ნელი ვარდიაშვილის სტატიები

რატომ მიანიჭეს ავლიპ ზურაბაშვილს მეეზოვის ტიტული

ბოდბისხევში ფსიქიატრიის მამა ურემზე დასვეს და ისე შემოატარეს სოფელი...

,,მე ძალიან მიყვარს ჩემი  მშობლიური სოფელი, ჩემი ბოდბისხევი“, – ეს სიტყვები ქართული ფსიქიატრიული სკოლის ფუძემდებელს, აკადემიკოს ავლიპ ზურაბაშვილს ეკუთვნის. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ერთ-ერთ შემაღლებულ ადგილზე კვლავ დგას ზურაბაშვილების ძველი სახლი. წლების წინ, იქ ავლიპ ზურაბაშვილის მემორიალური მუზეუმის გახსნა იყო ჩაფიქრებული, მაგრამ  ვერ მოხერხდა. სოფელში, ცნობილი მეცნიერის ნაცნობ-მეგობრებიდან უმეტესობა გარდაცვლილია. ბოდბისხევში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ნახვა შევძელით, რომლებიც ავლიპს პირადად იცნობდნენ. ისინი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელის შესახებ საინტერესო, აქამდე უცნობ ამბებს მოგვიყვნენ.

     ლიანა ზურაბაშვილი, სოფელ ბოდბისხევიდან:

_ მე და ავლიპ ზურაბაშვილი შორეული ბიძაშვილის შვილები ვართ. მასზე პატარა ვიყავი, მაგრამ ისეთი საინტერესო ადამიანი იყო, ყოველი შეხვედრა კარგად მახსოვს. ახლა 86 წლის მოვიყარე, ავლიპს კი 121 წელი შეუსრულდებოდა.

ზურაბაშვილების მამა მღვდელი იყო და მისი ოჯახი ბოდბისხევში, მთაზე, ამაღლების ტაძრის გვერდით ცხოვრობდა. ორი ვაჟიშვილი ჰყავდა დავით ზურაბაშვილს- ავლიპი და ანთიმოზი. ძმები ერთმანეთს საოცრად ჰგავდნენ. ანთიმოზი ჩვენი სოფლის ფოსტის გამგედ მუშაობდა. ცხადია, მღვდელმა საკუთარი შვილები უფლის სიყვარულით გაზარდა. ავლიპი უმაღლესი საბჭოს წევრიც გახდა, მაგრამ უფლის სიყვარული და რწმენა, არასდროს დაუკარგავს.

    _ თბილისში წასვლის შემდეგ ავლიპი მშობლიურ სოფელში ხშირად ჩამოდიოდა?

_ ახალგაზრდობაში მატარებლით უყვარდა ქიზიყში ჩამოსვლა. წნორის ბაქანზე ძმა ვირით ხვდებოდა. გადაჰკიდებდნენ ვირს ბარგს, წინ გაიმძღვარებდნენ და თავად მოსდევდნენ უკან ბაასით. სიარულის დროს ავლიპს ხელების უკან დაწყობა უყვარდა. ფარაჯასავით ზედა ეცვა, რომელიც ფრიალებდა ხოლმე და თავზე კახური ქუდი ეხურა.

ძირითადად თბილისური პური ჩამოჰქონდა, რომელსაც ,,ბუხანკებს“ ვეძახდით. ჩვენი სახლი მთავარი გზის პირას იყო. როცა ვიგებდით, ანთიმოზი უნდა დახვედროდა მატარებელს, მე, დედაჩემი და ჩემი ძმა ჩვენს ქუჩასთან ველოდებოდით მათ დაბრუნებას. გვიხაროდა, რომ  ჩვენი ძია ჩამოდიოდა. ვიცოდით, ბავშვებსაც აუცილებლად ჩამოგვიტანდა პირის ჩასატკბარუნებელს. პატარა ყუთებში ეწყო ოთხკუთხედი, თეთრის ფერის, გულიანი კანფეტები, რომელსაც ,,მომპასს“ ვეძახდით. გახსნიდა ავლიპი ჩანთას, ამოაძვრენდა ამ კანფეტებს და ბავშვებს დაგვირიგებდა. ჩვენ ხელებში ვვარდებოდით, დედა კი შემოიპატიჟებდა სახლში. ეზოში დიდი ჭერმის ხე გვედგა. მის ძირში უკვე გამზადებული გვქონდა პატარა ტაბლა, რომელზეც ეწყო მაწონი, პური და სხვა თუ რაიმე გაგვაჩნდა. აუცილებლად შემოვიდოდა და როგორც ქიზიყში ჭამენ მაწონს, ისიც ისე მიირთმევდა- პირდაპირ ბანკიდან. ერთხელ გვითხრა, როცა მაწონს შეჭამთ, ჩაი არ დააყოლოთ. მაწონში არის მიკროორგანიზმები, რომლებიც ებრძვიან სხვა მიკროორგანიზმებს. მაწონი  კუჭ-ნაწლავის სტერლიზაციას ახდენსო. ცივი წყლის დალევა უყვარდა. იმ პერიოდში მაცივარი არ იყო. საპატიო სტუმრისთვის ანკარა ცივი წყალი რომ მიგვერთმია, ბავშვები კოკურით გავცვივდებოდით ,,ზარის წყლის“ ჩამოსატანად. ,,ჩემებო, ჩემებოო…“ – ასეთი მოფერება იცოდა.

