საქართველოში კიბერდანაშაულის ტალღა კვლავ გაძლიერდა, არც თუ ახალია ფულის გამოძალვისთვის სოციალური ქსელების გამოყენება. თუ ფხიზლად არ ხარ, შეიძლება ათას ხაფანგში ამოჰყო თავი. ჰოდა, ახლა უკანასკნელი კვირის აქტუალურ სქემაზე მოგახსენებთ:
1. იბლოკებიან შენი მეგობრები, უფრო სწორად ისინი ხედავენ, რომ დაიბლოკნენ თქვენს ოფიციალურ გვერდზე.
2. ჩნდება ალტერნატიული აქაუნტი შენი ფოტოებით და თითქმის შენი პროფილის ანალოგიური, მაგრამ სინამდვილეში არის ე.წ. ფეიკი.
3. იწყება შენს მეგობრებთან პირადი მიმოწერები, ათასნაირი არგუმენტით, რომ ფული გესაჭიროება.
4. მიეთითება რომელიმე კაზინოს ან ტოტალიზატორის კოდი და ანგარიში, რომელზეც უნდა ჩაგირიცხონ.
5. რამდენიმე საათის განმავლობაში მიდის ინტენსიური მუშაობა შენს მეგობრებთან – „დიალოგი“ (ათასობით მეგობარი რომ გყავდეს, ყველას მოწერილს ელვის უსწრაფესად პასუხობენ, ამიტომ დიდი შანსია, რომ იყოს დამნაშავეთა ჯგუფი).
6. სატელეფონო კონტაქტზე არ გამოდიან ათასნაირი მიზეზით, რადგან დიდი შანსია, უბრალოდ გაიშიფრონ.
7. ფეიკი ანუ ყალბი პროფილი ქრება.
ასეთი დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი მსხვერპლი გავხდით მე და ჩემი მეგობრები. ადამიანებო, იყავით ფრთხილად და უმჯობესია, მეგობრებთან იქონიოთ პირადი კონტაქტი, ვიდრე ვირტუალური, რადგან შეიძლება, სერიოზული აფიორის მსხვერპლი გახდეთ! შს ს-ს ვთხოვ, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით.
ირინა ბიბილეიშვილი-იოსებაშვილი