საზოგადოება

,,ხალხში სრული უნდობლობაა ხელისუფლებების მიმართ…”_ რას წერს ჟურნალისტი, რომელმაც ერთი წელი სოფელში იცხოვრა

,,შესაშური მელირება და ვარცხნილობა აქვთ ჩემს სიმინდებს. ნელ-ნელა ვიმკი მოსავალს. ბაზრის ფუნქციაც კი დამავიწყდა. ყავის, შაქრის და პურის საყიდლად თუ გავალთ მაღაზიაში, ძირითადი საკვები პროდუქტი ეზოში მაქვს. ექსპერიმენტმა გაამართლა, სოფელში, თუ იშრომებ, მდიდარი არა, მაგრამ მშიერი არ იქნები. მდიდარი იმიტომ, რომ სარწყავი წყალი აქ, სერიოზული პრობლემაა. საბჭოთა პერიოდში სრულყოფილად გამართული საერიგაციო სისტემა მთლიანად მოშლილი და განადგურებულია. სოფლის კუთვნილი და საერთო მოხმარების სარწყავი რუ ზოგი ვიღაცამ თავისი მიწებისკენ გადაუგდო, ზოგან ახალი შენობის დადგმას უშლიდა ხელს და ა. შ, გაქრა რუები. რასაც ჩემს ბაღჩაში ხედავთ, თითო სათლობით, ხელით მიტანილი წყლის შედეგია. არადა სარწყავი რუ პირდაპირ ჩვენს ღობესთან ჩამოდიოდა, რომელიც დღეს ბალახით და ნაგვით არის ამოვსებული. ასე თუ ისე, წავიკითხე სოფლის ცხოვრების “აი ია” და ბევრი პრობლემა საკუთარი თვალით ვნახე, თავად შევეჯახე და დავრწმუნდი, რომ ხალხში სრული უნდობლობაა ხელისუფლებების მიმართ. ხიდჩატეხილობის პრობლემა აქ აქტუალურია. თანამდებობა აქ პირადი კეთილდღეობის და გამდიდრების წყაროა და არა ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ერთმა ადგილობრივმა გლეხმა მითხრა,- ამ სახლებს, რასაც ხედავ, კომუნისტების დროს არის აშენებული, დღეს ნულიდან ცხოვრებას აქ, პატიოსანი ადამიანი ვერ დაიწყებსო, დღეს თავის გადარჩენისთვის ვიბრძვითო.
ცოტა გადავუხვიე ჩემი სიმინდების თემას, ასი, ასი, ას ლამაზი, ასი კაბა რომ აცვიათ და აბრეშუმის ქოჩორი თავზე გადავარცხნიათ. არადა, მხარი მხარს რომ მივცეთ და ხელი ხელს ჩავჭიდოთ, ჩვენი მომრევი ქვეყნად არავინ იქნება. თუ რამ გვღრღნის და გვასუსტებს ქართველებს შური და მომხვეჭველობის წყურვილია. მალე ქალაქს დავუბრუნდები და ბევრ რამეს სხვა რაკურსიდან დავაკვირდები, მერე ისევ სოფელში ჩამოვალ და დავფიქრდები. სოფელი კი ფიქრისთვის ყველაზე კარგი ადგილია. მანამდე კი, ნახეთ რა ლამაზი სიმინდები ყვავის ჩემს ბაღჩაში” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი შორენა პაპაშვილი, რომელიც, ერთი წელია, ოჯახთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს და საკუთარი მეურნეობის განვითარებით არის დაკავებული.

Related Articles

Back to top button
Close