საზოგადოება

შვედეთი, სადაც კაფე-რესტორნები, ბარები, სკოლები… ისევ მუშაობს, ჯანმომ მისაბაძ ქვეყნად დაასახელა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ შვედეთი, რომელმაც უარი თქვა მასობრივ დაბლოკვებზე, უნდა იყოს კორონავირუსთან ბრძოლის მოდელი მსოფლიოსთვის.

რაიანის თქმით, მსოფლიომ ,,გაკვეთილი უნდა ისწავლოს” შვედეთისგან, რომლის სტრატეგია მეტწილად მოქალაქეების თვითრეგულირებას ეყრდნობა.

მან აღნიშნა, რომ დაკეტვის ნაცვლად, ქვეყანამ ჩამოაყალიბა ძალიან ძლიერი საზოგადოებრივი პოლიტიკა სოციალური დისტანცირების, მზრუნველობისა და დაცვის გრძელვადიან პერსპექტივაზე დაფუძნებით.

,,ვფიქრობ, თუ სიტუაციის ნორმალიზებას მივაღწევთ, შვედეთი მრავალი თვალსაზრისით მომავლის მოდელს წარმოადგენს, თუ გვსურს ისეთ საზოგადოებაში დავბრუნდეთ, როგორშიც იზოლაციამდე ვიყავით.

ისინი აკეთებდნენ ტესტირებას. მათი ჯანმრთელობის სისტემას ყოველთვის რჩებოდა იმის შესაძლებლობა, რომ შემთხვევების რაოდენობას გამკლავებოდა”, – თქვა რაიანმა.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთი ძალიან ენდობა მოქალაქეების უნარს, რომ საკუთარი ნებით შეძლონ თვითრეგულირება და დაიცვან სოციალური დისტანცია.

ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად კარანტინის მკაცრი ზომები შემოიღეს, ჩაკეტეს საზღვრები, დახურეს ბიზნესები და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, შვედეთში კი კაფე-რესტორნები, ბარები, სკოლები და სხვა ობიექტები ისევ ღიაა. ქვეყანაში არ არის ჩაკეტილი საზღვრები.

ბოლო მონაცემებით, შვედეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 .092 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათაგან 2 .586 გარდაიცვალა, ხოლო 1.005 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

შვედეთის მოსახლეობა 10 მილიონია.

წყარო: ნიუსრეპორტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close