,,6 წელია ხელისუფლებაში არიან და ახლა მიხვდნენ ბანკების მანკიერ როლს ქვეყნის ვერგანვითარებაში”
ნიკა მემანიშვილი, უფლებადამცველი:
_ ხსნა დასასრულშიაო – თქვა ერთ-ერთმა ფილოსოფოსმა.
ვუყურებ ქართული ოცნების პოლიტიკას და ყოველ დღე უფრო და უფრო ვრწმუნდები, ხსნა ქართული ოცნების მმართველობის დასასრულშია!
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ვფიქრობ, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, თავისი თავი ამოწურა. საჭიროა ცვლილებები, რომელიც გარდაუვალია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქცეყნის მომავალი განვითარებისთვის.
ყველა მომავალმა ხელისუფლებამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გარკვეული როლი შეასრულა ქვეყნის განვიათარებაში. ეს ერთგვარად შეუქცევადი პროცესიც არის, რომელიც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და ამაზე თავს არ მოგაწყენთ.
ქართული ოცნების, როგორც პოლიტიკური პარტიის შექმნამდე, უამრავი გვიბრძოლია უსამართლობის წინააღმდეგ, ქართული ოცნების გამარჯვებაშიც სოლიდური წვლილი მიგვიძღვის, თუმცა დღეს შეიძლება თამამად ითქვას – ქართულმა ოცნებამ ვერ გაამართლა ის უდიდესი იმედი და მოლოდინი, რაც საზოგადოების უმრავლესობას ჰქონდა.
სამწუხაროდ, დღესაც უდიდესი ხიდჩატეხილობაა ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ზუსტად იგივე გაჭირვებაშია, როგორც იყო ექვსი წლის წინ. სამწუხაროდ, ხელისუფლება რადიკალურად განსხვავებულ სურათს გვიხატავს. მათ არ ესმის ჩვენი, თუ ჩვენ მათი, თქვენ განსაჯეთ მეგობრებო.
ხელისუფლებას, რომელსაც უმთავრეს მიზნად ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა დაუუსახავს – დიდი დრო არ უწერია. ეს რესურსი, ენერგია და შრომა ხალხის კეთილდღეობას რომ მოახმაროთ, გაცილებით გონივრული იქნება, მაგრამ გონივრული პოლიტიკა ჯერ კიდევ შორი პერსპექტივაა ჩვენი ქვეყნისთვის.
ამ სიტყვების მოტივაცია გახდა ხელისუფლების მორიგი პიარ-კამპანია და მოლოდინის შექმნა ბანკებთან დაკავშირებით. 6 წელია ხელისუფლებაში არიან და ახლა მიხვდნენ თურმე ბანკების მანკიერ როლს ქვეყნის განვითარება-ვერგანვითარებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას მხოლოდ პიარისთვის სჭირდება მსგავსი საკითხების წამოჭრა. ქმნიან პოზიტიურ მოლოდინს, რომელიც უმალ ქრება ხოლმე.
გავიხსენოთ კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული დაპირება, ონლაინ სესხების დარეგულირების შესახებ. ეს უმცირესი ვერ შეასრულეს და რამე გარდამტეხი ცვლილებების იმედი გაქვთ? მე არ მაქვს, სამწუხაროდ.
პირველი მივესალმებოდი ასე რომ იყოს, მაგრამ გვატყუებენ.
გვატყუებენ როგორც ყოველთვის.
ყველაფერი ჩვენი ბრალია. ყველა ხელისუფლება ჩვენი წიაღიდან მოდის და მათ შემდეგში ვაძლევთ ყველაფრის უფლებას…