     _ ავლიპე ექიმთან ბოდბისხეველები გასასინჯად არ მიდიოდნენ?

_  ცხადია, ჩვენი ჯანმრთელობის ამბებს გამოგვკითხავდა ყველას, მაგრამ არ მახსენდება, სოფელში ვინმე გასასინჯად მისულიყო. თბილისში კი ხშირად აკითხავდნენ ,,ზემლიაკები“ და ისიც, როგორც შეეძლო, ყველას ეხმარებოდა.

მეზობელ სოფელში გავთხოვდი. დედამთილი საშინლად მკაცრი მყავდა. ამ შევიწროვებას ვეღარ ვუძლებდი და გადავწყვიტე, ისეთი რამ გამეკეთებინა, ჩემიც შეშინებოდა მას. ავდექი და ჩემს კაბას ბოლოები მაკრატლით ზიგზაგურად შემოვაჭერი. მეგონა იფიქრებდა, ასე რომ ვექცევი გაგიჟდაო და თავს დამანებებდა. ქმრის ოჯახმა ეს ამბავი სასწრაფოდ ჩემს მშობლებს შეატყობინა. მათაც გული გაუსკდათ და  მამაჩემმა თბილისში, ავლიპთან გამაქცია. ფსიქიატრიული საავადმყოფო მაშინ პირველად ვნახე. ავლიპს მოახსენეს, ბოდბისხევიდან არის ჩამოსული ობოლას ბიჭიო. მაშინვე გამოვიდა ჩვენს შესახვედრად, ხელი გადაგვხვია და იქაც ,,ჩემებო, ჩემებოო“, სიყვარულით გვეუბნებოდა. მამა მოუყვა ჩემს მდგომარეობას, მერე ის გარეთ გაუშვა და ისე გამსინჯა. მათემატიკიდანაც დამისვა რამდენიმე კითხვა. ბოლოს მითხრა, ,,პაპა, ახლა მითხარი, ეგ რად ჩაიდინეო?“. მიხვდა, რომ ვეშმაკობდი და ფსიქიკურად ჯანმრთელი ვიყავი. მეც ავდექი და ყველაფერი მოვუყევი. მსუბუქი დამამშვიდებელი გამომიწერა და ხუმრობით მითხრა, წამალი დედმთილის თვალწინ დალიე და ნახავ, როგორ მოგერიდებაო.

ჩემი იქ ყოფნის დროს, ერთი ასეთი ამბავი მოხდა. კორიდორიდან ხმაური შემოისმა.  თეთრხალათიანი შემოვარდა ოთახში- ავადმყოფი ბიჭია, თქვენთან შემოსვლას ცდილობს და არ გვემორჩილებაო. შემოუშვითო, უთხრა ავლიპმა. წინ დაისვა, ჰკითხა, რა გვარის კაცი ხარ, სადაურიო? ან შეყვარებულს რა ჰქვიაო? სწორი დიაგნოზი რომ დაესვა, კითხვებით ჩამოკიდება იცოდა… ავადმყოფი გაბრაზდა, რაებს მეკითხები, იქნება ახლა ფანჯრიდან გადაგაგდოო. ავლიპი ცოტა დაფიქრდა და უპასუხა, მერე რა გგონია, ეგ კაცობაში ჩაგეთვლება? ნამდვილი ვაჟკაცი მაშინ იქნები, თუ ქვემოდან ამომაგდებ ჩემს კაბინეტშიო. სიცილი ვერ გავბედე, მაგრამ მას შემდეგ ამ ნათქვამს ხშირად ვიხსენებ.

