საზოგადოება

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მოქალაქეებს თანხებს უკანონოდ არიცხავს” _ მონოპოლისტი კომპანიის ეშმაკობები (ექსკლუზივი)

  სკანდალი_ექსკლუზივი

თბილისის წყლით მომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს (GWP) მომსახურეობით მოსახლეობა კმაყოფილი არ არის, რაც კომპანიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული კომენტარებიდანაც ნათლად ჩანს. გარდა ამისა, კერძო და იურიდიული პირები სხვადასხვა სახის საჩივრებით მიმართავენ სემეკსა და ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციას. როგორც ჩვენთავის გახდა ცნობილი, ასოციაციის იურისტები GWP -ს საქმიანობას უკვე დეტალურად სწავლობენ. სწორედ მათგან შევიტყეთ, რომ კომპანია, რომელიც თბილისსა და კიდევ რამდენიმე რაიონში მონოპოლისტია, უხეშად არღვევს კანონს და სამართალს ფეხქვეშ თელავს. სკანდალური ინფორმაციები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს საქმიანობაზე სწორედ ახალგაზრდა ადვოკატებმა მოგვაწოდეს.

რუსლან ალექსიძე, ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის მთავარი იურისტი:

_ მოქალაქეები მოგვმართავენ სხვადასხვა სახის საჩივრებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს წინააღმდეგ. არის შემთხვევები, როდესაც კომპანია ჯარიმებს წერს იმის გამო, რომ მომხმარებელს არ აქვს მრიცხველი. იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს მრიცხველი, რადგან ის იხდის დადგენილ გადასახადს, მაგრამ როცა იურიდიული პირი რეგისტრირდება და შედის ოფისში, მას უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რათა მიმართოს GWP-ს გამრიცხველიანების მოთხოვნით. არის შემთხვევები, როცა იურიდიულ პირს ჯერ მუშაობა არ აქვს დაწყებული და მას აჯარიმებენ მრიცხველის უქონლობის გამო.

მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა, თუ  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-დან  მიუვათ ქვითარი, რომელშიც წერია არარეალური თანხა და მითითებულია, რომ ეს არის დარიცხვა და არა ჯარიმა, უნდა მოითხოვონ ხელახალი დაანგარიშება და კომპანიას ის თანხა ჩააწერინონ ქვითარში, რასაც მიიღებენ ფორმულით, როცა მასში ჩაწერენ გამოყენებული წყლის ზუსტ რაოდენობას. აქედან გამომდინარე, თუ მოქალაქე მანამდე თვეში 30 ლარს იხდიდა, შეუძლებელია, ამ თანხაზე მეტი დაეკისროს.

 _ სემეკის გადაწყვეტილებაში წერია, მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში როგორ უნდა იანგარიშოს კომპანიამ გადასახადი?

_ იქ წერია, რომ უნდა იანგარიშოს მათემატიკური ფორმულის მიხედვით, მიმდინარე თვის გადასახადიდან გამომდინარე და არა ისე, როგორც იქცევიან _ რამდენი წყალი მოიხმარა იურიდიულმა თუ კერძო პირმა 24 საათის განმავლობაში. თუ ამ ფორმულაში ჩასვამენ რეალურ მონაცემებს, გაბერილი გადასახადები აღარ მიუვათ მომხმარებლებს, მაგრამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უსამართლოდ და არაკანონიერად იქცევა, რასაც მოწმობს სემეკის გადაწყვეტილებები. სემეკი, ამ კომპანიის წინააღმდეგ მათთან შესული საჩივრების 70 %-ს აკმაყოფილებს და ავალებს, დააკორექტიროს დარიცხული თანხა. თბილისში და კიდევ რამდენიმე რეგიონში GWP გაბატონებული მონოპოლისტია და თავად განსაზღვრავს დასარიცხ თანხებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას კანონიერად აკეთებს. მისი გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სემეკ-ში, თუმცა არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები არ მიმართავენ სემეკს, არ ასაჩივრებენ GWP -ს აქტებს განსაზღვრულ ვადაში და ხელოვნურად გაბერილი თანხები რჩება კანონიერ ძალაში. აქედან გამომდინარე, მოქალაეებს უწევთ არასწორად დარიცხული ფულის გადახდა.

