რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

ის ინვალიდ შვილთან ერთად ბინიდან გამოასახლეს, მერე კი დაიჭირეს

ხვალ, 20 იანვარს, 1 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გოჩა თავშავაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. “გოჩა ავღანელმა გამოასახლა საკუთარი სახლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, 4 წლის შვილით. წასასვლელი არსად ჰქონდა, ამიტომ მაინც დაბრუნდა თავის სახლში, რის გამოც, ჩვენმა სასამართლომ ციხეში უკრა თავი. ის ავღანელი, გოჩას მეუღლის დაპატიმრებასაც ითხოვს”, _ გვითხრა  „სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფლებათა დაცვის კომიტეტის” წარმომადგენელმა,  მამისა ჯაფარაშვილმა.

მამისა ჯაფარაშვილი:

_ ის ხალხი, ვისაც მოძმის ბედი აწუხებს, ხვალ სასამართლოში უნდა მოვიდეს გოჩას გასამხნევებლად. გამოჩნდება, ვინ არის ნამდვილი ქართველი და ვის აწუხებს სხვისი ტკივილი. ერთმანეთს მხოლოდ გვერდში დგომით გადავარჩენთ, სხვანაირად დავიღუპებით.

_ რატომ გამოსახლეს გოჩა თავშავაძე საკუთარი სახლიდან?

_ გოჩამ 15 ათასი დოლარი ისესხა ინვალიდი შვილის მკურნალობისთვის. ოჯახს ჰქონდა სახლი, რომლის ფასიც 60 ათასია. მევახშეს -აჰმად საუდ მაჰბუბ შაჰს უხდიდა პროცენტს, მაგრამ მან აუქციონზე გაატანინა ბინა და მერე თავად იყიდა. ოჯახი ინვალიდ ბავშვთან ერთად გამოასახლეს. მერე ბავშვი გარდაიცვალა, საშინელი მდგომარეობა იყო.

მათი გამოსახლების დღეს, ჩვენ მივედით კანცელარიასთან. საქმეში ჩაერთო მამუკა ასათიანიც და ფაქტიურად, გამგეობისა და კანცელარიის ნებართვით, გოჩას ოჯახი თავის სახლში დავაბრუნეთ. ამის შემდეგ ავღანელმა იჩივლა, ჩემ სახლში შეიჭრაო და სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოჩა დაიჭირეს. ავღანელი აჰმად საუდ მაჰბუბ შაჰი გოჩას ცოლის დაპატიმრებასაც მოითხოვს. საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და ახლა სააპელაციო განიხილავს. იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც მოხვდება საქმე გულისხმიერი მოსამართლეების ხელში, რომელიც  გაითვალისწინებს ოჯახის მდგომარეობას.

უნდა დასრულდეს ქართველების გაუბედურების პროცესი მევახშეებისაგან. უნდა დასრულდეს ქვეყანაში უსამართლობის ზეიმი. ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. სხვანაირად, ხალხი პასუხს ხელისუფლებისგანაც მოითხოვს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close