საინტერესო

რითი ჰგავს ქალაქმუზეუმი ბრიუგე, მცხეთას _ ,,ივერიის გაბრწყინებას კი არ უნდა ვუცადოთ, უნდა დავგეგმოთ”

ფეისბუქმომხმარებელი ზურა ბალანჩივაძე ფეისბუქპოსტს აქვეყნებს და რომელშიც, ბელგიის ქალაქმუზეუმ ბრიუგე -სა და მცხეთას შორის საინტერესო პარალელებს ავლებს და აცხადებს, რომ შეიძლება, მეტად კეთილმოწყობილი, ადაპტირებული და სანახაობრივად დატვირთული იყოს მცხეთის ტერიტორია.

,,ვრცელი პოსტი გამოვიდა, მაგრამ საინტერესო თემაა და გამიხარდება, თუ არ გამოტოვებთ.

ბრიუგე, ან ბრუჟი, ან, როგორც იქაურები ამბობენ, ბრიუჰე. მოკლედ, დაუძახეთ, რაც გნებავთ, მთავარია, რომ აუცილებლად ნახოთ. როდის? ძნელი სათქმელია. არა იმიტომ, რომ კორონამ გამოგვკეტა, არამედ, სულ ბევრი ხალხი ახვევია და დიდი ალბათობით, კორონას მერეც ასე იქნება.

დამთვალიერებლების უმეტესობა ფილმ In Bruges-ის შთაბეჭდილების მერე ჩადის. რა გასაკვირია, რომ მეც მათს რიცხვში აღმოვჩნდი გასულ აგვისტოს. ბრიუგე ქალაქი მუზეუმია, დაახლოებით ისეთი, როგორიც ჩვენი მცხეთა. ყველაზე მეტად მცხეთაზე მეფიქრება, როცა ბელგიის ამ ულამაზეს ქალაქს ვიხსენებ და ახლავე გეტყვით, რატომ:

1. კოშკები და ტაძრები. ბრიუგეში აქვთ ულამაზესი ქონგურებით გაწყობილი ქვის ნაგებობები, უზარმაზარი გოთიკური თაღები, შპილები; ქალაქის მთავარი სამრეკლო 84 მეტრის სიმაღლის, 366-საფეხურიანი ქვის ნაგებობაა, რომელშიც 46 სხვადასხვა ზომის ზარი კიდია. ყველა კუთხიდან გამაოგნებელი ნაგებობაა.

ამასობაში ჩვენ გვაქვს ადრექრისტიანული ჯვრის მონასტერი, ოქროს ხანის სვეტიცხოველი და გვიანდელი შუა საუკუნეების სამთავროს დედათა მონასტერი. ასაკით შედარებით უფრო ძველი ნაგებობები თავიანთი ფასეულობებით, ისტორიული მნიშვნელობით და ლეგენდებით. მცხეთის ისტორიული ძეგლების საკითხი ნაწილობრივ მოგვარებულია და ტაძრებს ექსკურსიები არ აკლია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. რაც შეიძლება, მეტად კეთილმოწყობილი, ადაპტირებული და სანახაობრივად დატვირთული უნდა იყოს ეს ლოკაციები. უნდა შეიძლებოდეს ასვლა გალავნის გარკვეულ მონაკვეთშიც, სამრეკლოშიც. უნდა აჩვენო და მისცე შესაძლებლობა შენიანსაც და უცხოელსაც, მაქსიმალურად ახლოს გაეცნოს ძეგლს. ისე, რომ არც ერთი დაზიანდეს, ცხადია.

2. ბრიუგეს შუა საუკუნეების ქუჩათა ქსელი აქვს, რომელიც არხებად განტოტილ მდინარე რაიეზე ხიდებად გადადის. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას ჩრდილოეთის ვენეცია.

სამდინარო არხების რა მოგახსენოთ, მაგრამ მცხეთაში მტკვრისა და არაგვის შესართავი გვაქვს და ნაპირებზე ავთენტური – ისტორიულთან მიახლოებული ინფრასტრუქტურის ჩადგმა შეიძლება (იუნესკოს რეკომენდაციების დაცვით, ცხადია), რათა მოეწყოს ნავით გასეირნება ორი მდინარის შესართავში. პატარ-პატარა ქვით ნაგები ნაგებობები, რომლებიდანაც ხელით ნაქარგი ხალიჩები იქნება გადმოფენილი, ჩემი აზრით, არაფერს გააფუჭებს.

