საინტერესო

სოციალურ ქსელში ნატურალური სიზუსტით აღნუსხული ვაი-ვიში გენიალურად და შედევრად სახელდება- და მაინც, რა არის პოეზია?

ნონა ფიფია, პოეტი:

_ ვისაც თუნდაც ერთი ლექსი დაუწერია,იცის, რომ ლექსს უპირველესად ჰბადებს განწყობა,განცდა,ემოცია…და რადგან უემოციო ადამიანი არ არსებობს,ბევრს უჩნდება სურვილი,რაც აწუხებს, სიტყვებით გამოხატოს.ზოგს ეს უკეთ გამოსდის,ზოგს_არც ისე კარგად,მხოლოდ ერთეულებს კი-გენიალურად… და მაინც,რა არის პოეზია?
ბევრს ლაპარაკობენ და წერენ იმაზე,რომ შეიძლება ლექსს რითმაც უნაკლო ჰქონდეს,რიტმიც,აზრიც კარგად და მხატვრულად იყოს გადმოცემული და მასში მაინც არ იყოს ის,რასაც პოეზია ჰქვია,რადგან პოეზია არც მხოლოდ უნაკლო რითმაა ცალკე აღებული,არც რიტმი,არც ალიტერაცია,არც აქტუალური თემატიკა,არც მხოლოდ მეტაფორებია…ანუ,აგული ერისთავის საფლავის ძეგლებისა არ იყოს,ჰგავს და თითქოს არც ჰგავს … ექიმები იტყვიან ხოლმე,ჯანმრთელი გული მაშინ გაქვს,როცა საერთოდ ვერ გრძნობ მის არსებობასო_ანუ,საუკეთესო მხატვრული ნაწარმოები ისაა,როცა საერთოდ ვერ გრძნობ კითხვისას აქ ჩამოთვლილ კომპონენტებს,მაგრამ გრძნობ რაღაცას…და
ჩემი აზრით პოეზია სწორედ ისაა,რაც ყოველივე ამ ჩამოთვლილს მიღმა,სტრიქონსა და სტრიქონს შუა ძალაუნებურად შეიგრძნობა (და არა_შეიცნობა,როგორც ილია ბრძანებდა).

ხელოვნება ყველაფრის ნატურალური სიზუსტით აღნუსხვა არ არის.ასე რომ იყოს,მას შემდეგ,რაც ფოტოგრაფია გამოიგონეს,მხატვრობა საერთოდ აღარ იქნებოდა საჭირო.ლექსი არც გარითმული ცხოვრებაა და არც საკუთარი პოლიტიკურ-ფილოსოფიური შეხედულებების ანუ,საკუთარი აზრების ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გადმოცემა,არამედ ამ აზრების შესაფერისი სახე-სიმბოლოებით აღბეჭდვაა.მაგრამ ლექსი მხოლოდ მაშინ მოდის მკითხველის გულთან,თუ ის ჭეშმარიტი განცდის ნაჟურია,რომელსაც ნამდვილად გაუვლია ავტორის გულში.

ალ.საჯიას აქვს ერთი პატარა ლექსი ,,კოშკები”:

ქარები, ქარები, ქარები იცოდა,
და ყოველ გაფრენას მოსდევდა ახალი…
ეს მისთვის ავაგე, ეს მისთვის მინდოდა,
ასეთი ძვირფასი, ასეთი მაღალი.

და მაშინ დასრულდა ამბავი იმ ღამის,
ათასი ვარსკვლავი ქარიქარ ვიდოდა.
კარები? სარკმელი ასეთი მაღალი,
ასეთი კოშკები მე მისთვის მინდოდა.

მაგრამ კვლავ მარტო ვარ და ზეცას დაღვრემილს
ვარსკვლავი ბრწყინვალე მეასედ მოსწყდება.
მხოლოდ ეს კოშკები, თეთრი და მაღლები,
მხოლოდ ის უმანკო პოეტის ოცნება.

კოშკების აგება მეტწილად ოცნებას უკავშირდება,ამ ლექსის სევდიანი განწყობილება კი ოცნების კოშკების ნგრევაზე დაგვაფიქრებს,მაგრამ ამ ლექსის შექმნას რომ რეალური საფუძველი არ ჰქონოდა და რეალური მუზა არ ჰყოლოდა(,,ეს მისთვის ავაგე,ეს მისთვის მინდოდა”),ასე მიმზიდველი და დასამახსოვრებელიც აღარ იქნებოდა.ფაქტებისა და მოვლენების ლექსში აღწერა და აღნუსხვა კი არაა პოეზია,ამ მოვლენებით გამოწვეული ემოციის მხატვრული ხორცშესახმაა.