_ თქვენთან საჩივრებით მოსულ მოქალაქეებს სემეკის პასუხი უკვე მიღებული აქვთ?

_ ზოგს სემეკში უკვე გასაჩივრებული აქვს, ზოგმაც არ იცოდა და ვერ გამოიყენა გასაჩივრების 10 დღიანი ვადა, რომელიც თანხის დარიცხვის დღიდან აითვლება. არის შემთხვევები, როცა სემეკს და ჩვენ ერთდროულად მოგვმართავენ და მონაწილეობას ვიღებთ დავაში. მოგეხსენებათ, მოქალაქეები წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდიან. იყო შემთხვევა, როცა  GWP-მა  40 კვადრატულ ფართზე მეპატრონეს 15-20 კაცის გადასახადი დაარიცხა. კომპანიას აუხსნეს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია 40 კვადრატულ მეტრში ამდენი ადამიანი ცხოვრობდეს, მაგრამ ასეთ საჩივრებს ის არ აკმაყოფილებს. ვინც მიმართავს სემეკს, იქ მათ საჩივრებს განიხილავენ და კიდევაც დააკმაყოფილებენ. რეალურად, რამდენი პირიც ცხოვრობს ფართში, იმის მიხედვით ურიცხავენ თანხას, მაგრამ როგორც გითხარით, ცალკეული მიზეზების გამო, მოქალაქეები ვერ მიმართავენ სემეკს, ან ვერ ასწრებენ 10 დღიან ინტერვალში საჩივრის შეტანას. ასეთ შემთხვევაში  -ს მიერ უკანონოდ დარიცხული თანხა ხდება კანონიერი და მოქალაქეც იძულებულია, გადაიხადოს. ასეთი ფაქტები არაერთია.

 _ როგორც ვიცი,  „ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამოქალაქო რეესტიდან ითხოვს ამონაწერს, კონკრეტულ ფართში რამდენი ადამიანი ცხოვრობს. ასე არ არის?

_ კომპანია თავად წერს ფართში მცხოვრები მოქალაქეების სულადობრივ რაოდენობას. როცა სამოქალაქო რეესტრიდან მიაქვთ მათთან ამონაწერი, ამის მერეც არ შეაქვთ კორექტირება და ეუბნებიან, სემეკს მიმართეთო. ამით დროს ახანგრძლივებენ და მოქალაქეებს უკანონოდ დარიცხულ თანხებს სძალავენ. არის შემთხვევები, როცა კომპანია გარდაცვლილს არიცხავს გადასახადს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს მისი წევრის გარდაცვალების დოკუმენტი კომპანიაში მიაქვთ, ფართიდან ამორიცხვა არ ხდება და აგრძელებს მასზე თანხის დარიცხვას. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ერთი ადამიანი ცხოვრობს ფართში და 5-6 პირზე წერს გადასახადს, რაც არის არაკანონიერი დარიცხვა და აქედან გამომდინარე, მიღებული შემოსავალიც არის უკანონო.

_ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რა თქმა უნდა, ყველა თქვენს ბრალდებაზე იტყვის, რომ ეს არ არის რეალობა. კონკრეტული ფაქტები შეგიძლიათ გადმოგვცეთ?

_ ჩვენ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ გავცემთ კონკრეტული პირების თანხმობის გარეშე. სემეკიდან გამოვითხოვეთ ოფიციალური ინფორმაცია, საიდანაც ჩანს, რომ საჩივრების ნახევარზე მეტი არის დაკმაყოფილებული სემეკის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ, რაც გითხარით არის რეალობა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს მიერ დარიცხული თანხები გასაჩივრების შემდეგ კორექტირდება. სანამ საჩივრის ავტორებისგან ფაქტების გასაჯაროების თანხმობას მივიღებთ, გადმოგცემთ სემეკის გამოგზავნილ სტატისტიკურ მონაცემებს. მასში ნათლად ჩანს, რამდენმა მოაქალაქემ მიმართა საჩივრით სემეკს და აქედან, რამდენი დაკმაყოფილდა. დოკუმენტი არის საკმაოდ სკანდალური.

.

