კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი, თამაზ მარკოზაშვილი ქართველი კინო-მსახიობის, ბელა მირიანაშვილის შესახებ გვიამბობს:

_ მსახიობი  ბელა მირიანაშვილი 1938 წლის 1 აპრილს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებელი და სწავლა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გააგრძელა. 1960 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ბელა მირიანაშვილის სამსახიობო კარიერა თავბრუდამხვევად წარმატებული გამოდგა.


მეორე კურსზე იყო, როცა კინოში გადაღებებზე მიიწვიეს, მეოთხე კურსიდან კი რუსთაველის თეატრის სცენაზე, პირდაპირ მთავარ როლზე აიყვანეს სახელგანთქმულ სპექტაკლში _ „როცა ასეთი სიყვარულია“. სწორედ თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნო ბელამ მომავალი ქმარი და იმ დროისთვის მესამე კურსის სტუდენტი – კახი კავსაძე. კახის დანახვისთანავე უგონოდ შეუყვარდა ბელა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ამის გამხელას ვერ უბედავდა. ამ დროისთვის ბელა მეუღლესთან, იუზა ხუსკივაძესთან დაშორებული იყო და შვილი – ნანუკა ჰყავდა, თუმცა ამას კახი კავსაძის გადაწყვეტილებაზე ოდნავადაც არ უმოქმედია. „მერე რა? მე არ შემიძლია ამ ქალის გარეშე არსებობა!“ – ეუბნებოდა კახი თავის მეგობრებს და ისინი შეუღლდნენ.
სხვათა შორის, იუზა ხუსკივაძეს ცოლი აღარასოდეს შეურთავს და მთელი ცხოვრება მარტომ გაატარა.

  ბელა მირიანაშვილმა მოკლე დროში შეძლო, გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინომსახიობი ქალი არა მარტო საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც. ბუნებრივი, უშუალო და ლამაზი მსახიობი საოცრად უხდებოდა ეკრანს და რომ არა ტრაგიკული შემთხვევა, მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
„ცეროდენა რაინდები“ (რუსუდანი,1963 წ.); „უდიპლომო სასიძო“ (ნანი, 1961 წ.); „წარსული ზაფხული“ (ლიანა, 1959 წ.); „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (ლამარა, 1959 წ.); „მამლუქი“ – (1958); „საბუდარელი ჭაბუკი“ (თებროლე, 1957 წ.) – ამ ფილმებში მსახიობმა ლოგინად ჩავარდნამდე მოასწრო მონაწილეობა და სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მაყურებელს.

    ხუთი თვის ფეხმძიმე ბელა მირიანაშვილს ვირუსი შეხვდა და 40-გრადუსიანი სიცხით მოუწია „ჭინჭრაქაში“ თამაში. ნაყოფი რომ არ დაეზიანებინა, ანტიბიოტიკების მიღებაზე უარი განაცხადა. ამას დაავადების გართულება და ფილტვების ანთება მოჰყვა. რთულმა მშობიარობამ ბელას ჯანმრთელობა კიდევ უფრო გააუარესა. უცხოეთში მკურნალობამ დაავადების განვითარება დროებით შეაჩერა, თუმცა მსახიობს გადაადგილება სულ უფრო უჭირდა. ნელ-ნელა ეკრანსა და სცენას ჩამოშორდა და სახლში ჩაიკეტა.
   კახი და ბელა 23 წელიწადი ერთად ებრძოდნენ სენს… კახი მეუღლეს თავად უკეთებდა ყოველდღიურად 10-15 ნემსს, მაგრამ გარდაუვალის თავიდან აცილება ვერ შეძლო.
   ბელა მირიანაშვილი 1992 წლის 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე მოსკოვში გადაღებებზე მყოფ მეუღლეს სახლში დაბრუნება სთხოვა და სიცოცხლის უკანასკნელი წუთები მასთან ერთად გაატარა.
„ბელა ჩემი დასაყრდენი იყო ფიზიკურად, სულიერად… მას ვანდობდი ბავშვებს და ყველაფერს. ბელა რომ წავიდა ცხოვრებიდან, ვფიქრობდი. რა მეშველება-მეთქი“, – იტყვის კახი კავსაძე წლების შემდეგ.
   ბელა მირიანაშვილისა და კახი კავსაძის სიყვარულის ისტორია თაობებისთვის სიყვარულის, ერთგულებისა და თავგანწირვის მაგალითად იქცა.

კომენტარები