ამ ლექსში არ ჩანს კონკრეტული და ხელშესახები დეტალი,რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა პოეტის ბიოგრაფიასთან პარალელის გავლება და ეს არცაა საჭირო,თუმცა,თურმე საინტერესო ისტორია აქვს ამ ლექსის შექმნას და ამაზე გვიყვება ვახტანგ ჭელიძე ალექსანდრე საჯაიასადმი მიძღვნილ წერილში.

ისინი ერთ ფაკულტეტზე სწავლობდნენ და განუყრელი მეგობრები იყვნენ.წერდნენ,თარგმნიდნენ,მსოფლიო ლიტერატურას კითხულობდნენ,ოცნებობდნენ რაღაც დიდისა და ახლის შექმნაზე და აი,ერთხელაც წაიკითხეს ინგლისურ ლიტერატურაში ცნობილი ,,ტბის სკოლის” პოეტების შესახებ,გაეცნენ მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას:სამმა ინგლისელმა ახალგაზრდა პოეტმა_კოლრიჯმა,უორდსუორთმა და სოუთიმ_რომლებსაც მსგავსი ინტერესები და შეხედულებები აღმოაჩნდათ,გადაწყვიტეს გარიდებოდნენ ლონდონს,ეცხოვრათ ერთ სახლში და დადეს ფიცი,ებრძოლათ ახალი ლიტერატურული მიმდინარეობის,ახალი სკოლის შექმნისთვის ინგლისურ ლიტერატურაში.დასახლდნენ გარეუბანში,ტბების რაიონში(სახელწოდებაც აქედან მოდის:,,ტბის სკოლა”.ორ მათგანს დები შეუყვარდა და ქვისლებადაც იქცნენ.
ვ.ჭილაძე წერს,სხვა რა გვინდოდა რომანტიკულად განწყობილ ჭაბუკებს,ჩვენც გადავწყვიტეთ, სადმე არაგვის ხეობაში აგვეშენებინა კოშკი და ერთად გვეცხოვრა, ამასობაში ორი ლამაზი დაც იპოვეს-სიყვარულის ობიექტები, გადავწყვიტეთ ცოლად მოგვეყვანა,თუ არ გამოგვყვებოდნენ,მოგვეტაცებინა და გვეცხოვრა და გვემოღვაწევა ერთადო.
ყველა რომანტიკული ოცნება სწორედაც რომ მიუღწევლისკენ სწრაფვაა,მალევე მიხვდნენ ალბათ,რომ ეს ოცნება განუხორციელებელი დარჩებოდათ…და ამ ოცნებისა და რეალობის შეჯახებამ თავი იჩინა ახალგაზრდა ჭაბუკის პოეზიაში.
ერთხელაც,იგონებს ვახტანგ ჭელიძე,პოეზიის საღამოზე,სადაც ალ.საჯაიას პერსი ბიში შელის ორი ლექსის საკუთარი თარგმანი უნდა წაეკითხა პატივცემული ლექტორის,ერეკლე ტატიშვილის დავალებით,ამ ორი ლექსის წაკითხვის შემდეგ ყველასგან და მათ შორის ჩემთვისაც მოულოდნელად გამოაცხადა, ახლა მურის ერთი ლექსის თარგმანსაც წაგიკითხავთო და წაიკითხა ეს საკუთარი ლექსიო.
ვერავინ მიხვდა,მხოლოდ მე მივხვდი და ალბათ ის გოგონა(ერთ-ერთი და) მიხვდებოდა რაც მოხდა,რადგან ისიც ამ დარბაზში იყო და საჯაიამ სწორად მის გასაგონად წაიკითხა ეს ლექსიო.
როგორც ჩვენი წინაპარი იტყოდა, ისევ ,,პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ” და…ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა,რომ ჭეშმარიტი პოეტები,როგორიც ალ.საჯაია იყო, თავიანთ სათქმელს სწორედ ასე,სტრიქონსა და სტრიქონს შორის უნდა გადმოსცემდეს და რაც მასში იკითხება,სწორედ ისაა პოეზია და მკითხველს არც უნდა აინტერესებდეს ლექსის დაწერის რეალური მიზეზი,ან რეალური ადრესატი.

…ყოველივე ამის შემდეგ რომ ნატურალური სიზუსტით აღნუსხულ ვაი-ვიშს გადააწყდება მკითხველი სოციალურ ქსელებში,რომლებიც შედევრებად და გენიალურად არიან სახელდებულნი,ვერ დადგება კარგ განწყობაზე,მაგრამ რას ვიზამთ,ესეც ამ დროის ხარკია.

Related Articles

Back to top button
Close