ერთხელ მამაჩემმა ღორის დაკვლაზე დაპატიჟა ავლიპი. მისთვის რომ პატივი ეცათ, ღორის სუკები გაამზადეს შესაწვავად. არ შეაწვევინათ, ღორის სუკში ტრიხომონას მიკრობებია. სუკები უნდა გადმოხარშოთ და მერე შეწვათო. ქათამზეც მოგვცა რჩევა- პატარა წიწილი შეწვით, მაგრამ დიდ ქათამს პასტერელას მიკრობები აქვს, ისიც უნდა გადმოიხარშოს და ისე შეიწვასო. ავლიპი ბევრს არ სვამდა.  რასაც სვამდა, იმასაც წყალს ასხამდა, ალკოჰოლი უნდა გაანეიტრალოსო. მისი რჩევები დღემდე არ მავიწყდება.

       _ ამბობენ, რომ სოფელ ბოდბისხევში ავლიპმა ფსიქიატრიული კლინიკა გახსნა. ეს სინამდვილეა?

_ ჩვენს სოფელში ზურაბაშვილების გარდა, ზურაბიშვილებიც ცხოვრობდნენ. განკულაკების დროს ოჯახი უცხოეთში გაიქცა და სოფელში დატოვეს მოხუცი ბაბო და აკვანში მწოლიარე პატარა ილია. ბაბოს არ გაუტანებია პატარა, სად უნდა ატაროთ, არაფერი დაემართოს, მე გავზრდიო, უთქვამს. ილია რომ დაკაცდა, კარგი სწავლა-განათლება მიიღო და ზურაბიშვილების ყოფილ სახლში გახსნილი სკოლის დირექტორად დაინიშნა. მეც ის სკოლა მაქვს დამთავრებული. ეს სახლი სოფლის თავში იდგა. მოგვიანებით სკოლა გადაიტანეს და შენობა გამოუყენებელი დარჩა. იქ გახსნა ავლიპმა ფსიქიატრიული სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელმაც მცირე პერიოდი იარსება. გარდა ამისა, ჩვენი რაიონის ყველა სამედიცინო დაწესებულებას ეხმარებოდა.  ძალიან უყვარდა მშობლიური კუთხე და ამას გამოხატავდა კიდეც სიტყვითა და საქმით. ჩვენც დიდ პატივს ვცემდით. მთელი ბოდბისხევი წავედით მის დაკრძალვაზე. ლექსიც მაქვს დაწერილი მასზე: ,,მიყვარს ჩემი ბოდბისხევი, მისი ცა და მისი მიწა. ევდოშვილის და ავლიპის, აკვანი ხომ აქ დაირწა“.

    ექვთიმე ზურაბაშვილი, სოფელ ბოდბისხევიდან:

_ იცით როგორი კაცი იყო, ყველაფერს გაპატიებდა, მაგრამ არ გაპატიებდა უცოდინრობას, ტყუილსა და უწესრიგობას. არასდროს გეტყოდა, ეს წიგნი წაიკითხეო. უბრალოდ, წიგნს დადებდა მაგიდაზე და ყველას გასაგონად იტყოდა, ეს აუცილებლად წასაკითხიაო. თავად დღე და ღამე კითხულობდა ან წერდა. ილია ჭავჭავაძე და მისი შემოქმედება უყვარდა განსაკუთრებულად. მისი ყველა ლექსი და მოთხრობა თითქმის ზეპირად იცოდა.

     _ ქეიფი უყვარდა?

_ სუფრასთან მოლხენა ძალიან უყვარდა, მაგრამ გაუზავებლად ღვინოს არასდროს სვამდა. გვეუბნებოდა, 100%-იან ღვინოს ორგანიზმი ვერ ირგებს და წყალნარევი-სარგებლიანია. რომაელები, ბერძნები და ჩვენი წინაპრებიც წყალში აზავენდნენ ღვინოს და ისე სვამდნენო. სუფრასთან სადღეგრძელოების თქმაც უყვარდა. სახლში კუპრით დალუქულ ღვინის ბოთლებს ინახავდა. სადილზე დაისხამდა ნახევარ ჭიქას, დაასხამდა წყალს, სადღეგრძელოს იტყოდა და დალევდა. ისე, მის ნათქვამს სადღეგრძელოსაც ვერც დაარქმევდი. ავლიპის სადღეგრძელო ასეთი იყო: მოყვებოდა საქართველოს ისტორიას და ბოლოს დააყოლებდა, მე მინდა, რომ საქართველო იყოს ბედნიერი. ან შვილებს, ახლობლებს დაარიგებდათ და დააყოლებდა, მე მინდა, იყოთ კარგებიო. დიდ სუფრასთან თამადა რომ იტყოდა სადღეგრძელოს, ეს კიდევ ცალკე გაშლიდა მის ნათქვამს. ისეთი სადღეგრძელოები იცოდა, სიამოვნებით დაუგდებდი ყურს, დამრიგებლური, მჭერმეტყველური – იხსენებდა ბავშვობას და ბოდბისხევს. პროფესიულ საკითხებზე სუფრასთან და ახლობლებთან არ ლაპარაკობდა. პაციენტები საკუთარი შვილებივით ჰყავდა, ზედ დასთათანებდათ. ვინმე თუ დაცინვით რაიმეს მოყვებოდა, მაშინვე შუბლს შეიკრავდა და არ მისცემდა ასეთ თემაზე ხუმრობის საშუალებას. შუბლის შეკვრასა და მკაცრი ტონით საუბარში გამოიხატებოდა მისი გაბრაზება. სიტყვის შებრუნებას ვეღარავინ უბედავდა.

