ქართულ-ებრაული
ვინ არის ებრაელი დიპლომატი, რომელმაც სოხუმში ქუჩებს ქართული სახელები დაუბრუნა
სექტემბრის ბოლო დღეები საქართველოსთვის მეტად ტრაგიკული პერიოდია. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა – ენით უთქმელი ტკივილი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღესაც არ განელებულა. ამიტომ, ქართულ–ებრაული რუბრიკისათვის განსაკუთრებული რესპოდენტი შევარჩიეთ, გულანთებული პატრიოტი სოხუმისა და საქართველოსი, დიდი საქმეების ავტორი და ინიციატორი, კაცი, რომელიც სოხუმის ებრაული თემის შვილია და რომელსაც წამით არ განელებია თავისი კუთხის სიყვარული და მონატრება, ზრუნვა და მცდელობა არ დაუკლია ქართულ–აფხაზური კონფლიქტის თვისობრივად განსხვავებულ განზომილებაში გადასაყვანად. კაცი, რომელიც თავადაა საერთაშორისო დიდი დიპლომატიის წარმომადგენელი და მთელს თავის ძალისხმევას არ იშურებს უკეთესი მომავლისათვის – პოლიტიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ, სამეცნიერო–კვლევით ასპარეზებზე, რადგან მისი გული სოხუმის მიწასთან მუდმივადაა მიბმული არა მარტო იმიტომ, რომ ის სოხუმელია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას საქართველო და ისრაელი უყვარს, არამედ იმიტომაც, რომ სოხუმის მიწას მან ყველაზე ძვირფასი განძი მიაბარა – განძი, რომელიც მუდმივად ანდამატივით იზიდავს მის ოჯახს და რომელზეც თავად გიამბობთ..
დიდი ადამიანია იაკობ ოფირი (ეფრემაშვილი), მაგრამ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა საკუთარი ნახელქმნარის თხრობისას, სხვებისგან უფრო მეტი მსმენია მასზე, ვიდრე თავად მიამბო. უსათუოდ უნდა მოგიყვეთ მის შესახებ, რადგანაც სწორედ ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ქართულ–ებრაული მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ხიდები. მაშ ასე, დღევანდელი ჩვენი სტუმარია ბატონი იაკობ ოფირი – ისტორიის დოქტორი, მკვლევარი, მეცნიერი, დიპლომატი, საუკეთესო ოჯახის თავკაცი, ისრაელისთვის და საქართველოსთვის საამაყო შვილების მამა და აღმზრდელი. მრავალთაგან მსმენია, რომ სოხუმის ებრაული თემი საკმაოდ ძლიერი იყო – ბევრისათვის ხელის გამმართავი. ჰოდა, ჩვენთვის საინტერესო კითხვებით მივმართეთ ბატონ იაკობს რუბრიკის სახელით, რაზედაც მან თავაზიანად და ფრიად საინტერესოდ გვიპასუხა და გარკვეულწილად დაგვიხატა სურათი, თუ როგორ ცხოვრობდა სოხუმში ებრაული თემი, რა ურთიერთობები ჰქონდათ ერთმანეთთან, საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების ებრაელებთან და რაც მთავარია, როგორი სიყვარულიანი იყო ქართულ–ებრაული მეგობრობა, რაფინირებული, ამაღლებული სწორედ ისეთი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს იმ მონატრებას, რაც მას და სხვა სოხუმელებს დღემდე გააჩნიათ.
– ბატონო იაკობ, გვიამბეთ სოხუმის ებრაული თემის შესახებ. როგორ ცხოვრობდით, როგორი ურთიერთობები გქონდათ?
