საინტერესო
„12 წლის გაათხოვეს, 20-ზე მეტი მშობიარობა ჰქონდა“
„თვეზე მეტი იყო გლოვა, დაუმარხავი მეფე ელოდა იმ მიწას, რომლის დაცვას მთელი ცხოვრება შეალია“ - ლევან თაქთაქიშვილი დარეჯან დედოფლის ცხოვრების საინტერესო დეტალებზე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი დარეჯან დედოფლის ცხოვრებიდან საინტერესო დეტალებზე წერს.
.
„12 წლის მიათხოვეს ერეკლე მეორეს! იყო მეფის მესამე მეუღლე! 14 წლისამ პირველი შვილი გააჩინა. სულ 20 -ზე მეტი მშობიარობა ჰქონდა და 19 შვილია დაფიქსირებული მშობიარობის. ზუსტი რაოდენობა არაა ცნობილი, რადგან მშობიარობისას მკვდრადშობილნი არ აღირიცხებოდა.
მთელი ცხოვრება იბრძოდა ერეკლესთან მისი პირმშოს მემკვიდრედ გამოცხადებისათვის და ბოლოს დაითანხმა მოხუცებული მეფე, შეეცვალა კანონი და გიორგი (მისი გერის) გამეფების და შემდგომ გარდაცვალების შემთხვევაში დარეჯანის პირმშოს გამეფება დააკანონებინა, თუმცა გიორგი მეთორმეტემ ეს კანონი თავის გამეფების შემდგომ შეაცვლევინა.
ქმრის გარდაცვალების შემდგომ დაკავებული იყო უამრავი ინტრიგითა და ჭორების გავრცელებით. რუსეთის გენერალ ლაზარევზე გაავრცელა ჭორი, რომ მას გენერალმა სარეცელის გაზიარება მოსთხოვა, მაგრამ ქვრივმა დარეჯანმა უარი უთხრა.
რამდენად დასაჯერებელია 40 წლის გენერლის მიერ 65 წლის ქვრივი და უფუნქციო დედოფლისადმი ასეთი წინადადებით მისვლა, თქვენთვის მიმინდია. ფაქტი კი ერთია, ბაგრატიონთა საგვარეულოს არასოდეს დაუყენებია საკითხი მისი რუსეთიდან გადმოსვენების და მეუღლის გვერდით დასვენების საჭიროებისა! და ერთიც – მან და მისმა ამალამ დააბრალა დაავადებულ და დაუძლურებულ მეფე გიორგის მსუნაგობა და ზაქიჭამიაობა!
დიდი გავლენა ჰქონდა ერეკლე მეფეზე, ეწინააღმდეგებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებას! ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრე გიორგიმ გაითვალისწინა რა დედინაცვლის ხასიათი, სანამ საქართველოს ყველა კუთხის თავადაზნაურობა არ დააფიცა ერთგულებაში, არ მისცა თელავში მყოფ დარეჯანს ქმრის დაკრძალვის უფლება და ამიტომ თვეზე მეტი იყო გლოვა სასახლეში და დაუმარხავი მეფე ელოდა იმ მიწას, რომლის დაცვას მთელი ცხოვრება შეალია“, – წერს ლევან თაქთაქიშვილი.