1972 წელს, სოფელ ბოდბისხევში ავლიპს 80 წლის აღსანიშნავად გრანდიოზული იუბილე გადაუხადეს. ამ დღეს დაამთხვიეს სოფლის გაზიფიკაცია და ხევის გზის მოასფალტებაც, რაშიც მისი დიდი წვლილიც იყო. იქ შეპირდა ავლიპი ხალხს,  სოფელში აუცილებლად გავხსნი ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრსო. იმ პერიოდში სიღნაღის რაიკომის პირველი მდივანი იყო დიმიტრი გელაშვილი. გელაშვილისა და ზურაბაშვილის ამ საკითხზე კამათს, ხალხი ანეკდოტად დაატარებდა.

   _ ჩვენც მოგვიყევით ეგ ანეკდოტად ქცეული სინამდვილე…

_ რაიკომის მდივანს როცა შეუტყვია ავლიპის ჩანაფიქრი, თავისი აზრი ხმამაღლა გამოუხატავს- რად გვინდა სოფელში ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი, სად გვყავს ამდენი ფსიქიური ავადმყოფიო?  ავლიპს კიდევ მიუგია: როგორ არ გვინდა, მარტო შენს გვარში ვიცი იმდენი გიჟი, საავადმყოფოს მთლიანად შეავსებს და სხვებმა რა დააშავესო? საბოლოოდ მაინც გაიხსნა ეს ცენტრი გაურემონტებელ შენობაში, თუმცა დიდხანს არ უმუშავია. ავლიპი ამბობდა, ეს შენობა ისეთ ადგილზეა ბოდბისხევში, იქ ყოფნა ყველა ადამიანს დაამშვიდებსო.  მართლაც, ამ ადგილიდან უძველესი ტაძრები და ბუნება მოსჩანს.

ფინეთში ერთ-ერთ მაღალ ჯილდოდ ითვლებოდა საპატიო მეეზოვის ტიტული. ამ ჯილდოს შინაარსი პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა აღგვექვა. ტიტულის კანდიდატებად მოიაზრებოდნენ როგორც ეზოს, ასევე გონების, ორგანიზმის დამსუფთავებელი ადამიანები, ანუ ექიმებიც. ავლიპი მსოფლიოში მე-12-ე იყო, ვისაც ეს ჯილდო გადასცეს. იგი ნევროლოგიის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი იყო. 1977 წელს ასოციაციის სხდომა ფინეთში ჩატარდა. ამ მიზნით იყო ჩასული, მოულოდნელად, ჯილდოს ამბავი რომ გაუმხილეს. სამახსოვროდ კი ხე დაარგვევინეს. როგორც ვიცი, ფინეთში ამჟამადაც არსებობს ავლიპის დარგული  ხე. საქართველოში დაბრუნებული ავლიპი  თვითმფრინავიდან საპატიოდ ჯილდოსთან ერთად გადაცემული ცოცხითა და ნიჩბით ხელში ჩამოვიდა.

ბოდბისხევში ხშირად ჩამოდიოდა შვილებთან ერთად. ბოდბისხეველები რომ გაიგებდნენ მისი ჩამოსვლის შესახებ, ყველა თავისთან ეპატიჟებოდა. უარს არ ეუბნებოდათ, თუმცა რამდენიმე შინაური ოჯახი ჰყავდა და მათი ხშირი სტუმარი იყო. თანასოფლელები ამა თუ იმ საქმეში დახმარებას სთხოვდნენ და ისიც ყველას უწვდიდა  ხელს. იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან მას თავისი სიტყვა ეთქმოდა. თბილისშიც ჩადიოდნენ ბოდბისხეველები მასთან დახმარების თხოვნით და ყველას პატრონობდა. მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი და ფსიქიატრიის მამა ისეთი მოკრძალებული დადიოდა სამსახურში, რიგითი თანამშრომელი გეგონებოდათ. კიდევ იცით რა თვისება ჰქონდა, სახლში მოქალაქეებს იღებდა, მაგრამ თანამდებობის პირებს არა.  ორნაირ ქუდს იხურავდა- შლაპას და კახურ ქუდს.

