საინტერესო

ვინ იყო ქალი, რომელიც ვანო სარაჯიშვილის სიყვარულის გამო ჭკუიდან შეიშალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ბულბულის, ვანო სარაჯიშვილის მუზეუმში ინახება მომღერლის  ბევრი პირადი ნივთი, რომლებთანაც საინტერესო ისტორიებია დაკავშირებული. euronews.ge  გთავაზობთ ამ ისტორიებს.

მაია გელაშვილი, ვანო სარაჯიშვილის მუზეუმის მენეჯერი:

_ 1912 წელს ვანოს შეხვდა  დაავადება – ესპანური. ავადმყოფობა გადაიტანა, მაგრამ  როგორც ჩანს, კვალი მაინც დარჩა, რომელმაც რამდენიმე წლის მერე იჩინა თავი. 1923 წელს მომღერალი  დაუდგენელი სენით გახდა ავად და  სისხლს აღებინებდა. ზოგი ექიმი ვარაუდობდა, რომ გულის ბრალი იყო, ზოგი ფილტვებს აბრალებდა, ზოგიც  თირკმელებს. მისი ავადმყოფობის დასადგენად არაერთხელ გაუმართავთ კონსილიუმი, მაგრამ ვანო სარაჯიშვილი ისე გარდაიცვალა, ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ვანო საავადმყოფოში იწვა და როგორც ჩანს, ეგონა, რომ მალე გამოჯანმრთელდებოდა. ერთხელ დალაქი დაუბარებია და  თავი გადაუპარსინებია_ ბალიში თმას გამიფუჭებს და მომავალში კონცერტზე როცა წარვსდგები, ცუდი თმა მექნებაო. გადაპარსვის შემდეგ ახალი ამომივა და კვლავ ლამაზი ვიქნებიო. ვანოს გარდაცვალების შემდეგ, დალაქის მეშვეობით, გადაპარსული თმის გარკვეული ნაწილი ვანოს ოჯახში, შემდგომ კი მუზეუმში მოხვედრილა.

მუზეუმში ასევე ინახება ვანოს ნაქონი საათი, რომელიც მისი გარდაცვალების დროს თავისით გაჩერებულა. მასზე დაფიქსირებულია 5. 30 წუთი ანუ მომღერლის გარდაცვალების დრო. ვანო სარაჯიშვილი 1924 წლის 11 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის მერე ვანოს მეუღლეს საათი კვლავ აამუშავებია, მაგრამ  ოცი წლის შემდეგ, საათი მაინც იგივე დროს გაჩერებულა.

 

წლების წინ, ვანოს მუზეუმში გაჩნდა ხანძარი და ნივთები რომ გადაერჩინათ, ფანჯრიდან გადაყარეს. ამ საათს ისრები მაშინ მოწყდა. ექსპოზიციონერები მას მალე დაუბრუნებენ პირვანდელ სახეს.

ვანო სარაჯიშვილი დაიბადა სიღნაღში, 1879 წლის პირველ მაისს. მამამისი ინჟინერ- ტექნოლოგი იყო, პეტერბურგში დაამთავრა სასწავლებელი. მან სიღნაღში სამსახური ვერ იშოვა და იძულებული გახდა, კერძო პანსიონი დაეარსებინა, სადაც მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ სანოტარო კანტორა გააკეთა და სიკვდილის ბოლომდე სიღნაღში ცხოვრობდა.  ვანოს მამას ორი ცოლი ჰყავდა. პირველი მეუღლე  _ ნინო ვაჩნაძე მალე გარდაიცვალა და მისგან 8 შვილი დარჩა. 53 წლის ასაკში მეორედ მოიყვანა ცოლი – ეფემია რუსიშვილი – ყორჩიბაშისა და მასთან კიდევ 5 შვილი შეეძინა. ვანო იყო მე-11 შვილი. სხვათა შორის, ვანოს და-ძმებიც კარგად მღეროდნენ, ამიტომ ოჯახს შექმნილი ჰქონდათ საოჯახო ანსამბლი. პურმარილიანი, მომლხენი ოჯახი იყო.  ისინი მღეროდნენ საეკლესიო გუნდშიც.  როცა ვანოს მამა გარდაიცვალა, ვანო თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. სიღნაღში  კი მისი ძმა, ანდრო დარჩა.

