,,რუსთავი 2 თუ ქვეყანაში არსებულ თემებს ვეღარ გააშუქებს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს თემები აორთქლდება და გაქრება”
ანა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე:
_ როგორც იურისტს, ნამდვილად მქონდა ინტერესი და სურვილი, რომ სასამართლოს ემსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომელიც მის წინაშე მოცემულ დავაში დაისვა და ემსჯელა უფრო სიღრმისეულად, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლების ნაწილში. სადავო საკითხების დიდი ნაწილი სასამართლომ დაუშვებლად სცნო, რუსთავი 2 საერთოდ არ დაინახა როგორც სუბიექტი და მის მიერ დაყენებული საკითხებზე საერთოდ არ იმსჯელა. ეს მისი კომპეტენციაა, გააკეთა ის, რაც ჩათვალა სწორად, ჩვენ ახლა მხოლოდ კომენტირება შეგვიძლია (ცხადია, მხარე გაასაჩივრებს ალბათ).
ამასთან:
– სასაცილოა, მეტიც – დამაზიანებელი იმის ტირაჟირება, რომ სტრასბურგიც მოისყიდა, დააშინა და ა.შ. უნდობლობის გაღვივება ყველა ინსტიტუტის მიმართ და ყოვლისშემძლეობის ტირაჟირება – კიდევ უფრო თრგუნავს მოქალაქეს და არ აძლიერებს არც დასავლურ კურსს არც ზოგადად დემოკრატიას ამ ქვეყანაში.
– ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ რუსთავი 2ის დავა ეროვნულ დონეზე შედგებოდა ორი ნაწილისაგან: რაც ხდებოდა სასამართლო დარბაზში და რაც ხდებოდა მის გარეთ. ვფიქრობ, გადაწყვეტილებაში განსაკუთრებით ეს მეორე კომპონენტი ნაკლებადაა ყურადღებამიქცეული (მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა ღია განცხადებები რუსთავი 2ზე).
– ეროვნულ სასამართლოებში დავის მიმდინარეობის დროს ჩვენ არაერთი გარემოების მომსწრე ვიყავით, რაც ქმნიდა ძალიან დასაბუთებულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება პირდაპირ იყო დაინტერესებული დავის შედეგით და ცდილობდა, გავლენა მოეხდინა მასზე. ეს ფაქტებია. მითქვამს და გავიმეორებ, ძალიან საეჭვოა, რომ ხელისუფლებამ ამ დრომდე არ გამოიძია დამფუძნებლების პრეტენზიები ქიბარ ხალვაშის მისამართით. რუსთავი ორთან მიმართებაში მას ჰქონდა ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი და გამოძიების განზრახ გაჭიანურებაც ამ დღის წესრიგის ნაწილია (თუ არ ვცდები, დამფუძნებლების პრეტენზიების გამოძიების ხანდაზმულობის ვადაც უკვე გავიდა).
– ეს არის კონკრეტულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილება, სასამართლო არ და ვერ იმსჯელებდა ზოგადად მართლმსაჯულების მდგომარეობაზე საქართველოში. შესაბამისად, ყველა დასაბუთებული პრეტენზია ქართული მართლმსაჯულების მიმართ, რომელიც წლებია არსებობს და არსებობდა რუსთავი 2 ის საქმისგან დამოუკიდებლად, რჩება ძალაში. თუ ჯერ კიდევ არ გჯერათ, რა სავალალო დღეშია მართლმსაჯულება – ჩართეთ პირდაპირ ეთერში მოქმედ მოსამართლეებთან ინტერვიუები და დაინახავთ.
– მედია გარემო და კრიტიკული აზრისთვის საარსებო სივრცე საქართველოში პრობლემურია (თუმცა, არის) და ეს ფაქტია. ბევრი გარემოებაა, რაც ამას აჩვენებს, თუნდაც ივანიშვილის გუშინდელი რეპლიკები ჟურნალისტების მისამართით.
– ეს გადაწყვეტილება არ აქარწყლებს იმ მძიმე ვითარებას, რაშიც ვართ: ოკუპაცია, უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური ფონი, ძალაუფლების კონცენტრაცია ყველა დონეზე, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, პოლიტიკური პროცესის ქაოტურობა და დაცლილობა პასუხისმგებლობის, ხედვის და კომპეტენციებისგან, და ა.შ. და ა.შ.
რუსთავი 2 თუ ამ თემებს ვეღარ გააშუქებს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს თემები აორთქლდება და გაქრება.