      _ მშობლიურ კუთხეში რომ გადაუხადეს ავლიპ ზურაბაშვილს იუბილე, ამის შესახებაც  მომიყევით?

_ ორჯერ გადაუხადეს საკუთარ სოფელში დიდი იუბილე. 1982 წლის იუბილეზე მთელი საქართველო ბოდბისხევში იყო ჩამოსული. რეალურად ავლიპი თებერვალში იყო დაბადებული, მაგრამ შემოდგომის დასაწყისში აღუნიშნეს. თბილისიდან მომავალს, სახურავგადახდილი, მორთული ,,კოლხოზნიკი“ დაახვედრეს ქიზიყის შესვლელთან. რამდენიმე კამერით იღებდნენ ღონისძიებას. საიუბილეო პროცესია ნუკრიანის ვენახებთან შეჩერდა, ავლიპი გადმოვიდა მანქანიდან და ყურძენი მიირთვა, შემდეგ კი გაეშურნენ ბოდბისხევისკენ. სოფლებში, ცენტრალურ ქუჩაზე გამოსული ხალხი ყვავილებით და  შეძახილებით ეგებებოდა ფსიქიატრიის მამას, წარმატებულ თანარაიონელს. ბოდბისხევის შესასვლელთან ურემზე გადასვეს და ისე შემოატარეს მთელი სოფელი, რომელიც ხალხით იყო გადაჭედილი. ბოლოს ურემი ღია ცისქვეშ მოწყობილ სცენასთან გაჩერდა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მისი მეგობრები… ავლიპს ნაბადი მოახურეს და თუშური ქუდი აჩუქეს. თუ არ ვცდები, იქ დააჯილდოვეს ლენინის საპატიო ორდენით და სიღნაღის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. ბოდბისხეველ ჭაბაშვილ გოგიას კისერზე ჰქონდა მოგდებული ბატკანი და ასე დაასაჩუქრა ჩვენი სახელოვანი, საამაყო თანასოფლელი.

        ესმა ჯანანაშვილი, სოფელ ბოდბისხევიდან:

_ მარიამობის დღესასწაულზე ავლიპი შვილებთან ერთად ყოველთვის ჩამოდიოდა ბოდბისხევში. ჩვენც სათანადოდ ვემზადებოდით მის დასახვედრად. მთელ დღეს მათ სახლში მზადება გვქონდა. მშობლების სახლში მისი ძმა და რძალი ცხოვრობდნენ, რომელთაც შვილი არ დარჩენიათ. პატარა სახლი იყო, ერთი საძინებლით, მარნითა და ქვევრებით. მარანში  ხის დიდი საწნახელი იდგა.

ჩამოვიდოდა თუ არა, მაშინვე გამოაღებდა კარადას, სადაც დედის შეკერილი, კიტელის მსგავსი თეთრი ფერის პერანგი ჰქონდა შენახული, გადაიცმევდა და მშობლების საფლავზე წავიდოდა, სანთლებს დაუნთებდათ. მერე ბოდბისხევის წყალზე გაისეირნებდა და ტაძრებს მოილოცავდა. ამის შემდეგ იწყებოდა ქეიფი. სხვები სვამდნენ, თავად კი წყალნარევ ღვინოს ეპარებოდა და ყლუპებით მიირთმევდა.

როცა ავლიპი გარდაიცვალა, მის დაკრძალვაზეც წავედით. შვილი მყავდა ახალი გარდაცვლილი, მაგრამ მეც არ დავრჩენილვარ სახლში. ავლიპი პაპა გულით დავიტირე. ვუთხარი, რომ ის არ უნდა წასულიყო ამქვეყნიდან, რადგან ჯერ კიდევ სჭირდებოდა თავის პაციენტებს, ხალხს და განსაკუთრებით ბოდბისხევს. _შენთან სიკვდილს რა უნდოდა, მე უნდა მოვმკვდარიყავი, შვილის დამკარგავი დედა მეთქი, გულით დავატირე.

დიდუბის პანთეონში დავკრძალეთ ჩვენი დიდებული თანასოფლელი. დიდ სიყვარულთან ერთად, თან გავატანეთ მისი გარდაცვალებით გამოწვეული დიდი გულისტკივილიც.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

 

 

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close