ქართულ-ებრაული

რა მოხდა სურამის ებრაულ უბანში

2005 წლის ნოემბერი იყო. თბილისი ქართული კულტურის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობდა. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა დარეჯან კუხიანიძემ  ღონისძიების ორგანიზებაში  დახმარება მთხოვა. ქართული ფოლკლორული ანსამბლები რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ. ფესტივალი 10 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მე რომელიმე ჯგუფისათვის კოორდინირება უნდა გამეწია. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, სიამოვნებით დავთანხმდი კარგ ეროვნულ საქმეს. სტუმრების სიას ჩავხედე და თვალში მომხვდა ერთი ჯგუფი, ისრაელის ქალაქ რამლეს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი, სიმონ ჯანაშვილის ხელმძღვანელობით. ქალბატონ დარეჯანს ვთხოვე,  მე ებრაელების დელეგაციას გავუწევ მეგზურობას-თქო.

ისრაელიდან  30 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა, აქედან 25 მოცეკვავე გახლდათ. სულ ნარჩევი გოგო-ბიჭები იყვნენ – ლამაზები, ღიმილიანები და მორიდებულები. ყველაზე პატარა 4-5 წლისა იქნებოდა, უფროსები – ყველაზე მეტი 16 წლისანი. თან რამდენიმე მშობელიც წამოჰყოლოდათ. ანსამბლის ხელმძღვანელი, ბატონი სიმონ ჯანაშვილი არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა. ბავშვებს საოცარი რიდი ჰქონდათ მისი და თან დიდი სიყვარული.

ფესტივალი დიდი წარმატებით წარიმართა, დღეში ზოგჯერ ორი კონცერტიც ტარდებოდა. ღონისძიებები კარგად იყო ორგანიზებული და დროდადრო ექსკურსიებიც გვქონდა ხოლმე დაგეგმილი იმისთვის, რომ ფესტივალი ჩამოსულთათვისაც საინტერესო ყოფილიყო და ადგილობრივებისთვისაც. ერთ დღესაც ბატონი სიმონი თხოვნით მოვიდა, თავისი ჩვეული მორიდებით _  ხვალ, მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს თბილისი უნდა დავათვარიელებინო, მე ამ ქალაქში გავატარე მთელი ახალგაზრდობა, ყველა კუთხე–კუნჭული ვიცი, ამიტომ თავად წავიყვან მათ ქალაქის გასაცნობად. ჯგუფში ბავშვების უმეტესობა სურამელი ებრაელების შვილიშვილები არიან. იქნებ ისე მოგვიხერხოთ, რომ ერთი დღე სურამში გავიყვანოთ, თავიანთი მშობლების და წინაპრების სახლები სურთ რომ  ნახონო.  გამცრა…. ჩემთვის მგრძნობიარე თემას შეეხნენ. განა რა იციან ამ თითისტოლებმა მამა-პაპის ფუძის მადლი რა არის-თქო, გავიფიქრე, მაგრამ გავჩუმდი. სიმონს დავპირდი, ყველაფერს მოვაგვარებდი და ბავშვები სასტუმროში დავტოვე. ცოტა რთული იყო უკვე დაგეგმილი და ყველა ინსტანციასთან შეთანხმებული მარშრუტის შეცვლა, თან საქმე უცხოეთის მოქალაქეებს ეხებოდა.

იმავე დღეს შევხვდი დიასპორის მინისტრის პირველ მოადგილეს,  ქალბატონ თამარ მახარაშვილს. ყურადღებით მომისმინა  და უმალვე მიხვდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ებრაელი ბავშვების გამგზავრება სურამში. დილით ყველაფერი ადგილზე დაგხვდებათო, მითხრა გაღიმებულმა. გახარებული დავბრუნდი სახლში. წარმოვიდგინე ჩემი ბავშვების ემოციები, როცა ვეტყოდი, აბა ახლა ყველანი ავტობუსში და სურამისკენ მივდივართ-თქო.

დილას ადრიანად მივაკითხე სასტუმროში „ძველ თბილისი“.  საუზმობდნენ… ჩემმა სიურპრიზმა იმაზე დიდი სიხარული და ჟრიამული გამოიწვია, ვიდრე ველოდი. როგორ გულით სდომებიათ ამ პატარა ანგელოზებს წინაპრების ფუძის ნახვა.

მოკლედ, დავიძარით სურამისკენ, გზაში სიმღერა და ცეკვა-თამაში გვქონდა. სურამში ისე შევედით, არც გაგვიგია. სიმონ ჯანაშვილი თავადაც სურამელი გახლდათ და ის გვიწევდა მეგზურობას. ებრაელების უბანში მივედით. მთელი ავტობუსი გაირინდა, სიცილი და ჟრიამული უცებ სიჩუმემ შეცვალა. სიმონი ავტობუსიდან ჩავიდა და ბავშვებიც მიყვნენ. ევრითულ ენაზე რაღაცას ელაპარაკებოდა ხან ერთს, ხან მეორეს. მივხვდი, რომ სახლების მოძებნაში ეხმარებოდა. დავინახე, რომ 15 წლის შირლი გაჩერდა ჭიშკართან და ეზოს გაჰყურებდა. მივხვდი, იპოვნა პაპისეული სახლი. კარს ხელი წავკარი და კარ-მიდამოში შევედი, მასპინძელს შევეხმიანე. შუახნის ქალმა გამაგონა. ავუხსენი ვინც იყო სტუმარი და ვთხოვე, სახლში შეეპატიჟებინა. წარბიც არ შეუხრია _ ჩვენ ახლაც გვახსოვს ებრაელების სიკეთეები, მაგას როგორ დაგამადლებთო. წამო ბებო, შეციებული ხარ, ბუხართან ჩაი დავლიოთ, ისეთი ნაზუქები მაქვს გამომცხვარი, თითებს  მიაყოლებო – მოხვია შირლის და მის დაქალს ხელი და წაიყვანა. ბავშვები დადიოდნენ, სიმონმაც უამრავი ნაცნობი ნახა,  შუა გზაზე უკვე მთელი უბანი გამოეფინა, ყველამ  გაიგო ვინ სტუმრობდა იქაურობას. იყო დიდი მოკითხვა და გამოკითხვა: ვანო პაპა ცოცხალია?… შენა კაცო, დათიკოს შვილიშვილი არა ხარ?… ჯამლეტა რასა იქმს?… მესმოდა კითხვები. სიმონიც ხან რომელ ბავშვს გამოიყვანდა წინ, ხან რომელს _ ეს იმის შვილიშვილია, ეს ამისო, ამბობდა ძველი სურამელის კილოთი და ცრემლით გაბზარული ხმით. მოხუცები ბავშვებს ათვალიერებდნენ, `ვახ როგორ ჰგავს ბაბომისსა, პაპამისივით არ უცინის სახეი?…` და ასე დაუსრულებლად ეძებდნენ პატარა ებრაელებში, სურამიდან წასულების შვილიშვილებში, თავისი მერხის ძმაკაცების, ნაცნობ–მეგობრობრების,  საყვარელი მეზობლების ნაკვთებს, ღიმილს და მანერებს.

ღმერთო, იმხელა სიყვარული და მონატრება ტრიალებდა იმ წუთებში ებრაელების ყოფილ უბანში, ქვასაც კი აატირებდა.

