,მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადება კი არ მიკვირს, მაგრამ ეს არის დიდი უტიფრობა! იცით ქალბატონო მინისტრო რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში, განსაკუთრებით ბავშვთა განყოფილებებში?! გუშინ ჩემი მეგობრის შვილი ვერ დააწვინეს ადგილის არქონის გამო და ბავშვს სკამზე დამჯდარს შესთავაზეს აუცილებელი გადასხმის გაკეთება! იცით რა ღირს წამლები, რომლებიც გრიპით ინფიცირებულ ადამიანს ესაჭიროება? აფთიაქში არც ერთ შესვლაზე 50 ლარზე ნაკლებს არ ვტოვებ როცა ბავშვი ავად ხდება! რამდენ ოჯახს აქვს ამის შესაძლებლობა დღეს საქართველოში?! და რა გააკეთოს იმ ხალხმა, ვისთვისაც ეს თანხა ცალკე ელდაა? იცით რა მდგომარეობაა საბავშვო ბაღებში ვირუსის გამო?
მაგრამ თქვენ ხომ ჯანდაცვის მინისტრი არ ხართ, კერძო მინისტრი ხართ და თქვენი პაციენტი გაღელვებთ მხოლოდ!” _ წერს ,,ლელო”-ს ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ვირუსთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა:
„რა თქმა უნდა, როდესაც არის გრიპის ვირუსი და ეს ვირუსი არის სეზონური, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მოხდეს გარკვეული დაგვიანება სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მიერ, თუმცა ჩვენ არ გვაქვს არანაირი პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები. სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის. ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე. შესაბამისად, ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება. გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში. ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს”.