პოლიტიკა

„ჩემთვის გამაოგნებელი იყო, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეთავაზება ულტიმატუმს ჰგავს და კონსტრუქციული ნაბიჯი არ არის.

საზოგადოებრივთან საუბარში ძიძიგური პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მმართველ გუნდს მოუწოდა, რომ კონსტიტუციურ რეფორმაზე კონსულტაციები 10 ივლისს დაიწყოს. 

დეპუტატის თქმით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა თავიდანვე დაეწყო, რომელმაც ოთხი თვის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად იმუშავა. 

„ჩემთვის გამაოგნებელი იყო, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს და ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს. მისი ადმინისტრაციის განცხადება გასაგებია, მაგრამ კონსულტაციები 10 ივლისს დაიწყება, 12 ივლისს თუ 15 ივლისს, ეს ღია ეთერით არ უნდა გავიგოთ. ჯერ შიდა კონსულტაციები უნდა გაიმართოს. მათ შორის უმრავლესობისა და პარტიების შიგნით. ეს კონსულტაციების დაწყებას კი არ ჰგავს, ულტიმატუმს ჰგავს – კონსულტაციები 10 ივლისს დავიწყოთ და თუ არადა, ასეთ შემთხვევაში, ლეგიტიმაცია არ ექნება და ა.შ. ეს კონსტრუქციულად მოფიქრებული ნაბიჯი არ არის”, – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა. 

ძიძიგურის განცხადებით, კონსულტაციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია დაფიქსირებულია, რომ კონსულტაციებს ალტერნატივა არ აქვს. 

„კონსულტაციები გაიმართება და რა გავლენას მოახდენს ეს საკონსტიტუციო ცვლილების იმ პროექტზე, რომელიც უკვე ორჯერ კენჭსაყრელია, რთული არ იქნება, ამის თაობაზე საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ. საკითხისადმი კონსტრუქციული მიდგომა არც ისაა, რომ ორჯერ კენჭსაყრელი პროექტი უკან გამოიტანო. ესეც არის ულტიმატუმი და ასეთი საკითხები ულტიმატუმის ფორმით არ გადაწყდება. 

უმრავლესობა ძალიან მყარად არის ჩამოყალიბებული, რომ ეს არის კარდინალურად ახალი და უკეთესი დოკუმენტი, ვიდრე ჩვენ მოქმედი კონსტიტუციის სახით გაქვს. ამიტომ, კონსტიტუციური პროექტის ასე შეურაცხყოფას ძალიან მგრძნობიარედ ვეკიდებით. 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ბოლო სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრა ფორმულირებით ჩაატარა, ვინ იყო მომხრე, კონსტიტუციიის ამჟამად მოქმედი რედაქცია ძალაში დარჩენილიყო. ამას მხარი არც ერთმა ადამიანმა არ დაუჭირა, რაც იმას ადასტურებს, რომ კომისიის ის წევრებიც, რომლებიც ამ პროექტს აკრიტიკებენ, აღიარებენ, რომ პროექტი უკეთესი ვარიანტია, ვიდრე მოქმედი რედაქცია”, – დასძინა ძიძიგურმა. 

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით ივნისის ბოლოს, საგაზაფხულო სესიაზე მიიღო. ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცება ოქტომბერში – საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. 

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close