უცებ თვალი რაღაცამ მომტაცა. მოშორებით პატარა მოშკა შევნიშნე ღობეს უცნაურად მიხუტებული. ისეთი ცელქი და ხალისიანი ბავშვი იყო, მეუცნაურა მისი ასეთი სერიოზული სახე. შუბლი ხის მესერზე ჰქონდა მიყრდნობილი და პერიოდულად ზეცას ახედავდა ხოლმე თავისი ლამაზი, ცისფერი თვალებით. ვიფიქრე, მივალ, ბავშვი მარტოა და არ შეშინდეს მეთქი, მაგრამ უცებ მივხვდი, რომ რაღაც საკრალური ხდებოდა იმ წუთას. სიმონმაც თვალი მიქნა, აცალეო. არ ვიცი რა დააბარა პაპამისმა ამ პატარა ანგელოზს თავის ნასახლარში, რა სიყვარული გამოატანა ასეთი, მაგრამ არცერთი სიტყვა არ დაუკარგავს ბიჭს, კაკალ-კაკალ მოურბენინა წინაპრის ფუძეს. თვალს ვერ ვაშორებდი პატარა „ვაჟკაცს“. ერთი იერუსალიმში გოდების კედელთან მინახავს ასეთი მლოცველები, მოწიწებით მდგომნი და მეორე, ეს ანგელოზი ვნახე სურამის ებრაულ უბანში… ბოლოს ბავშვმა თვალი მოავლო ეზოს,  ხის ღობეს აკოცა და დაშორდა.

მივხვდი, რომ ეს ის დღე იყო, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრება ადამიანს.

იქიდან წამოსულებმა ბორჯომის ტყე-პარკისკენ გავაგრძელეთ ექსკურსია. უკვე გვარიანად აცივებული იყო და ვიფიქრე, ბავშვებს ბორჯომსაც ვანახებ, ამდენი ემოციების მერე ცოტა გართობა არ აწყენდათ თქო. ბორჯობის ტყე-პარკი უკვე  დათოვლილი დაგვხვდა. გაიხარეს ჩემმა პატარა მეგზურებმა, ითამაშეს, იხალისეს… გაოცებულები უყურებდნენ ამდენ თოვლს. უცებ დავინახე აჭარულის სოლისტს, 8 წლის სივანს  ჩანთა  გაუხსნია და თოვლის გუნდებს იწყობდა. სიცილი ამიტყდა, ბატონი სიმონიც იცინოდა. ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, იქ თოვლი არ იცის, ეს ბავშვები თოვლს პირველად ხედავენო _ მითხრა მან. ჰოდა მიჰქონდა ბავშვს თოვლი თავისი ჭკუით სახლში. ცოტა ხანში ვუთხარი, ეხლა ჩაიხედე ჩანთაში, რამდენი გუნდა დაგრჩა-თქო? რა დახვდებოდა ჩანთაში მოგეხსენებათ ალბათ.

ამ დროს ერთ-ერთი მოცეკვავის, ლერი ბერაძის ტელეფონიდან ზარი გაისმა. ბიჭმა ქართულად უპასუხა. საუბარი რომ დაასრულა, მოგვიტრიალდა და გვითხრა, პაპაჩემი იყო, აქვე ცხოვრობს, სუფრა გაუშლია და გველოდებაო. სიმონს გაეღიმა, კარგად ვიცნობ გუჯას, რომ არ მივიდეთ, სურამის გასასვლელთან დაგვხდება და მაინც არ გაგვიშვებსო. ვიფიქრე, ბარემ ბოლომდე ავუსრულებ გულისწადილს ჩემებს-თქო და მოვაბრუნეთ ავტობუსი. გუჯა დავარაშვილი დიდებული ადამიანი აღმოჩნდა. მისი ოჯახი განთქმული ყოფილა სტუმართმოყვარეობით. სამეფო სუფრა დაგვახვედრა. კარგა ხანს გაგრძელდა ქართული ტრადიციული სადღეგრძელოები, სიმღერები,  ცეკვა-თამაში დავარაშვილების ოჯახში. საკუთარი შვილიშვილივით ეფერებოდა მასპინძელი ანსამბლის ყველა წევრს.

ემოციებით დატვირთულნი დავბრუნდით თბილისში. თუ სურამისაკენ მიმავალ გზაზე ბავშვების ჟრიამული არ წყდებოდა ავტობუსში, უკანა გზაზე დადუმებულები ათვალიერებდნენ ღამის თბილისს ფანჯრებიდან.

