ჯანდაცვა

ექთანი: მეცოდებიან პაციენტები, 1000-ჯერ მეტ თანხას ახდევინებენ, რაც მათი მკურნალობა ჯდება

სამედიცინო დაწესებულებებში უკმაყოფილების მუხტი ნელ-ნელა პიკს აღწევს. მედიცინის მუშაკები ხმამაღლა საუბარს ჯერ კიდევ ერიდებიან, მაგრამ კულუარულ საუბრებში, ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელობა მათხოვრულ ხელფასებს უხდით და ამ სფეროში მუშაობა აღარ ღირს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილ უროლოგს შევხვდი. ათწლეულებია, რაც ის წარმატებული ექიმია და ბევრი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. პაციენტებსაც უყვართ, პატივს სცემენ, მაგრამ მითხრა, გადავწყვიტე, თავი დავანებო ექიმობას და სოფელში წავიდე საცხოვრებლადო.

,,პაციენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მე ვარ. ჩემთან კონსულტაციისთვის ავადმყოფი 50 ლარს იხდის, მაგრამ იქიდან მხოლოდ 12 ლარს მაძლევენ, დანარჩენი თანხა მიდის ,,ზემოთ“, საავადმყოფოს ხელმძღვანელებთან და, ღმერთმა იცის, კიდევ  ვისთან.  თვითონ სულ დაფრინავენ, ხან ერთ ქვეყანაში არიან, ხან მეორეში, ერთობიან, ჩვენ ავადმყოფებს თავზე ვადგავართ 24 საათი, ვიბრძვით მათი სიცოცხლის გადასარჩენად. რომელიმეს რაიმე რომ დაემართოს, ისევ ჩვენ ჩაგვაყენებენ შავ დღეში და რის ფასად, ამას არავინ ფიქრობს. აღარ ღირს ექიმობა, პაციენტიც ზარალშია და ექიმიც. ჩვენს ხარჯზე კი ერთეულები მდიდრდებიან.“ _ გვითხრა უროლოგმა, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

სამედიცინო დაწესებულებების გარკვეული ნაწილი, როგორც ცნობილია, ფარმაცევტულმა ფირმებმა ჩაიგდეს ხელში. წინა ხელისუფლების ამ უდიდეს დანაშაულს წინააღმდეგობა არც  ახალმა ხელისუფლებამ გაუწია. ამ მაქინაციის მიზნებზე euronews.ge _ ში აუცილებლად ვიმსჯელებთ, ახლა კი მხოლოდ აღნიშნულ საავადმყოფოებში მომუშავე მედპერსონალის მონურ მდგომარეობაზე მოგიყვებით. ექთანს, რომელიც ღამითაც ავადმყოფებს დასტრიალებს, თვალის მოხუჭვის საშუალება და უფლება არ აქვს, დღე-ღამეში 80 თეთრს უხდიან.

სამედიცინო დაწესებულების ექთანი:

,, თვეში 288 ლარს ვიღებ. ამ თანხის ნახევარს გზაში ვხარჯავ და გამოდის, რომ 140 ლარის გამო ვათენებ ღამეებს. ამიტომ მეორე სამსახურიც ვიშოვე და თავისუფალ დროს, იძულებული ვარ, იქაც ვიმუშავო. რა ვქნა, სხვანაირად შვილების რჩენას ვერ შევძლებ. ექიმებიც ჩვენს მდგომარეობაში არიან. ბევრი წარმატებული ქირურგი მუშაობდა ჩვენს საავადმყოფოში, მაგრამ  რაც ეს ფარმაცევტული კომპანია შემოვიდა და ჩვენი ხელფასები შეამცირა, ყველა წავიდა. ამას წინათ, თვის ბოლოს, ექიმმა 150 ლარი აიღო. გავოგნდი, მე მასზე მეტი მქონდა აღებული და რა უნდა მეთქვა? სამაგიეროდ, პაციენტებს უზრდიან  სამედიცინო მომსახურეობის გადასახადებს. წამლის ფასიც დღითიდღე მატულობს, ჩვენი ხელფასები  კი კლებულობს. ექიმები გაფრთხილებულნი არიან, რომ მხოლოდ ამ ფარმაცევტული ფირმის წამლები გამოწერონ. მოკლედ, ყველანაირად გვიყენებენ, გვჩაგრავენ და თავმოყვარეობას გვილახავენ.

