ტრაგედია თბილისში _ მე-8 სართულზე, ბინაში ბრმა ტყვია შევარდა და ქალი მოკლა
ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე.
საკუთარ საცხოვრებელ სახლში მყოფ ქალს თავის არეში ბრმა ტყვია მოხვდა და ადგილზე მოკლა.
„პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი უყვება, რომ გარდაცვლილი ქალი ცნობილი მომღერლის, თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავაა.
„წარმოუდგენელი ტრაგედიაა. აღდგომის დღეს ამას ვერვაინ წარმოვიდგენდით. კარანტინის გამო სახლიდან არ გასულა. მერვე სართულზე ცხოვრობს. ტელევიზორს უყურებდა, როცა უცებ ფანჯარა ჩაიმსხვრა და ტყვია პირდაპირ თავში მოხვდა. სასიკვდილო ჭრილობა აღმოჩნდა. ყველანი შოკში ვართ. თიკა ძალიან ცუდადაა. ვინ ისროლა არ ვიცით.
მერვე სართულზე ადამიანს გარედან შემოვარდნილი ტყვია თუ მოხვდებოდა, ვინ წარმოიდგენდა. პოლიცია, კრიმინალისტები ყველანი ადგილზე გაჩნდნენ და გაირკვევა, რა მოხდა და ვის ეკუთვნის იარაღი. ეს შესანიშნავი ადამიანი ვისმა ტყვიამ იმსხვერპლა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ოჯახის ახლობელი.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წყარო: პრაიმტაიმი