3. ბრიუგე მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ დაგნგრეულა. იგი შუა საუკუნეების ერთ-ერთი წამყვანი ქალაქი იყო ქსოვილებით ვაჭრობის დარგში და უამრავი ულამაზესი ქვით ნაგები შუა საუკუნეებისგან შემორჩენლი ნაგებობა აქვს. ამ მხრივ მცხეთა აბსოლუტურად განსხვავებულია ისტორიითაც, ურბანული განლაგებითაც და მნიშვნელობითაც.

ჩვენ გვაქვს უამრავჯერ დანგრეული, შეკეთებული, აღდგენილი, მაგრამ მაინც ძველი სახლები. შუა საუკუნეების ქუჩათა დაგეგმარება კი საეჭვოა, შემოგვრჩენოდა, მაგრამ ქალაქში იმდენი ადგილია, ძალიან ბევრი სამეფო სიმბოლიკის დადგმა შეიძლება. თუნდაც, მაგალითად, ერთიანი საქართველოს მონარქთა ქვის ძეგლების მწკრივის, ქართული გერბების გადმოკიდება სვეტიცხოვლის გალავანზე. სხვადასხვა სიმბოლიკით წარსულის ფრაგმენტების გაცოცხლება. რატომაც არა, მცხეთა ქალაქი მუზეუმია და მუზეუმში ასეთი რამეები მოსულა. ძალიან კარგად შეიძლება, შეიფუთოს ის ფაქტი, რომ ერთიანი საქართველოს მეფეები სწორედ ამ ქალაქში ეკურთხებოდნენ.

4. ლეგენდები. ეს თემა გემოვნების საკითხია. ბრიუგეს არხებში მოცურავე თეთრ გედებზე აუცილებლად გეტყვიან, რომ ყველაფერი მე-15 საუკუნეში, იმპერატორ მაქსიმილიანე ავსტრიელის სახელს უკავშირდება. ბრიუგეში იგი ძალიან არ უყვარდათ და ერთხელაც ჩამოსული იმპერატორი, თავის მრჩეველთან ერთად, დაატყვევეს; ცოტა ხნის მერე კი ამ უკანასკნელს თავიც მოკვეთეს. რამდინმე თვეში განთავისუფლებულმა იმპერატორმა ბრიუგე დასაჯა და დაუწესა, ქალაქის არხებსა და ტბებში მყოფი ყველა გედი თავიანთი ხარჯებით შეენახათ. საქმე ის გახლდათ, რომ იმპერატორის თანაშემწე გვარად ლანხლასი იყო, რაც ჰოლანდიურად გრძელკისერას ნიშნავდა, ხოლო მის საგვარეულო გერბზე სწორედ გედი იყო გამოსახული. ასე იძია შური იმპერატორმა მაქსიმილიან ავსტრიელმა ბრიუგეზე და ასე შერჩა ამ ქალაქს ამდენი თეთრი გედი.

მცხეთა ლეგენდების ჩემპიონია: ჯერ ქრისტიანობამდელი მცხეთა თავისი არმაზით, ფარნავაზის სასახლით; შემდეგ პომპეუსის ლაშქრობა და მისი ხიდი (რომელსაც პერიოდულად მტკვარი ფარავს ზაჰესის გამო); შემდეგ ქრისტეს კვართი და სვეტიცხოვლის ლეგენდა; მერე მირიან მეფე და წმინდა ნინო; მერე ვახტანგ გორგასალი – სვეტიცხოველში დაკრძალული პირველი მეფე; მერე არსუკისძე და მისი მოკვეთილი მკლავი; მერე ერეკლე მეორე. ანუ მცხეთის, როგორც არა მხოლოდ ქრისტიანული ქალაქის, არამედ მთელი 2500-წლიანი ისტორიის მქონე ქალაქ-მუზეუმის წარმოჩენა შესაბამისი ფაქტებით. პრაქტიკულად არავინაა (არც მე მათ შორის) ნამყოფი მცხეთის წინარექრისტიანულ ნაწილში, სადაც ძველი სამეფო პალატების, ტაძრის და აბანოს გათხრებია. სწორედ იმ ადგილიდან იწყება მცხეთა და არა სვეტიცხოვლიდან ან ჯვრის მონასტრიდან და ეს ხშირად გვავიწყდება, რადგან იქაურობა რაღაცნაირად დალუქულია და ასე არ შეიძლება.

ასე რომ, გადაივლის ეს კორონაც და ყველაფერი ისევ ამუშავდება. ჩვენ კი წარსულზე მოთქმა და ნათელ მომავალზე ოცნება კი არა, მომავლის დაგეგმვა გვმართებს. ივერიის გაბრწყინებას კი არ უნდა ვუცადოთ, ივერიის გაბრწყინება უნდა დავგეგმოთ.

პ.ს. მე მზად ვარ”

Related Articles

Back to top button
Close