რა უნდა იცოდეთ და როგორ დაიცვათ თავი, როდესაც პოლიციის თანამშრომელი არღვევს თქვენს უფლებებს, გაჩერებთ ქუჩაში, უნებართვოდ შემოდის საცხოვრებელ ბინაში ან სხვა მფლობელობაში. ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გირჩევთ:
ადამიანის პირადი სივრცე, კომუნიკაცია და ხელშეუხებლობა დაცულია კანონით. არავის არა აქვს უფლება ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს ნებართვის (განჩინების) გარეშე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, რაც აგრეთვე, უნდა დაადასტუროს სასამართლომ. გადაუდებელი აუცილებლობაც უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტს, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს შესაბამისი საფუძვლიანი წინაპირობები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გასაჩხრეკ პირთან შესაძლო არსებობისა. სხვა შემთხვევაში თუ არ აღმოგაჩნდათ უკანონო ობიექტი, სასამართლო არ აღიარებს ჩხრეკას კანონიერად. პოლიციის თანამშრომელმა თუ დაუსაბუთებლად, უბრალოდ პოლიციელის მუნდირის გამოყენებით გაგაჩერათ და არ დაიცვა ზემო აღნიშნული წესი, გაგჩხრიკათ, შეგაყოვნათ, ე.ი მან კანონი უხეშად დაარღვია და შეგიძლიათ გენისპექციაში მის წინააღმდეგ შეიტანოთ საჩივარი.
პოლიციის თანამშრომელს ასევე უფლება არა აქვთ უსაფუძვლოდ გაგაჩეროთ და გადაგიყვანოთ განყოფილებაში, მითუმეტეს მოახდინოს ფსიქოლოგიური ზეწოლა ინფორმაციის მიღების თუ სხვა მიზნით.
✅ მსგავსი წესი მოქმედებს საცხოვრებელ სახლში/ბინაში და სხვა მფლობელობაში (ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონება, ავტომანქანა და სხვა) ჩხრეკის ჩატარების დროს. თუ უძრავი ქონების მფლობელი, ავტომანქანის და სხვა ქონების მფლობელი არ არის თანახმა ჩატარდეს ჩხრეკა, მაშინ, აუცილებელია სასამართლოს ნებართვა ან გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთება და ჩხრეკის კანონიერად აღიარება სასამართლოს მიერ. სხვა შემთხვევაში არც პოლიციის თანამშრომელს და არც არავის არა აქვს უფლება უბრალოდაც კი შემოვიდეს თქვენს მფლობელობაში თქვენი თანხმობის გარეშე. მითუმეტეს თუ შემოვიდა პოლიციელი, დაათვალიერა, ხელით შეეხო და გადასინჯა ნივთები, მან უხეშად დაარღვია კანონი.
✅ რჩევის სახით მოგახსენებთ შემდეგს: თუ თქვენ მოსთხოვთ პოლიციის თანამშრომელს, რომ წარმოგიდგინოთ სასამართლოს განჩინება, მაგრამ ვერ წარმოგიდგინათ, შეგიძლიათ უარი უთხრათ როგორც პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე, ასევე არ შეუშვათ მფლობელობაში. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის თანამშრომელი გეუბნებათ, რომ არის გადაუდებელი აუცილებლობა, მაშინ განუმარტეთ რომ თქვენ აუცილებლად მოითხოვთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩხრეკის კანონიერად აღიარების შესახებ. თუ ამდაგვარად დაიცავთ თქვენს უფლებებს, პოლიციის თანამშრომელი ვეღარ გაბედავს მხოლოდ პოლიციელის მუნდირის გამოყენებით თქვენი უფლებების დარღვევას, რასაც ხშირად ააქვს ხოლმე ადგილი. როგორც ავღშნიშნე, გადაუდებელ აუცილებლობას გააჩნია გარკვეული სტანდარტი და წინაპირობა, მისი გადაუდებელ აუცილებლობად მიჩნევისათვის. თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ დასაბუთდა სასამართლო არ აღიარებს კანონიერად ჩხრეკას.
✅ თუ მოხდა ისე, რომ დაგაკავეს, დაკავებისთანავე შეგიძლიათ მოითხოვოთ ადვოკატი, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. თუ ეცადნენ ზეწოლის მოხდენას და დაშინებას იყავით კატეგორიულები და ადვოკატის მოსვლამდე ხელს ნუ მოაწერთ დოკუმენტს, თუ არ იქნებით მის შინაარსში დარწმუნებული
იცოდეთ კანონი და იქნებით დაცული.