აი, ამიტომ ვამბობთ, რომ GWP -მ უნდა დატოვოს თბილისი. როცა კომპანია არის მონოპოლისტი, მას ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა, მოეთხოვება მეტი კეთილსინდისიერება და გულისხმიერება. მოქალაქეებს უნდა შეუქმნას კომფორტი, მაგრამ ეს კომპანია ასე არ იქცევა. არ შეიძლება, ასეთმა უპასუხისმგებლო კომანიამ ოპერირება განახორციელოს იმგვარად, როგორც ის ახორციელებს. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შეესაბამება კანონს და დარღვევებიც არის მასშტაბური. რაზეც ახლა გესაუბრეთ, ეს იყო სამართლებრივი პრობლემები, თუმცა მეორე საკითხია, როგორ უზრუნველყოფს კომპანია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ძალიან ხშირად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ ატარებს სათანადო რემონტებს და არ ახდენს სისტემის მოწესრიგებას. მოქალაქეებს 24 საათი ან უფრო დიდხანს უწყდებათ წყალი. ამ ტიპის საჩივრებიც კომპანიის მიმართ ძალიან ხშირია.

GWP- მა ეს თემა იუმორისტულ ჟანრში გადაეყვანა და მის აღმოფხვრას შეეცადა პიარით, მაგრამ მოსახლეობისთვის, რომელთან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეწყვეტილი აქვს წყალმომარაგება, ეს უფრო გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ჩვენი აზრით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ ეწევა ისეთ საქმიანობას, რომ მოხდეს წყალმომარაგების შეწყვეტის მაქსიმალური შემცირება.

 _ მსგავსი კანონდარღვევების შემთხვევაში, წყლის კომპანიიის დაჯარიმება არ ხდება?

_ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს კომპანიის დაჯარიმებას, თუმცა, ეს არის საკმაოდ ბუნდოვანი მუხლი და ამიტომ, თითქმის არ ხდება ამ მუხლის გამოყენება. სემეკი აცხადებს, რომ ცალკეულ შემთხვებში აჯარიმებს კომპანიას, თუმცა, არა მასშტაბურად. დაჯარიმება რომ იყოს ქმედითი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამდენ დარღვევას ვერ განახორციელებდა.

 _ ამჯერად გაქვთ GWP-ს წინააღმდეგ მიღებული საჩივარი?

_ მოცემულ ეტაპზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს წინააღმდეგ გვაქვს ერთი საქმე. მასზე სემეკმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, GWP-ს მიერ დარიცხული თანხა ნაწილობრივ უკანონოდ სცნო და კორექტირება გაუკეთა, რასაც ჩვენ მაინც არ ვეთანხმებით და დავას ვაგრძელებთ სასამართლოში.

 ,,ევრონიუს ჰოლდინგი”  „ჯორჯიან უოთერ ერდ ფაუერის“ საქმიანობის შესწავლას გააგრძელებს.

სკანდალური ინტერვიუდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გაგვიჩნდა კითხვები, რომელიც ჯორჟიან უოთერ ენდ ფაუერს გავუგზავნეთ. ორდღიანი ლოდინის შემდეგ კი მათგან მივიღეთ საკმაოდ უცნაური პასუხი. მასში ნათქვამია, რომ ჩვენი კითხვები არის მიკერძოებული და მიზნად ისახავს, კომპანიის დისკრედიტაცია. GWP -ს პასუხს უცვლელად გთავაზობთ.

,,ქალბატონო ნელი, თქვენს მიერ გამოგზავნილ ყველა კითხვასთან დაკავშირებით გპასუხობთ, რომ ჩამოთვლილ შემთხვევებში კომპანია მოქმედებს საქართველოს ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელის წყლის მიწოდებისა და მოხმარებისწესების“ თანახმად, რაც კონტროლდება და რეგულირდება კომისიის მიერ. რაც შეეხება, ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციას – 2017 წლის 13 დეკემბერს ჩაიდინა სამართალდარღვავა. აღნიშნული ორგანიზაცია სასმელ წყალს არასანქიცრებულად მოიხმარდა. ამასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ მათ მიერ დასმული შეკითხვები არის მიკერძოებული და მიზნად ისახავს, კომპანიის დისკრედიტაცია” .

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close