რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,აუცილებლად გამოვალთ ქუჩაში და მერიას მოვთხოვთ პასუხს ჩვენი გაუბედურებისთვის’’

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ე.წ ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა. თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ტერიტორიის გასუფთავების შემდეგ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.

 

,,უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციებისგან ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გათავისუფლდა. უახლოეს პერიოდში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აქ გზისა და ტროტუარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს”, – განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა. Euronews.ge იმყოფებოდა ე. წ. ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც მერია გაწმენდით სამუშაოებს ატარებდა და საკუთარი თვალით დაინახა, როგორ უყრიდნენ გარემოვაჭრეებს პროდუქტს, რომელიც გასაყიდად ჰქონდათ გამოტანილი. ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ თავისი ისტორიაც მოგვიყვა: ,,ქუჩაში რომ ვდგავართ და პროდუქტს ვყიდით, ეს ხალხისთვისაც კარგია და ჩვენთვისაც. გარევაჭრობით ჩვენ პურის ფული შეგვაქვს ოჯახში, ხალხი კი იაფად ყიდულობს პროდუქტს, მაგრამ ხელისუფლებას უნდა, ეს ბერკეტიც ხელში ჩაიგდოს. ბაზარში რომ შემოვიდეთ, იქ გადასახადი არის ძვირი და ჩვენც უნდა გავაძვიროთ პროდუქტი. ეს კიდევ ხალხს დააწვება მხრებზე და ,,კლიენტიც“ აღარ გვეყოლება. ხალხს ფული არ აქვს და გაძვირებულ პროდუქტს როგორ იყიდის? სანამ გარე ვაჭრობას დავიწყებდი, მაღაზია მქონდა რომელიც ბანკის ვალით ვიყიდე 5 ათას დოლარად. გარკვეული პერიოდის შემდეგ 10 ათასს მთავაზობდნენ, მაგრამ არ გავყიდე. ვფიქრობდი, რომ ვამუშავებდი და ყოველდღიურად შევიტანდი ფულს ოჯახში. ეს მაღაზია იყო ერთ-ერთი ბაზრობის ტერიტორიაზე. მოულოდნელად, ბაზრობის ხელმძღვანელობამ ხმა გაავრცელა, რომ ბაზრობა უნდა გაიყიდოს, ინვესტორი გამოჩნდაო. მერე ისიც თქვეს, ინვესტორი დაანგრევს და ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიან კორპუსებს ააშენებსო. ამ დღიდან ჩვენი მაღაზიის ფასი დაეცა. ცხადია, მეც შემეშინდა საერთოდ არ დამეკარგა ყველაფერი და გაყიდვის გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ 2 ათასად ძლივს გავყიდე. ჩემს გვერდით მაღაზიის მეპატრონეც დაფაცურდა, მაგრამ მას დღემდე ვერ გაუყიდია. 7 ათას დოლარად ნაყიდი აქვს და ათას დოლარადაც ვერ გაუყიდია, რადგან ხმები, რომ ინვესტორი მოდის და ყველაფერს გააცამტვერებს, დღემდე ვრცელდება. ყველგან აფერისტები სხედან და ხალხს სხვადასხვა გზებით ახრჩობენ, აკოტრებენ და აუბედურებენ. ქუჩაში იმიტომ გამოვედი, რომ ლუკმაპური შემეტანა ოჯახში, მაგრამ ეს გზაც გადამიკეტეს. ვინც ასეთ ბრძანებებს იძლევა, იქნებ გამოვიდეს და გვითხრას, როგორ ვიარსებოთ?! ჩვენ არ გვაქვს მაღალი ხელფასები, ვერც პრემია-დანამატებს ვიღებთ და ბიუჯეტზეც ხელი არ მიგვიწვდება, რომ მოვიპაროთ და ისე ვიცხოვროთ, როგორც თავად ცხოვრობენ. აუცილებლად გამოვალთ ქუჩაში და მოვთხოვთ პასუხს ჩვენი გაუბედურებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close