– მოგესალმებით ქალბატონო ირინა თქვენ და თქვენი რუბრიკის ყველა რესპოდენტსა და მკითხველს. აფხაზეთი, სოხუმი, ეს ყველა ჩვენთაგანისათვის მტკივნეული საკითხია. შევეცდები მაქსიმალური ობიექტურობით მოგითხროთ ამ თვალწარმტაცი კუთხის ცხოვრების რიტმზე 1972 წლის გადმოსახედიდან, რადგან სწორედ ამ წელს ავედი ისრაელში. საბჭოთა კავშირის რივიერა გახლდათ აფხაზეთი, სოხუმი კი მისი მარგალიტი. მწვანეში ჩაფლული ქალაქი, პალმებითა და მაგნოლიებით დახუნძული ქუჩები, ვარდის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებდა დამსვენებელზე. ზაფხულის თვეებში სოხუმის მოსახლეობა 4-ჯერ და მეტად მატულობდა, მაგრამ ღმერთიდან დალოცვილ ამ მხარეში არაფრის ნაკლებობა არ იყო. ახლაც თვალწინ მიდგას ჩვენი სანაპირო – ბავშვები, მოზარდები, ხანში შესულები სოხუმის კაფეებსა და პარკებში – სოხუმელთა „პარლამენტი“, რომელიც სხვადასხვა პროფესიების პენსიონერებისგან შედგებოდა და სადაც ათასნაირი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემა „განიხილებოდა“, საღამოსთვის კი მიუხედავად ცხარე პოლემიკისა, კომპრომისი უკვე მიღწეული იყო და ნარდის, დომინოსა და შახმატის თამაშით გრძელდებოდა სოხუმური კოლორიტული ცხოვრება. სწორედ ამ გარემოში გავატარე ჩემი ბავშვობის და სიყმაწვილის პერიოდი. სოხუმში იყო საკმაოდ ძლიერი და მრავალრიცხოვანი ებრაული თემი და იგი შედგებოდა როგორც სეფარადების (აზიელი ებრ.),ასევე – აშკენაზებისაგან (ევროპელი ებრ.). 60-იან წლებში სოხუმში ბევრი ებრაული ოჯახი ჩამოვიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან – სენაკიდან, სუჯუნიდან, საჩხერედან, კულაშიდან… თავდაპირველად მათ დახმარებას ადგილობრივები უწევდნენ. 2-3 წელიწადში კი ეს ოჯახები ფეხზე დგებოდნენ ნათესავებისა თუ თემის სხვა წევრების დახმარებით, ებმებოდნენ ცხოვრების სოხუმურ რიტმში და ცოტა ხანში თვითონ ეხმარებოდნენ სხვა ახლად ჩამოსულებს. ქალაქში არ ცხოვრობდა არცერთი ხელმოკლე ებრაელი. საქართველოს ებრაელობა ავანგარდულ როლს ასრულებდა საბჭოთა კავშირის მთელს ებრაელობაში – რწმენის, კანონებისა და ტრადიციების დაცვაში. ზემოთ მოგახსენეთ, თუ რაოდენ სანატრელი იყო დასასვენებლად აქ ჩამოსვლა. მაგრამ სოხუმისკენ კიდე ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბისთვის მოეშურებოდნენ. მაშინ ხდებოდა ხოლმე ისე, რომ ზოგჯერ ებრაელ კაცს წესისამებრ ჩვილობაში არ უტარდებოდა წინდაცვეთა. რას ვიზამთ, კომუნიზმის დროს ყველა ქვეყანაში არ იყო შესაძლებელი ჩვენი წესების განუხრელად დაცვა. და, აი, ბევრი ასაკოვანი მამაკაცი ჩვენთან ჩამოდიოდა თავიანთი მშობლების მიერ დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად. ხშირ შემთხვევაში ისინი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ და სოხუმში „დასასვენელად“ ჩამოსულები მთელს შვებულებას ესოდენ რთული
ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას ანდომებდნენ. სოხუმის მთავარი რაბინი, ხახამ შლომო ბოთერაშვილი, ფრიად განსწავლული პიროვნება გახლდათ და კარგადაც ფლობდა ხანშიშესული მამაკაცების წინდაცვეთის ხელოვნებას. მაგრამ მოგეხსენებათ ასაკში შესული ადამიანისთვის ეს საკმაოდ ტრავმული ოპერაციული ჩარევაა და გამომჯობინება დიდ დროს მოითხოვს. სალოცავის წინ ცხოვრობდა აბრამ მანაშეროვის ოჯახი, სადაც აღესრულებოდა ეს რელიგიური რიტუალი და ეს ოჯახი, არაჩვეულებრივი დიასახლისის, სარას მეშვეობით მასპინძლობდა მათ, სრულიად უსასყიდლოდ. სრული გამოჯანმრთელება არანაკლებ 3-4 კვირას მოიცავდა. სტალინის და ხრუშოვის პეროდში ეს საკმაოდ საშიში იყო, მაგრამ ისინი ამას არ უშინდებოდნენ, დამეთანხმებით – ეს მაშინ გმირობის ტოლფასი იყო. სალოცავი იყო ცენტრი ებრაული თემის ყოფის, მაგრამ ისინი არავითარ შემთხვევაში არ ეწეოდნენ ჩაკეტილ ცხოვრებას. პირიქით, იყო როგორც მეგობრული, ასევე საქმიანი კავშირები, რომლითაც ბევრი სასიკეთო საქმე კეთდებოდა. სოხუმი გამოირჩეოდა თავისი ტოლერანტული ურთიერთობით და ებრაელები აქტიურ როლს ასრულებდნენ ამ საქმეში.
– ბატონო იაკობ, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს შესახებ…
_ დავიბადე სოხუმში, 1963 წელს დავამთავრე მე-11 საშუალო სკოლა, რომელიც ქალაქში გამოირჩეოდა არა მხოლოდ მაღალი აკადემიურობით, არამედ წარმატებებული სახელოვნებო და სპორტული ცხოვრებით. 1968 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკა-ტელემექანიკის ფაკულტეტი, ელექტრომანქანების და აპარატების სპეცილობით და მუშობა დავიწყე ლენინგრადის „ელექტროსილას“ ქარხანაში. 1968 წელი იყო, დაიწყო მცირე რეპატრიაცია ისრაელში, მე დავტოვე ლენინგრადი, რადგანაც იქიდან შეუძლებელი იყო ისრაელში ასვლაზე ფიქრიც კი. დავბრუნდი სოხუმში, სადაც დავიწყე სამსახური ქალაქის საბჭოში, საბინაო-კომუნალური სამმართველოს უფროს ინჟინრად. ამ პერიოდში გარკვეულწილად უკვე გვქონდა მზადება წმინდა მიწაზე ამოსვლისათვის. 1971 წლის მიწურულს ჩემი ერთი ვაჟი, ბორისი მძიმე სენით დაავადდა, დიაგნოზი – ლეიკემია. ამან დააჩქარა საბუთების შეტანა ოვირში. მთელი ქალაქი ცდილობდა რაც შეიძლება ჩქარა მიმეღო ამოსვლისთვის საჭირო ვიზები, რადგან ყველამ იცოდა ჩვენი განსაცდელის შესახებ. ყველაფერს ვაკეთებდით ბავშვის გადასარჩენად.
1972 წლის 20 ივნისი იყო, ოვირის მაშინდელმა უფროსმა, ჟენია სანგულიამ, დამირეკა და მახარა, რომ ჩემი ოჯახისათვის მოწვევები დილით უკვე მოვიდა, ეს იმ დროისათვის საკმაო სიმამაცე იყო მისი მხრიდან. გაჩნდა იმედი ბავშვის ისრაელში მკურნალობისა, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, იმ ღამით ჩვენი ბორისი გარდაიცვალა. ბევრი ვეცადე მისი ნეშტი წმინდა მიწაზე გადმომესვენებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. მაშინ ისრაელის ინტერესებს ნიდერლანდების საელჩო იცავდა საბჭოთა კავშირში. იძულებული ვიყავით ჩვენი შვილი დაგვეტვებინა სოხუმის მიწაში და ისე ავსულიყავით ისრაელში. ასე მივაბარე ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი სხეულის ნაწილი სოხუმს და ამიტომაა ჩემთვის იგი დიდი სიწმინდის დამტევი. ამ ტრაგედიით განადგურებულები ამოვედით ისრაელში და როგორც ყველა რეპატრიანტმა – დავიწყეთ ჩვენი ახალი ცხოვრების შექმნა. საკმაოდ ძნელი იყო ულპანები – ენის სწავლება, სამსახურის ძებნა და ა.შ. ჯერ საავიაციო ქარხანაში მიმიღეს, ძალიან დიდი დრო დასჭირდა ჩემს შემოწმებას შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან. 73 წლის 5 ოქტომბერს მივიღე დადებითი პასუხი. მეორე დღეს კი ქიფურის დღესასწაულზე დაიწყო ომი ეგვიპტისა და სირიის არმიების შეტევით. როგორც ქვეყნის მოქალაქეს შეშვენის – მივედი ქალაქის კომენდატთან და ვთხოვე – ფრონტზე გავეგზავნე. პასუხი: „ჩვენ საზარბაზნე ხორცი არ გვჭირდება, მაგრამ კარგი იქნება თუ შენ შეცვლი პურის დამრიგებელს ან სხვა საჭირო ადგილზე მომუშავეს, რომელიც ფრონტზე წავიდა. ჩვენ არ გვინდა მოსახლეობას შეექმნეს პრობლემები სურსათის ან სხვა საჭიროების მხრივ“. ორ დღეში გამომიძახეს და მთხოვეს დამეწყო მუშაობა ერთ-ერთ სამხედრო ქარხანაში ჩემი სპეციალობის მიხედვით. ერთი თვის შემდეგ დავიწყე მუშაობა საავიაციო ქარხანაში. დეკემბერში გამიწვიეს ჯარში, სადაც ჩვენ, რეპატრიანტები გავდიოდით დაჩქარებულ მზადებას სპეციალური შემოკლებული პროგრამით. 1992 წ. მიწურულს შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ 4 წლის განმავლობაში დავინიშნე „სოხნუთის“ – მსოფლიო ებრაული სააგენტოს, წარმომადგენლად საქართველოსა და სომხეთში. და აი, მე, 20 წლის სრული ვაკუუმის შემდეგ, დავდგი ფეხი საქართველოს მიწაზე. ეს იყო საშინელი პერიოდი, ტანკები ქუჩებში, გადამწვარი თბილისი, კომენდატის საათი. აი, ასე გავატარეთ მე და ჩემმა მეუღლემ, მაგულიმ, ეს წლები, 1996 წლის ბოლომდე. შემდეგ ისევ დავბრუნდი ჩემს ქარხანაში ისრაელში. 1998 წ. დავიცავი დისერტაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში. იმავე წელს დამნიშნეს ამერიკის ებრაელთა ორგანიზაციის – „ჯოინტის“ ხელმძღვანელად კავკასიაში და სამხრეთ რუსეთში, ოფისი გვქონდა თბილისსა და როსტოვში. „ჯოინტის“ საქმიანობის სფეროში შედის ჰუმანიტარული დახმარება, უფასო სასადილოები, უფასო სამედიცინო დახმარება, წამლები, დავდრომილთა პატრონაჟო და ბევრი სხვა რამ. და ამ მხრივ მაქსიმალურად გავშალეთ საქმიანობა საქართველოში. ძალიან მჭერმეტყველურად ბრძანა, ჩვენი დროის უდიდესმა პიროვნებამ, აწ განსვენებულმა ჯემალ აჯიაშვილმა, როდესაც დავამთავრე ჯოინტში მუშაობა და მომიწყვეს გაცილება: „ბ-ნმა იაკობმა ოფირმა სოხნუთში მუშაობის დროს ებრაელები წაიყვანა იერუსალიმში, ჯოინტში მუშაობის დროს კი – იერუსალიმი ჩამოუტანა ებრაელებს აქ – საქართველოში“ – მისი სიტყვა არასოდეს დამავიწყდება. „ჯოინტში“ მუშობის ვადის ამოწურვის შემდეგ, თემის მთავარი რაბინის, ხახამ რაფაელ ელაშვილის და სხვა პიროვნებების თხოვნით, შევუდექი საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ჩამოყალიბებას. ორი წლის განმავლობაში ვიყავი კონგრესის გენერალური დირექტორი და შემიძლია გითხრათ, რომ მირილაშვილების, კერძოდ კი, უფროსი მიშიკოს, ხელმძღვანელობით, თემისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. 2004 წლიდან ხელი მივყავი სამეცნიერო საქმიანობას – დავიწყე ჩემს მიერ მოპოვებული ასობით დოკუმენტის დამუშავება. პარალელურად ვეწეოდი ბიზნეს საქმიანობასაც, რადგანაც ამ დღემდე რაც ვაკეთე, მხოლოდ საკუთარი სახსრებით და საქმე–საკეთებელი პატარა თანხებს არ მოითხოვდა.
