ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო
ადვოკატთა ასოციაცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და სწავლობს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს, რაც უკავშირდება, ერთ-ერთ რეზონანსულ საქმეზე მის მიერ დაზარალებულის ინტერესების დაცვას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცვის უფლება გარანტირებულია და ყველას აქვს უფლება დაიცვას თავისი უფლებები ადვოკატის მეშვეობით. შესაბამისად, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატის მოქმედებები განპირობებულია მისი კლიენტის – ბრალდებულის/დაზარალებულის უფლებების ეფექტიანად დაცვისა და გამოძიების ჯეროვნად წარმართვის ინტერესებით.
კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელებისთვის ადვოკატის პროფესიული თავისუფლება და მის საქმიანობაში ჩაურევლობა უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს. აღნიშნული განმტკიცებულია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით, რომლის მიხედვით – „დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.“
სწორედ, ადვოკატის დამოუკიდებლობისა და მის საქმიანობაში ჩაურევლობის დაცვის მთავარი გარანტიაა საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპი, რომლის მიხედვითაც: „ადვოკატი უნდა სარგებლობდეს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტით ყველა იმ განცხადებასთან მიმართებით, რომლებიც კეთილსინდისიერად (in good faith), წერილობით ან ზეპირი ფორმით გააკეთა სასამართლოს, ტრიბუნალისა და სხვა სამართლებრივი თუ ადმინისტრაციულ ორგანოს წინაშე პროფესიული საქმიანობისას“ („ადვოკატის როლის შესახებ“ გაეროს ძირითადი პრინციპები – მუხლი 20).
აღნიშნული პრინციპი ასევე დაცულია საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით: „ადვოკატს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ განცხადებისათვის, რომელიც მან ზეპირად ან წერილობით წარუდგინა სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე („ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი – მუხლი 38.4).
ადვოკატი, რომელიც მოქმედებს მისი კლიენტის, ამ შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების შესაბამისად, უფლებამოსილია პროფესიული ფუნქციების ჯეროვნად შესრულების ფარგლებში საგამოძიებო ორგანოებს ინფორმაცია წარუდგინოს მის ხელთ აღმოჩენილი ისეთი მასალის თუ გარემოების თაობაზე, რაც შეიძლება მნიშვნელონი იყოს საქმის გამოძიებისათვის. შესაბამისად, უკვე საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება მითითებული გარემოებებისა თუ ფაქტობრივი მასალის უტყუარობისა და რელევანტურობის შემოწმება და აღნიშნულის მტკიცებულების სახით საქმეზე დართვა.
ამასთან, ადვოკატის დამოუკიდებლობა და ადვოკატის საქმიანობაში ჩაურევლობა ეფუძნება პროფესიული საიდუმლოების პრინციპის განუხრელ დაცვას, რაც ასევე გულისხმობს, რომ კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან („ადვოკატთა შესახებ“ კანონი მუხლი 38.7). შესაბამისად, როგორც საგამოძიებო ორგანო, ისე სასამართლო, განსაკუთრებული სიფრთხილით და ჯეროვანი დასაბუთების სტანდარტით უნდა მოეკიდოს ადვოკატის კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაციის მოპოვების საკითხის გადაწყვეტას, რადგანაც ადვოკატის როგორც ტელეფონში, ისე სხვა ელექტრონულ მატარებლებზე შეიძლება ინახებოდეს არაერთი კლიენტის პროფესიული საიდუმლოების შემცველი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ხელშეუხებელია და მისი მტკიცებულებად გამოყენება აკრძალული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ მხარეს, მართლმსაჯულებისა და სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადვოკატის საქმიანობის ფუძებმდებლური პრინციპების (დამოუკიდებლობა, პროფესიული საიდუმლოება) და მათგან გამომდინარე ადვოკატის სამართლებრივი გარანტიების დაცვას, რათა ზედმიწევნით იქნას უზრუნველყოფილი საქართველოს კონსტიტუციით, ეროვნული თუ საერთაშორისო აქტებით დადგენილი ის პრინციპები, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევა.