საზოგადოება

როგორ წავიდა გენერლის ოჯახთან ერთად ემიგრაციაში თბილი, ქათქათა, ისტორიული, ქართული მაწონი

,,მაწვნის ამბები გასტრონომიული კულტურის მუზეუმში
გასტრონომიული მუზეუმი უპრველესად ამბების მუზეუმია, ადამიანების და მათი გემოვნების მუზეუმია და არა გამოფენილი ნივთებისა და სხვა ექსპონატების მდუმარე სივრცე.

მდუმარე სივრციდან გავრბივარ ყოველ დღე, როცა მუზეუმის კუთხეებზე ვმუშაობ…. და იცით რატომ? ყველაზე მეტად ეთნოგრაფიულ მუზეუმებში ნივთების, სხვისი ტანსაცმლისა და უადამიანოდ გაშლილი სუფრების სიჩუმის მეშინია.

ამიტომ ჩვენს მუზეუმში მუდამ იქნება სიმღერა და ქოთქოთი. ჰოდა, ეს მაწვნის ამბავიც მუსიკის ფონზე წაიკითხეთ.

ვისაც 1920-იანი წლების პარიზში, ხელში კალათით ველოსიპედიანი კაცი უნახავს, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს კაცი ბოლშებიკებისგან დევნილი საქართველოს შეიარაღებული ჯარების სარდალი გენერალი გიორგი კვინიტაძე შეიძლება ყოფილიყო.

კალათაში ქართული მაწვნებით თავს ირჩენდა ემიგრანტი გენერლის ოჯახი და ამ ბიზნესით 1930-იან წლებში, პარიზთან ახლოს დაბა შატუში შესანიშნავი სახლი იყიდა….

ახლა უკვე ბევრმა იცის ეს ამბავი და მაგრამ, როცა მე თავად გენერლის შვილმა ნინომ პარიზში მიამბო, არც ისეთი ცნობილი იყო…

ჰოდა, ჩვენს მუზეუმში მუდამ იცხოვებს ეს ექსკლუზივი.

პარიზში გადახვეწილ კვინიტაძეებს თან ახლდათ ნინოს ძიძა ბაბალე და სწორედ ბაბალემ დაიწყო პირველმა ბავშვებისთვის მაწვნის ჩაყენება…. გენერალმა ბაბალეს რეცეპტი მთელს პარიზს დააგემოვნებინა და უკვე დასამალი არ არის, რომ ქართული მაწვნის ნოტები გადატანილია იოგურტების მწარმოებელი ცნობილი კომპანიის “დენონის” ფორმულაშიც….

ასე წავიდა გენერლის ოჯახთან ემიგრაციაში – ერთად თბილი, ქათქათა, ისტორიული – ქართული მაწონი. 

როცა მიდიხარ თან ვერ მიგაქვს სახლი, ვერ მიგაქვს მთები და ზღვები, ბეჭდები და ზარდახშები, დროშები და ზარბაზნები, მაგრამ მიგაქვს სუნი, გემო, რეცეპტი და შენთან ერთად გლობუსის ნებისმიერ წერტილში ასე აცოცხლებ შენს სამშობლოს….

გემო – სამშობლოა, სუნი – სამშობლოა.

#გასტრონომიული მუზეუმში გენერლის მაწონი!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი, გასტრონომიული მუზეუმის ხელმძღვანელი ესმა კუნჭულია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close