სამართალი და კრიმინალი

ადვოკატები დისტანციური სასამართლო პროცესების ხარვეზებზე ალაპარაკდნენ

   COVID-19 ით გამოწვეული ცვლილებები და საკარანტინო შეზღუდვების ამპლეტუდა შეეხო სამოქალაქო ურთიერთობის ყველა მიმართულებას, მათ შორის  მართმსაჯულების პროცესსაც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია  და ადვოკატთა კორპუსი იყო ერთ-ერთი ინიციატორი დისტანციური სასამართლო განხილვების დანერგვის, იმ საქმეებზე, სადაც გათვალისწინებულია სპეციალური შემჭიდროვებული ვადები, რათა მოცემულობას  არ  შეეფერხებინა მართლმსაჯულება და ამასთან, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, დაცული ყოფილიყო მხარეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
   თუმცა ამ მცირე პრაქტიკამაც ცხადყო, რომ მსგავსი ტიპის სასამართლო პროცესები მნიშვნელოვნად დასახვეწია. ისმის კრიტიკა, რომ მსგავსი პროცესები უფრო ფიქციაა, ვიდრე რეალურ შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება.  არაერთმხრივ აღინიშნა, რომ პროცესი ფაქტობრივად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონვენციისა და კონსტიტუციის მთავარ პრინციპს – სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ.
    იურიდიული სამსახურის ადვოკატი გიორგი მდინარაძე მიუხედავად იმისა, რომ მიესალმება დისტანციური სხდომების ჩვეულ რეჟიმში დანერგვას, თვლის, რომ დისტანციური სხდომა არ უნდა იყოს სავალდებულო სახის,  არამედ უნდა ჩატარდეს მხარეთა თანხმობის შემთხვევებში, როგორც მხარის არჩევანზე მორგებული ალტერნატივა.
გიორგი მდინარაძე განმარტავს :
„დისტანციურად სხდომის ჩატარების უმთავრესი მინუსი ბრალდებულთან ურთიერთობის პრობლემაა. ზოგჯერ საჭიროა სხდომის მიმდინარეობის დროს გარკვეული საკითხის შეთანხმება ადვოკატის მიერ ბრალდებულთან ან პირიქით (ბრალდებულის შემთხვევაში უფრო დიდი პრობლემაა), რაც დისტანციური სხდომის დროს ფაქტობრივად შეუძლებელია.
არსებითი განხილვის დროს პრობლემებს ქმნის დისტანციურად მოწმის დაკითხვა, იკვეთება ხელის შემშლელი ფაქტორები, ვერ ხერხდება დაკითხვის ეფექტურად ჩატარება, ხშირად არ ისმის ხმა, ან გვიან მიდის. ასევე პრობლემაა მოწმის გამოძიებაში მიცემული ჩვენების ან მისი ნაწილის წაკითხვასთან დაკავშირებით, მასალის ეკრანზე დემონსტრირების საჭიროებაზეც და წერილობითი დოკუმენტების წარდგენაზეც. მიმაჩნია, რომ ნივთიერი მტკიცებულებების დისტანციურად გამოკვლევა კი პრაქტიკულად შეუძლებებლია.”  
 ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაცის პრობლემატურობაზე საუბრობს კერძო პრაქტიკის  ადვოკატი დავით ჭიკაიძეც:

 „ძირითადად გამოვყოფ ორ საკითხს, რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის დისტანციური პროცესების წარმართვის დროს.  ერთ შემთხვევაში ის, რომ ბრალდებულთან კომუნიკაცია ამ ფორმატში არის შეზღუდული და არასრულფასოვანი. მიუხედავად ტექნიკური გამართულობისა, ვერ ხერხდება თუნდაც დამაზუსტებელი კითხვის დასმა და ბრალდების მხარის გამოსვლის პროცესში პარალელურად ბრალდებულთან პოზიციის შეჯერება, ვინაიდან ამისათვის უნდა მოხდეს ფაქტობრივად პროცესის შეჩერება, ბრალდებულსა და ადვოკატს შორის განცალკევებული კომუნიკაციის უზრუნველყოფა და შემდგომ განახლება, რაც შეუძლებელია. მაგალითად: როდესაც ხდება კონკრეტული მოწმის დაკითხვა, აღნიშნული მოწმის ჩვენება რაც არ უნდა კარგად იყოს შეთანხმებული და შესაბამისად გავლილი იყოს ყველა შესაძლო კითხვა რომელიც უნდა დაისვას აღნიშნული მოწმისთვის, შესაძლოა ისეთი ფაქტი დააფიქსიროს მოწმემ რომელზეც მანამდე არ იყო შეთანხმებული დაცვის ადვოკატი ბრალდებულთან. შესაბამისად ამ კითხვის ახალი გარემოების თაობაზე კითხვის დასმის საკითხის შეთანხმება, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რაც ფიზიკურად შეუძლებელია ამ რეალობაში პროგრამის იდეალურად მუშაობის პირობებშიც კი.
მეორე საკითხი – ისევ დაკითხვას ეხება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს კითხვის განრიდების მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, პროგრამულად, ფიზიკურად ვერ ხდება სრულად ამ ყველაფრის უზრუნველყოფა. მანამ სანამ აცილება და პროტესტი იქნება დაყენებული დაცვის თუ ბრალდების მხარის მიერ, შესაძლებელია, უკვე გაცემული იქნას პასუხი, რაც ბუნებრივია, არღვევს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის ინტერესს.“
ადვოკატი დავით ჭიკაიძე ასევე იზიარებს მოსაზრებას ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტლებების ევროსასამართლოში გასაჩივრების მაღალ პოტენციალთან დაკავშირებით-„
 მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ დასახელებული ორივე პრობლემა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას მოიაზრებს. შესაბამისად შესაძლოა აღნიშნულ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები რიგი მიზეზების გამო გახდეს ევროსასამართლოს განხილვის საკითხი. ზუსტად სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიაზრებს, იმას რომ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მისი საქმე იქნეს განხილული ისეთ პირობებში, როდესაც როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე სრულად აფიქსირებს პოზიციებს. მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვა განხორციელდეს ისეთივე პირობებში, როგორც ამას ითვალისწინებს საპროცესო კოდექსი. მთავარი მოწმეების ჩვენებები, რომლებზეც დაფუძნებული უნდა იყოს განაჩენი შესაბამის სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ბუნებრივია ამ მოცემულობაში ეჭვქვეშ დგება ჩვენების სანდოობა, რელევანტურობა და ავთენტურობა. ასე რომ, აღნიშნული მოწმეების დაკითხვა ასეთ ფორმატში წარმოუდგენელია. სისხლის სამართლის პროცესში ყველა მტკიცებულება 72-ე მუხლის მიხედვით უნდა შეფასდეს, საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და ავთენტურობის გათვალისწინებით. ავთენტურია მტკიცებულება, რომლის წარმომავლობაც დასტურდება, და რომლის გამოკვლევაც სასამართლოზე არის შესაძლებელი.
თუნდაც ის, რომ მოწმის მიერ დისტანციური ჩვენების მიცემის დროს, მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს მისგან მომდინარე, არამედ იყოს გარეშე პირების მიერ ნაკარნახები და მიწოდებული, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენების ავთენტურობას.
ასევე პრობლემატურია მოწმის მიერ ჩვენების მიცემა, როდესაც შესაძლოა მასთან ერთად ოთახში იყვნენ სხვა პირები, ვისაც უკვე აქვთ ჩვენება მიცემული სასამართლოში და გამოკითხულები არიან, მაშინ როდესაც საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მოწმეთა განცალკევებას მათ დაკითხვამდე. ეს საკითხებიც დასაზუსტებელია. ასე რომ ავთენტურობის საკითხში ცალსახად ჩნდება კითხვის ნიშნები.“
საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტის შესახებ მსჯელობისას, კერძოდ კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც გულისხმობს  პანდემიის დროს სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარებას, რა დროსაც პროცესში მონაწილე არც ერთ პირს არ ექნება  უფლება უარი განაცხადოს დისტანციურ სხდომაში მონაწილეობაზე დავით ჭიკაიძე განმარტავს: „ შეიძლება ძალიან არ მომწონს ეს ნორმა, თუმცა იმ ფონზე თუ საგანგებო სიტუაცია კვლავ შეიქმნა და პანდემიის დროს რისკები საკმაოდ მაღალი იქნება, 9 თვიანი ვადის დარღვევა სასამართლოს საკმაოდ დიდ დარტყმას მიაყენებს .ასე რომ არ მივესალმები სავალდებულო მონაწილეობას თუმცა არის შემთხვევები რა დროსაც ეს ისევ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე გარდაუვალია. „
 ზოგადად, სისხლის სამართლის მიმართულება და ბრალდებულის დაცვის პროცესი ცოცხალი და დინამიურია, სადაც სწორი და ადეკვატური რეაგირებისთვის აუცილებელია პროცესის მონაწილე ყველა მხარის სრულყოფილი მონაწილეობა და კომუნიკაცია. –  აცხადებს ადვოკატი დავით ჭიკაიძე.
დისტანციური პროცესების პრობლემებზე საუბრობს სამოქალაქო-ადმინისტრაციული მიმართულების  ადვოკატი ნინო გოგოლაძეც:
«რა თქმა უნდა დისტანციური პროცესი სრულფასოვანი არაა ,  პირადად მე პროცესის მსვლელობისას  ნამდვილად არ მქონია აღქმა იმისა, რომ სასამართლოს სხდომის მონაწილე ვიყავი. როცა დარბაზში იმყოფები სხვა პასუხისმგებლობა გაკისრია, სასამართლოსა და მხარის მიმართ. თუნდაც ის ემოცია, რასაც ახსნა-განმრატებისა თუ სხდომის სხვა ეტაპზე განიცდი, დისტანციური პროცესისას არ მქონია. ასევე გექმნება შთაბეჭდილება, რომ  საკუარი მოსაზრების დაფიქსირებაში შეზღუდული ხარ.  ჩემთვის მანტია არის პატივისცემის და ავტორიტეტის სიმბოლო, ეს სიმბოლო თუ ვერ დავინახე და ღვიქვი, რა თქმა უნდა, პროცესი ვერ იქნება სრულფასოვანი.”
აღნიშნული ინტერვიუებიდან აშკარაა, რომ ადვოკატები, მიუხედავად ალტერნატივის არსებობის აუცილებლობის აღიარებისა, არ მიიჩნევენ დისტანციური სასამართლოს არსებულ მოდელს ეფექტურ ალტერნატივად. შესაძლოა, თემიდას სასწორზე დღეს, ერთის მხრივ არის მართლმსაჯულების ფორმალური შესრულების ნიშნული, მეორეს მხრივ კი სამართლიანი სასამართლოს პრინციპი და მოქალაქეთა უფლებების სრულფასოვანი მხარდაჭერა.
ანა ჯალაღონია

დისტანციური სასამართლო პროცესის თემატურ ილისტრაციად გამოყენებულია Tcc.court.ge-ს ფოტო.

Related Articles

Back to top button
Close