ამ ათმა დღემ დიდად დაგვაახლოვა. ბავშვებს ისე უხაროდათ ჩემთან ყოფნა, მთხოვდნენ, დილაობით ადრე მივსულიყავი და ერთად გვესაუზმა. მეც ძალიან შემიყვარდნენ, გული მწყდებოდა, რომ დაშორების დრო ახლოვდებოდა. დიდი წარმატებები ჰქონდათ ფესტივალის კონცერტებზე, სიმონს დიდებული მოცეკვავეები გაუზრდია ისრაელში. რაღაც საოცარი ქართული ნაპერწკალი შემოჰქონდათ სცენაზე, ეტყობოდათ, რომ მათ დიდი პედაგოგი და ქართული ცეკვის დიდოსტატი ზრდიდა.

დადგა განშორების დღე. შუადღით მივაკითხე დასამშვიდობებლად. უკვე ვეღარ წარმომედგინა, ამის მერე რაღა უნდა გამეკეტებინა მათ გარეშე. სასტუმროს ჰოლში დამხვდნენ. სიმონი მომიახლოვდა და მთხოვა, ბავშვებს თქვენთან დამშვიდობება სურთ და ჯერ ნუ წახვალთო. უცებ მოგროვდნენ ყველანი, შემომეხვივნენ გარშემო და უცნაურად მიღიმოდნენ. მივხვდი, რაღაც ჰქონდათ ჩაფიქრებული. მეგონა, რაიმე ცეკვას შემისრულებდნენ დასამშვიდობებლად, ან მიმღერებდნენ და გავირინდე მოლოდინში.

დუმილი ბატონმა სიმონმა დაარღვია: _ ჩვენი ბავშვები ძალიან შეგეჩვივნენ, შეგიყვარეს და მთელი ჩვენი ჯგუფი დიდ მადლობას გიხდით ასეთი ზრუნვისა და სიყვარულისთვისო. ეს მითხრა, მარჯვენა ხელი გაშალა და გამომიწოდა. ეს ჩვენი ანსამბლის სახელზე ატარეთ, ქალბატონო ირინა, ბავშვებს უნდათ რაღაცით მადლობა გითხრან და თქვენც სულ გახსოვდეთ ისინიო. დავხედე და რას ვხედავ, ოქროს მედალიონი დედა ღვთისმშობლის გამოსახულებით…

  ეს უკვე ბოლო წვეთი იყო… ცრემლები წამომივიდა, ამ ანგელოზებს ფული შეუგროვებიათ და ჩემთვის ამხელა სიწმინდე უყიდიათ. როგორც ჩანს, უფროსები დაეხმარნენ, მაგრამ საიდან ამხელა სიყვარული, ჩვენ ხომ მხოლოდ 10 დღე ვიყავით ერთად.

ცრემლიანი რომ დამინახეს, ბავშვები შემომეხვივნენ, მშობლებიც მემშვიდობებოდნენ, თავიანთი ტელეფონის ნომრებს მიწერდნენ, სიმონიც იქვე იდგა და ცრემლიანი თვალებით გვიყურებდა. ვერ მივიღებ ამხელა საჩუქარს-თქო გამოვაცხადე, აზრი არ ჰქონდა ჩემს პროტესტს. ჩვენი ხალხი ასეთია, მითხრა ერთ-ერთმა მშობელმა, პატივს რომ სცემ, აუცილებლად შეეცდება რაღაცით მადლობა გადაგიხადოს. ეს კი არაფერია, სიამოვნებით ატარეთ გულზე და ჩვენ მუდამ გემახსოვრებითო.

მართლად ასე მოხდა, აგერ უკვე 11 წელი გავიდა, ზოგიერთ მათგანს დავუმეგობრდი, სტუმრადაც მიმიწვიეს, ჩემთანაც ჩამოდიან. მას შემდეგ, არც ღვთისმშობლის მედალიონი მომიხსნია და არც ის დღეები  დამვიწყებია არასოდეს.

ავტორი: ირინე ბიბილეიშვილი-იოსებაშვილი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close