გარდაცვალების წინ ვანომ თავგატეხილას წყაროს წყალი მოითხოვა. თავგატეხილას წყარო სიღნაღში, ბარათაშვილის ქუჩაზეა. მუზეუმში ინახება დიდი, ლურჯი ფერის სასმისი -დოქი, რომლითაც ძმამ ავადმყოფ ვანოს თავგატეხილას ნანატრი წყარო მიუტანა.

მუზეუმში გამოიფინება ვანოს ნაქონი ფანდური, ჩელო, რომლებზეც მომღერალი  არაჩვეულებრივად უკრავდა. ვანო სიღნაღის გუნდში  ბანს მღეროდა, მაგრამ როცა სამუსიკო სასწავლებელში მივიდა, აღმოჩნდა, რომ ტენორი იყო.  ერთხელ მეგობარმა ვანო  წვეულებაზე იმ მიზნით წაიყვანა, რომმისთვის  გზა გაეკაფა. როდესაც მიხაილოვმა მოუსმინა, ჰკითხა, თქვენი ბიძა, დავით სარაჯიშვილი რატომ არ გეხმარებათო? დავითი ვანოს მამის ბიძაშვილი იყო. მეორე დღესვე მიხაილოვი თავად მივიდა დავით სარაჯიშვილთან და უთხრა, ცუდად იქცევით, ამ ყმაწვილს რომ არ უწვდით დახმარები ხელსო. ამის მერე შეიკრიბა საზოგადოება, სადაც ასევე მიიწვიეს ილია ჭავჭავაძე და მოამენინეს ვანოს ნამღერი. ილია აღფრთოვანდა და განაცხადა, ეს ახალგაზრდა ხვალვე უნდა გაიგზავნოს პეტერბურგში სასწავლებლადო და მისი სწავლა ჭავჭავაძემ თავადვე დააფინანსა. ასე წავიდა  24 წლის ვანო სარაჯიშვილი პეტერბურგში, სასწავლებლად .

იმ დროს პეტერბურგში იყო სახელგანთქმული პედაგოგი პრიანიჩნიკოვი. მას ბევრი მოსწავლე ჰყავდა და ვანოს არ იღებდა თავის კლასში. ვანოს იქაც  ერთმა ახლობელმა გაუმართა ხელი. მან სთხოვა პედაგოგს, ახალგაზრდა ქართველი მოსწავლისთვის მხოლოდ მოესმინა. პრიანიჩნიკოვი დაითანხმეს, რომ პატარა ნაპერწკალს მაინც თუ დაინახავდა სიმღერის დასაწყისში, მოუსმენას გააგრძელებდა, მაგრამ ნაპერწკალი კი არა, ვანომ პირდაპირ ცეცხლი დაანთო მასწავლებლის წინ. როცა ვანომ ფაუსტის ნაწარმოები დაასრულა, გაოცებულმა პრიანიჩნიკოვმა ჰკითხა, ყმაწვილო, სად ისწავლეთო? ყველაფერი  ჩემით ვისწავლეო, მიუგო ვანომ. პედაგოგმა თავის კლასში აიყვანა და უთხრა, არანაირი ანაზღაურება არ მინდა, როცა გსურს მოდი და იმეცადინეო.

იტალიაში ვანოს ლასკალას სცენაზე უნდა ემღერა. ამ პერიოდში იქ არსებობდა  კლაკერების ჯგუფი, რომლებიც იყვნენ მოსყიდული შემფასებლები. მომღერლები წინასწარ უხდიდნენ ფულს და გამოსვლის შემდეგ, მათ მხურვალე ტაშით აჯილდოვებდნენ, რაც ნიშნავდა, რომ კარგი მომღერალი იყო და ხალხს მოწონდა. ვანოსთანაც სცადეს ამგვარი მოლაპარაკებების დაწყება და ფულის სანაცვლოდ მხურვალე აპროდისმენტები შესთავაზეს, მაგრამ ვანომ უარი უთხრათ. როცა სარაჯიშვილი სცენაზე გასულა, კრაკერებს სტვენა და ყიჟინა აუტეხავთ, ხელი რომ შეეშალათ მისთვის, მაგრამ რამდენიმე ნოტის აღების მერე, ეს ჯგუფიც ისე მონუსხულა ვანოს ნამღერით, ფულის გარეშეც დაუკრავთ მხურვალე ტაში.

ვანო ფიზიკურად ძალიან მომხიბვლელი მამაკაცი იყო, ამიტომ, თბილისში, ქართული გიმნაზიის გოგონებიდან ის ბევრს  უყვარდა. ასეთები სასწავლებლის ფორმაზე ვანოს  ფოტოს იკეთებდნენ, ამიტომ მათ გიმნაზისტკების ნაცვლად, სარაჯისტკებს ეძახდნენ.

ერთ-ერთ სარაჯისტკას ვანო გულში ჩავრდნია და ვანოსაც მოწონებია ულამაზესი ნინო მეტრეველი,  მაგრამ მათ შორის ისეთი დიდი ასაკობრივი სხვაობა ყოფილა, გოგოს მამას სერიოზურად არ მიუღია  შვილის არჩევანი.   იტალიაში ვანოს მეგობარი იყო ულამაზესი  სოპრანო – ნინა კავალიერი და ისინი ხშირად დასეირნობდნენ ერთად. საქართველოში ვიღაცას ჭორად ჩამოუტანია, ვანომ ცოლად კაცალიერი მოიყვანაო. ამ ამბით გამწარებული ნინო მეტრეველი ცოლად გაყოლია ვეფხისტყაოსნის ცნობილ ილუსტრატორს, პატრიკ უოლდის, რომელიც უცხოეთიდან იყო ჩამოსული საქართველოში. შემდეგ ვანოც ჩამოსულა იტალიიდან. როცა ნინო მეტრეველს გაუგია, რომ ის დაქორწინებული არ იყო, ჭკუაზე შეშლილა. უილდი თავის ქვეყანაში რომ ბრუნდებოდა, ბავშვებიც თან მიჰყავდა. ისინი აღმოჩნდნენ ტრაგიკულად დაღუპულ გემ ,,ტიტიანიკზე“. მამამ მოახერხა და ბავშვები ნავში ჩასხა. ისინი გადარჩნენ, იოლდი კი დაიღუპა.

ვანო კარგი მონადირე იყო. მას ჰყავდა საყვარელი ძაღლიც. ერთხელ, ნადირობის დროს მომღერალს თოფი გაუვარდა და საფანტი ვანოს მეგობარს წარბში მოხვდა. ექიმებს უნდოდათ, მისთვის  წარბიდან საფანტი ამოეღოთ, მაგრამ დაშავებულმა ამის უფლება არ მისცათ. მან საფანტი სიცოცხლის ბოლომდე დაიტოვა და ,,ვანოს  საჩუქარი“  მტელი სიცოცხლე თან ატარა მისი სიყვარულის გამო.

ამჟამად სიღნაღში არის რესტორანი ,,კაბადონი“, რომელსაც წინათ ,,ფანტაზია“ ერქვა. იქ ხშირად ქეიფობდნენ თბილისიდან ჩამოსული მომღერლები, მსახიობები – ნატო ვაჩნაძე, სარაჯიშვილი… ნატო თავის მოგონებებში იხსენებდა, რომ ვანო გათენებისას წამოდგებოდა, გაიჭრებოდა გარეთ, ხის კენმწეროზე ავიდოდა და იქიდან, ხელგაშლილი შემოსძახებდა ურმულსო.

ვანო სარაჯიშვილი 31 წლის დაოჯახდა და ცოლად მოიყვანა მეგარდირობე, ნინო ქიქოძე. მათ შვილი არ შესძენიათ.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Back to top button
Close