პოლიტიკა

ხათუნა ლაგაზიძე – ამერიკამ აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი ინტერესების საზღვრები მონიშნა და რუსეთს მიანიშნა, რომ ამ საზღვრებთან მას ინტერესი არ უნდა ჰქონდეს

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს ამ კეთილგანწყობილი ფონით დღეს და აშშ-ის ხელისუფლებასთან ერთად იმუშაოს რუსეთისთვის შემაფერხებელ მექანიზმებზე, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ევროტურის ტრაექტორია იმ ტერიტორიებს მოიცავდა, სადაც ამერიკას ინტერესების სფერო გააჩნია და ერთგვარ გზავნილს წარმოადგენდა რუსეთისთვის, რომ მას ამ საზღვრებთან ინტერესი არ უნდა ჰქონდეს. მისივე განცხადებით, ხაზგასმა მოხდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, მისი წინამორბედისგან განსხვავებით ამერიკის მიერ გავლებული წითელი ხაზების გადაკვეთის უფლებას არავის აძლევს.

ექსპერტი, მნიშვნელოვან გზავნილებს ხედავს პენსის განცხადებებში, რომელიც საქართველოს თავისუფლებას და საერთო ღირებულებებისთვის ბრძოლას უკავშირდება.

”მაიკ პენსის ვიზიტის ტრაექტორია ბევრ რამეზე მეტყველებს, ფაქტობრივად, აშშ-მა აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი ინტერესების საზღვრები მონიშნა და რუსეთს მიანიშნა, რომ ამ საზღვრებთან მას ინტერესი არ უნდა ჰქონდეს.

ასევე საინტერრესო გზავნილი იყო, რომ აქ რუსეთი განაგრეძობს საქართველოს ოკუპაციის მცდელობას და ამ თემასთან კავშირში კიდევ ერთი ღია გზავნილი დააფიქსირა, რომ დიდი ხნის შემდეგ პირველად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მიღებულია საქართველოს ოკუპაციისთვისაც. საუბარია კონგრესის მიერ მიღებულ ძალიან ვრცელ პაკეტზე, რომელიც რუსეთში ენერგოპროექტების დაფინანსებას ან ტექნიკურ დახმარებას უკრძალავს როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ კომპანიებს. რაც რუსეთის ეკონომიკისთვის შესაძლოა დამანგრეველი დარტყმა აღმოჩნდეს.

ხაზგასმა მოხდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მისი წინამორბედი ადმინისტრაციისგან განსხვავებით თუ ავლებს წითელ ხაზებს, შემდეგ ამ ხაზების გადაკვეთის უფლებას არავის აძლევს. ამ შემთხვევაში წითელი ხაზი რუსეთთან მიმართებით საქართველოსგან გაივლო.

ასევე, კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილი მოვისმინეთ, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს თავისუფლებისა და საერთო ღირებულებებისთვის ბრძოლაში. ეს საერთო ღირებულებებია ის, რისი შესრულების ვალდებულებაც აქვს საქართველოს არა მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას, არამედ საქართველოს მოქალაქეებს და მთელ პოლიტიკურ სპექტრს. აქ იგულისხმება დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, მედიის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ა. შ.

ასევე, პასუხი გაეცა იმ შიშებს, რაც საზოგადოების ნაწილს ჰქონდა, როდესაც ვიხილეთ უპრეცედენტოდ მაღალი დონის სამხედრო სწავლებები. საქართველოს ხელისუფდლებამ უნდა ისარგებლოს ამ კეთილგანწყობილი ფონით დღეს და აშშ-ის ხელისუფლებასთან ერთად უნდა იმუშაოს რუსეთისთვის შემაფერხებელ მექანიზმებზე. რუსეთმა წინასწარ უნდა იცოდეს, საქართველოს მიმართ აგრესიის წარმოების შემთხვევაში, ამერიკა რა მექანიზმებს აამოქმედებს, თორემ უკან მიდევნებული ლამპარი შეიძლება დაგვიანებული აღმოჩნდეს”, -განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ipn.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close