პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილის პასუხი საქართველოში ავსტრიის ელჩს

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ავსტრიის ელჩის განცხადებაზე ასეთ კომენტარს აკეთებს:

,,აღარ მინდა ელჩების განცხადებათა კომენტირება, მაგრამ გული სკდება ამგვარ მოსაზრებებზე. ბატონო ელჩო, ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ აბა რუსეთი ყოველ დღე ღობავდეს თითო ავსტრიულ სოფელს და მერე ვნახავდით, როგორ დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებდით მთლიანად და განსაკუთრებით კრემლის მიმართ. თუმცა რაღაა გასაკვირვი, როდესავ თქვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქალბატონმა, ამასწინათ ოკუპანტი პუტინი საკუთარ ქორწილში დაპატიჟა და ლამის სული ამოხადა ვალსის ცეკვით. წარსულს ნუ დაივიწყებთ და გაიხსენეთ რა მოუტანა ევროპას ვალსმა ჰიტლერთან”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ დღეს ჟურნალისტებთან  ისაუბრა. სადაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არ არის პრორუსული და კარგად ასრულებს სამუშაოს ბალანსის შენარჩუნებით.

მას საუბარი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.

„არსებობს ძალიან კარგი ლათინური გამოთქმა, თუ დუმილს შეინარჩუნებ, იქნები ფილოსოფოსი. საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არ არის პრორუსული ხელისუფლება. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა კარგად ასრულებს სამუშაოს იმ ბალანსის შენარჩუნებით, რომელიც, ერთი მხრივ, უკავშირდება ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილს, მეორე მხრივ, რეალური პოლიტიკით, რაც გამოწვეულია კორონავირუსითა და ოკუპირებული ტერიტორიებით“, – განაცხადა ელჩმა.

Related Articles

Back to top button
Close