ამას წინათ პაციენტს ჰაერის უკმარისობა დაეწყო. ფანჯარა გამოვაღე, რომ უკეთ ესუნთქა. დირექტორმა გამოიარა და რომ გაიგო ფანჯარა გავხსენი, გადაირია. მითხრა, მეორედ კიდევ გაბედავ და სამსახურს დატოვებ, გათბობაა ჩართული და ამაში ფული იხარჯებაო. ყველაფერს ფულით აფასებენ და ადამიანს ჟანგბადი რომ სჭირდება, არ ადარდებთ. წინათ, ყოველ დილით, პალატების ფანჯრები უნდა გახსნილიყო, რომ ოთახი განიავებულიყო და ახლა, ამის გამო, შეიძლება სამსახური დაკარგო. გაუნიავებელ ოთხებში წვენან ავადმყოფები.

მედპერსონალი უკმაყოფილოა, ყველანაირად შეზღუდულები ვართ. საჭმელი სახლიდან  მიმაქვს, მაგრამ იმდენი დრო არ მაქვს, რომ  ვჭამო. მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ მე და ჩემი კოლეგები დღე-ღამეში 80 თეთრად, მაგრამ  ხმას მაინც არ ვიღებთ. რატომ? რა აზრი აქვს? ვის ვებრძოლოთ? ფარმაცევტული და სადაზღვევო ფირმების მეპატრონეებთან ჩვენ რას გავაწყობთ? არადა, სწორედ მათ ჩაუგდეს ხელში სამედიცინო დაწესებულებები. ცხადია, თავიდანვე არ  გვინდოდა, ჩვენი საავადმყოფო ამ კომპანიის გამხდარიყო, აქციებსაც ვმართავდით, ვაპროტესტებდით მიმდინარე მივლენებს, მაგრამ ვინ მოგვაქცია ყურადღება?! ხელისუფლებაც მას დაუდგა გვერდით და ჩვენი აზრი ფეხებზე დაიკიდა. ამ ფირმის მეპატრონეებს ფულიც აქვთ და გავლენაც, მოკლედ, ყველა ჯიბეში უზით.

საშინელი მდგომარეობაა ჯანდაცვის სფეროში. გამოდიან და ურცხვად ამბობენ, წარმატებული სფეროაო,  მხოლოდ მათთვის არის წარმატებული, თორემ პაციენტებს ატყავებენ, კოლოსალურ თანხებს ახდევინებენ, ზოგიერთებს სახლ-კარი დააყიდინეს,  მედპერსონალი კი  მათხოვრული ხელფასის ამარა დატოვეს _  ესააა წარმატება?!

მეც ადამიანიანი ვარ, მყავს საახლობლოში  მოხუცი და სამწუხაროდ, არა მხოლოდ მოხუცი ნაცნობ-მეგობრები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მეცოდებიან ასეთი ადამიანები, რადგან საავადმყოფოებში მისულებს იმაზე 1000-ჯერ მეტ თანხას ახდევინებენ, რაც რეალურად უჯდებათ კლინიკის მესვეურებს  მათი მკურნალობა და მომსახურება.

იმის გამო, რომ ექიმები სასაცილო ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობენ და მათი შემოსავალი დამოკიდებულია პაციენტების რაოდენობაზე, კლინიკაში  ყოველი ახალი ავადმყოფის შემოსვლისას, ერთმანეთში „ხოცვა-ჟლეტვას“  მართავენ,  რომ, როგორმე „დაითრიონ ფულის წყარო“, დაუდგინონ მას ათასი გამოგონილი დაავადება, მკურნალობაც და მედიკამენტებიც შესაბამისი რაოდენობით დაუნიშნონ, სჭირდებათ მათ ეს თუ არა, შემდეგ კი ფარმაცევტულ კომპანიებთან დადებული გარიგებების წყალობით, ბონუსები აიღონ.   რა ქნან, ნახევრად მშიერ კუჭზე,  ყველას არ ჰყოფნის  ადამიანობა და ჰუმანურობა, რომ ასე არ გაიმეტოს ისედაც გაჭირვებაში მყოფი პაციენტი. ექიმების ასეთ დამნაშავეებად ჩამოყალიბებაში, მთავარი დამნაშავე  ჯანდაცვის სამინისტრო და  კლინიკების მესვეურები არიან”.

ჩვენი რესპონდენტების დიდი თხოვნით, ამჯერად კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებს არ ვასახელებთ,  მაგრამ თითოეულ კლინიკას გაძლევთ პირპობას,  რომ მომავალში აუცილებლად  გამოგააშკარავებთ!!!

  ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close