საზოგადოება

,,ივანიშვილს ნამდვილი მეგობრები არ ჰყავს, თორემ ურჩევდნენ, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის”

,,თეთრები”-ს ლიდერმა, თეიმურაზ შაშიაშვილა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

“მართლაც გენიალური პიროვნება იყო ამერიკის პრეზიდენტი, ფრანკლინ რუზველტი, რომელმაც კატეგორიულ ტონში ჩამოაყალიბა და ფორმულის სახე მისცა სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებულ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს: რუზველტის აზრით, წარმატებული ბიზნესმენი ვერ იქნება კარგი სახელმწიფო მოღვაწე, რადგან მისი ინტერესი ყოველთვის იქნება ჯიბე და არა ხალხი. … …

მეორე ნაწილი არ მომყავს, რომ ბატონი ივანიშვილის მომხრეებმა ეს მის საწინააღმდეგო გამონათქვამად არ მიიღონ. ვადასტურებ ჩემსავე პოზიციას: ბატონი ივანიშვილი შეიძლება არის წარმატებული ბიზნესმენი, მაგრამ აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელია პოლიტიკაში, დარტყმას აყენებს საკუთარ თავსაც და რაც მთავარია, ქვეყანას, მის პრესტიჟს და მის მომავალს.

ეტყობა, ბ-ნ ივანიშვილს მეგობრებიც არ ჰყავს, უფრო სწორად, ჰყავს მისი ფულის მეგობრები, მაგრამ არა სულიერი. ვინც მის ფულთან მეგობრობდა, ყველა მის პოლიტიკურ მტრად იქცა. მას რომ ნამდვილი სულიერი მეგობრები ჰყავდეს, ურჩევდნენ, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის. რომ არ შეიძლება ქვეყნის მართვა ბანკირის ფსიქოლოგიით.

უშუალოდ მის განცხადებასთან დაკავშირებით: საშიშ გამონათქვამს შეიცავს. უშვებს, 2020 წელს  მისი პარტიის სრულ გამარჯვებას.

ჯერ ერთი აშკარაა, რომ ივანიშვილი ვერასდროს ვერ სცდება საკუთარი პარტიის ფარგლებს, ვერ ყალიბდება საქვეყნო კატეგორიებით მოაზროვნედ.  ის  ისევ ჩაკეტილია თავის პარტიაში. ელემენტარულად არ ცნობიერდება, თუ როგორ ჩიხში შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა, რომ „ნაციონალური მოძრაობისადმი“ მტრულად განწყობილთა დიდ ნაწილსაც კი სააკაშვილი მოანატრა. ამაზე უარესი რა უნდა გაუკეთო შენ ქვეყანას! რომ შენი მოღვაწეობით არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში სააკაშვილი მოანატრო ხალხს?!

ხელისუფლების სისუსტეა თუნდაც ის განცხადებები, რაც  კეთდება  რუსეთიდან (ცალკე არ მინდა შევეხო რუსეთის პოზიციასა და ლავროვის განცხადებას,) და  აზერბაიჯანის საგარეო სამინისტროს განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით,  ეს ყველაფერი არის ხელისუფლების სისუსტე. ხელისუფლების სისუსტეა, რომ ჩვენი ქმედებებითა და გამოთქმებით ვაღიზიანებთ ყველას, თანამგრძნობი არც ერთი მეზობელი აღარ დაგვრჩა, და ტრადიციულად კავკასიის შემკვრელი საქართველო, სახელისუფლებო პოლიტიკისა და დიპლომატიის არქონის გამო, კავკასიაში დაპირისპირების მაპროვოცირებელის   ფუნქციას უფრო ასრულებს, ვიდრე გამაერთიანებელის.

აშკარაა ისიც, რომ ასეთ სიტუაციაში,  „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ გაყალბებით შეუძლია გამარჯვება. ეს გამარჯვება კი არა, ამ პარტიის დასამარება და ქვეყნის სამოქალაქო დაპირისპირებაში შეყვანა იქნება.

მის განცხადებაში ყველაზე საშინელია პოზიცია : ყველა ერთის წინააღმდეგ. ანუ, ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ერთისა. ასეთი განცხადებებით შევარდნაძემ ქვეყანა ვარდების რევოლუციამდე მიიყვანა. პოლარიზაციის ეს სისტემა აწყობს სააკაშვილს, რომელმაც კარგად იცის, რომ ყველა, ვინც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგია, შემოიკრიბოს თავის ირგვლივ, და ეს სერიოზული ძალა იქნება. ეს გამოთქმა სააკაშვილისთვის არის „გამაცოცხლებელი“ გამოთქმა, ქვეყნისთვის დამანგრეველი, ისევ დგება საკითხი ან ოცნება და მისი სატელიტები, ან სააკაშვილი და მისი სატელიტები. ეს გამოთქმა შეურაცხმყოფელია ყველა პარტიისთვის და „ქართული ოცნების“ სატელიტად წარმოადგენს ხალხის თვალში. შევარდნაძის შექმნილი, ივანიშვილის დაფინანსებული სააკაშვილი, ივანიშვილისთვისაა საშიში. ისინი ერთნაირები არიან – ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულნი. ძლიერ პოლიტიკოსს არც ივანიშვილის შეეშინდება და არც სააკაშვილის, არც მათთან თანამშრომლობის. რადგან ერთიც სუსტია და მეორეც. ისინი ერთმანეთისადმი ასეთი დაპირისპირებითა და მტრული განწყობით ქმნიან და აძლიერებენ ერთმანეთს. არ იქნება სააკაშვილი – არ იქნება ივანიშვილი და პირიქით, არ იქნება ივანიშვილი, არ იქნება არც სააკაშვილი. ძლიერი პოლიტიკოსი ქვეყნის ორთავესაგან განთავისუფლებაზე იფიქრებს.

რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, ის აქამდეც უნდა ყოფილიყო შექმნილი. პარლამენტში ვინ რამდენი პროცენტითაც არის, იმდენი პროცენტით უდა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.

ჩვენ აქამდე გვღუპავდა სწორედ ის, რომ პარლამენტში გამარჯვებული ნიშნავდა მის მიერ სრულად აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებას.

ეს კომენტარი გავაკეთე. მაგრამ მომავალში შევეცდები, ნაკლებად ვისაუბრო „ოცნებასა“ და „ნაციონალურ  მოძრაობაზე“ . დღეს მთავარია გათითოკაცებული მორალური ადამიანების შეკვრა,  ვეყნისთვის საშიშრად გაჩუმებული ინტელიგენციისთვის სიმართის თქმა და ოცნება იმაზე, ქვეყანას ერთი მართალი ტელევიზია მაინც ჰყავდეს, რომელიც მოემსახურება ხალხს და არა ხელისუფლებას ან ოპოზიციას. რომელიც ყველას მისცემს საშუალებას ხალხს უთხრან თავისი სათქმელი, რომ არჩევნებისთვის  ხალხს ჰქონდეს რეალობასთან მიახლოებული ინფორმაცია მაინც, ვინ-ვინაა და ვინ რა ღირს პოლიტიკაში.

დღეს რეალურად გვაქვს უზნეო უმცირესობის ბატონობა ზნეობრივ უმრავლესობაზე. ქვეყანას ათწლეულებია, რეალურად მართავს პოლიტიკური მაფია, რომელიც სიყალბეში გვაცხოვრებს.”

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close