2014 წლის ოქტომბერში, თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში ჩავატარეთ, 3 დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – აკადემიის წევრ-კორეპოდენტის, პროფესორ გურამ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, თემაზე: კავკასიისა და შუა აზიის ებრაელთა ისტორია. თუ ღმერთი შეგვეწევა, ამა წლის აპრილისათვის, ბარილანის უნივერსტიტეტის დაჰანის ცენტრში დაგეგმილი გვაქვს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემით – საქართველოს ებრაელთა ისტორიისა და ყოფის შესახებ. ყველა სამეცნიერო–კვლევითი მასალა მზადაა, საორგანიზაციო მზაობა კი ფინანსურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ჩემი მეგობარი თემურ იაკობაშვილის გამოთქმა გამახსენდა უნებურად – „ფულის მეტი რა გვაკლიაო“. ეს ხუმრობით, რეალურად კი საქართველოდან 7–8 მეცნიერის მიწვევისა და მასპინძლობისათვის საჭირო სახსრების გამოყოფისთვის მზაობა აშდოდის ვიცე მერმა, ბატონმა მოშე ბოთერაშვილმა და კირიათ იამის ვიცე მერმა – მიხაილ (მორდი) ფიზიცკიმ გამოთქვეს. მე მათ წინასწარ ვუხდი მადლობას ამისთვის, რადგან ასე შესაძლებელი გახდება დავამუშავოთ და სინათლეზე გამოვიტანოთ ის უდიდესი ისტორიული ფაქტები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით დაწერეს. დღემდე ეს მასალები არქივების სარდაფებშია მომწყვდეული. 2015 წელს ჩამოვაყალიბე „საქართველოს ებრაელთა ისტორიის და ყოფის აღნუსხვის სამეცნიერო საკვლევი ინსტიტუტი“, რომელიც ცდილობს შეასრულოს ეს საისტორიო მისია.
–ბატონო იაკობ, უამბეთ ჩვენს მკითხველს სოხუმთან დაკავშირებული რაიმე ლამაზი მოგონება, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.
_ ლამაზი ისტორიისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მოგიყვებით ერთ საკმაოდ დამაფიქრებელ ამბავს. 1995 წლის მიწურულს, მაშინ, როდესაც ისტორიის ავბედითობის გამო, აფხაზეთი უკვე კარგა ხნის ოკუპირებული იყო, ოცნება ავისრულე და ჩვენი უდიდესი დღესასწაულის –„ხანუქის“
მეხუთე სანთელი სოხუმის სინაგოგაში ავანთე. მაშინ სოხნუთის ოფიციალური ვიზიტით ვეწვიეთ სოხუმს. რა თქმა უნდა, ყოველი წუთი და ნაბიჯი განსაკუთრებული ემოციის მატარებელი იყო. პირველად შვილის საფლავი მოვინახულე, 20 წლის განმავლობაში არ მქონია ამის გაკეთების შესაძლებლობა – მთელი ეს პერიოდი ჩემი შვილი სოხუმთან ერთად მტკიოდა. დღესაც, ჩემი მეუღლის და შვილების ოცნებაა, ვეწვიოთ სოხუმს და მივხედოთ ჩვენს საფლავებს. როდესაც ქალაქის ქუჩებში გადავვადგილდებოდით, მე ავტომატურად ვამბობდი, ეს ორჯონიკიძის, ჭავჭავაძის, ცხაკაიას და ა.შ. ქუჩებია, ჩვენი ოფიციალურად გვყავდა მომაგრებული 4 მცველი. ისინი თვალებით გვჭამდნენ და მისწორებდნენ – ეს სხვა, აფხაზური გვარების მატარებელი ქუჩებიაო. რა თქმა უნდა, მათ შენიშვნებს აინუნში არ ვაგდებდი და კვლავ ვაგრძელებდი ძველი სოხუმური ქუჩების გახსენებას. შემდეგ შეხვედრა მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან. მან დიდი სიამაყით მიამბო ომის „თავგადასავალი“, თუ როგორ მიაღწიეს სასურველ შედეგს და როდესაც საკმაოდ გაერთო თავის მოწონებით, თუ როგორ აწარმოებდნენ განმანთავისუფლებელ ომს, მე მივუბრუნდი და გარეგნული სიმშვიდით მოვახსენე:
„ ბ-ნო მინისტრო, მე სოხუმელი ვარ, ჩემს პერიოდში აფხაზეთი იფურჩქნებოდა, მაშინ მაქსიმუმ 70-80 ათასი აფხაზი ცხოვრობდა აქ. ახლა, ალბათ 40 ათასიც არაა – თქვენი მოსახლეობა განახევრდა. მე ისრაელის მოქალაქე ვარ. მე – 20 – საუკუნეში ყველაზე მეტი ომი მთელს მსოფლიოში ისრაელს ქონდა, ყველა ომში გამარჯვება ჩვენს მხარეზე იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დამარცხებული ვიყავით, ვინაიდან ომში ნადგურდება ეკონომიკა, ქვეყნის განვითარების ტემპი ნელდება და რაც მთავარია იღუპება ახალგაზრდები. პოლიტიკა ვერაგი და ცვალებადია. დღეს რუსეთი თქვენთანაა, ხვალ მან გეზი რომ შეცვალოს და მხარი აღარ დაგიჭიროთ, მაშინ რას გააკეთებთ?..“. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ე.წ. მინისტრმა მიპასუხა: „ თქვენ მართალი ბრძანდებით, მაგრამ თუ ჩვენ აფხაზეთის ლიდერები დავიწყებთ მშვიდობაზე საუბარს, ხალხი ამას არ გვაპატიებს – იმდენად გადავრიეთ ისინი საქართველოს სიძულვილით“. ჩემის აზრით ეს ტრაგიკული ფრაზა მრავლისმეტყველი და დამაფიქრებელია. მე აფხაზეთთან ყოველთვის მჭიდრო კავშირი მქონდა სოხუმის დაცემამდეც და შემდეგაც. იყო რამდენიმე ოპერაცია იქედან ხალხის გამოყვანისა, რომელიც ჯეიმს ბონდის თავგადასავლებს მოგაგონებთ. „ჯოინთში“ მუშაობის დროს ადლერში ვხვდებოდი ხოლმე სოხუმის რაბინს და 2 თემის ლიდერს, გადავცემდი ფულს და ვიბარებდი წინა დახმარების ანგარიშს. სოხნუთში მუშაობის დროს ორჯერ ჩამოვიტანეთ დიდი ჰუმანიტარული დახმარება ისრელიდან. ამის გარდა, პერიოდულად ვეხმარებოდი კვების პროდუქტების საკითხში.
–მეტად საინტერესო რესპოდენტი ბრძანდებით, ბატონო იაკობ, ერთი ინტერვიუში რთულია გესაუბროთ ყველა საინტერესო საკითხზე, თუ შეიძლება ორიოდ სიტყვით გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.
_ რაც შეეხება მომავალ გეგმებს, მინდა რომ ჩემმა, უფრო სწორად ჩვენმა –„ებრაელთა ისტორიის და ყოფის აღნუსხვის სამეცნიერო–საკვლევმა ინსტიტუტმა“ თქვას თავისი ხმამაღალი სიტყვა ამ ბრწყინვალე თემის ისტორიის გამოკვლევაში და იმედი მაქვს ბევრი ახალგაზრდის დაინტერესებისა თავიანთი მამა-პაპის მიერ განლილი ცხოვრების შესწავლით. ამის პარალელურად მე გახლავართ აქტიური მკვლევარი სახელმწიფო უნივერსტიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისრაელის ცენტრისა. ამასთანავე, გვაქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი სამომავლოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსტიტეტთან ერთად. უფლის ხელდასმით, ეს ყოველივე მალე განხორციელდება.
სტატიის ავტორი ირინა ბიბილეიშვილი–იოსებაშვილი