საზოგადოება

ქართველი ადვოკატების მოგზაურობა დავით-გარეჯში (მეოთხე ნაწილი)

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

საოცარი იშხანი და ქალაქი იუსუფელი, რომელსაც ერთ წელში წყალი დაფარავს

იშხანი, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდებარეობს ტაოში, მდინარე ოლთისის წყლის მარჯვენა ნაპირზე. ეს ტერიტორია ამჟამად თურქეთს ეკუთვნის, კერძოდ, ართვინის პროვინციას, იუსუფელის (Yusufeli) რაიონს. როგორც ცნობილია, იშხანის სამონასტრო კომპლექსში, ილარიონ იშხნელის დაკვეთით, გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესტიის სახარებად ცნობილი. არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია IX საუკუნის I ათეულ წლებში გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა განაახლა. X საუკუნეში იგი კვლავ საფუძვლიანად აღადგინეს, მაგრამ საბოლოო სახე ტაძარმა 1032 ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო. იშხნის თავდაპირველი, ნერსესისეული, ტაძრისაგან გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდა, სვეტებზე თაღების მწკრივით. ძველი აფსიდა გარედან მთლიანად დაფარულია ახალი კედლებით. 2011 წ. ქართულმა ექსპედიციამ გამოავლინა მანამდე უცნობი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ვინმე „თრდატის ძე“, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო ტაძრის ერთ-ერთი ხუროთმოძღვარი.

მას შემდეგ, რაც ტაო-კლარჯეში საქართველოს ტერიტორიას აღარ წარმოადგენდა, ტაძარს, წლების განმავლობაში მეჩეთად იყენებდნენ. ართვინიდან იშხანში მისასვლელი სამანქანო გზა მთებშია გაჭრილი. ჩვენ ვნახეთ კომფორტული, სამანქანო გვირაბების საოცარი კომპლექსი. გვირაბს გვირაბი მოსდევდა და დასასრული არ ჰქონდა. ყველაზე გრძელი გვირაბი 2 000 მეტრის აღმოჩნდა.

 

.

.

.

მოკლედ, 80 კილომეტრიანი გზა კლდეებში გამოჭრილ 40 კომფორტულ გვირაბში გავიარეთ. შემდეგ კი მაღალი მთის წვერზე ავედით საკმაოდ საშიში გზით და ჩვენს თვალწინ გადაიშალა ულამაზესი სოფელი – იშხანი. როგორც გვითხრეს, აქ ძირძველი ქართველები ცხოვრობენ, თუმცა ქართულად მოლაპარაკე ვერავინ ვნახეთ.

.

.

იშხანის დანგრეული სამონასტრო კომპლექსი სოფლის შუაგულში დაგვხვდა. ტაძარი კი ნაწილობრივ არის რესტავრირებული. როგორც ცნობილია, საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმების თანახმად, იშხნისა და ოშკის რესტავრაცია ქართული მხარის მიერ ხორციელდება. ისტორიული წყაროებიდან ცობილია, რომ იშხანის კომპლექსის ირგვლივ ბევრი ნაგებობა იყო, მაგრამ ჩვენამდე შემორჩა მხოლოდ მთავარი ტაძარი და მის ახლოს მდგომი მცირე ეკლესია. მართლმადიდებლური ჯვარი ტაძარს გარედან მხოლოდ კარის ორნამენტზე აქვს.

.

.

.

.

.

.

ტაძრის კარი დაკეტილი დაგვხვდა. ჩვენმა მასპინძელმა ადვოკატებმა გასაღები ეძებეს, მაგრამ ვერ მიაკვლიეს, ამიტომ იმედგადაწურულები, რომ ტაძარს შიგნიდან ვერ ვნახავდით, იქვე მიყუდებულ პატარა კიდეზე ავძვერით და შიდა ნაწილი სარკმლიდან დავათვალიერეთ.

ტაძრის უკან, რამდენიმე მეტრში, მეჩეთი დგას. სამონასტრო კომპლექსის ეზოდან გამოსვლა რომ დავაპირეთ, მეჩეთში ლოცვები დაიწყო. აქაც ყველა ლოცვა მიკროფონით გადაიცემა და მთელ სოფელს ესმის.

ჩვენი თურქი მასპინძლების პატივისცემის მიზნით, გადავწყვიტეთ, მეჩეთში შევსულიყავით.

იქიდან გამოსულებს კი სასიხარულო ამბავი დაგვხვდა. გვითხრეს, ტაძრის გასაღებს რამდენიმე წუთში მოიტანენო. ცოტა ხანში ჩვენ საოცრების მომსწრენი გავხდით…

იშხანის მთავარი ტაძარი ჯვარ–გუმბათოვანი ნაგებობაა. ინტერიერში მკაფიოდ იკითხება ჯვრული კომპოზიცია. ჯვრის მკლავებიდან მხოლოდ გვერდითებია ერთნაირი სიგრძის. აღმოსავლეთის მკლავი თითქმის სამჯერ გრძელია გვერდითა მკლავებთან და დასავლეთის მკლავთან შედარებით. ტაძრის საკურთხეველი, აფსიდის გარდა ორსართულიანია. ქვედა სართული წარმოადგენს უწყვეტ კოლონადას. მისი ნალისებრი თაღები ეყრდნობიან რვა სვეტს. თვითონ კოლონადა იწყება არა იატაკიდან, არამედ საკმაოდ მაღლიდან, რაც აძლიერებს მის დეკორატიულ ხასიათს. განაპირა თაღები დანარჩენებზე უფრო მაღალია. ორმაგი თაღები განლაგებულია საკურთხევლის მეორე სართულზე, ერთადერთი სარკმელის გვერდებზე. პატრონიკეები კი საკურთხევლის ორივე მხარეს და ერთმანეთთან არ არის შეერთებული. პატრონიკეებში მოხვედრა შესაძლებელი იყო მისადგმელი კიბით. მათი იატაკი არ არის ერთ დონეზე, ამიტომ თაღებიც სხვადასხვა დონეზეა. აფსიდის ირგვლივ გალერეაა. ეს გალერეა არ არის ტიპიური, იგი ტაძრის გადაკეთების შედეგია. თაღები იმ ეკლესიის ფრაგმენტია, რომელიც VII საუკუნის 30–იან წლებში იყო აშენებული. გალერეა გადახურულია ცილინდრული კამარით და ნათდება სამი სარკმელით. გალერეის უკან, პირველ სართულზე, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან განლაგებულია სადიაკვნე და სამკვეთლო. ვინაიდან იყო გამოყენებული შედარებით ძველი ნაწილი, ისინი უჩვეულოდ გრძელებია და აქვთ არატიპიური გეგმა. ტაძრის ცენტრალური ნაწილი განათებულია გუმბათში გაჭრილი და ჯვრის მკლავებში განლაგებული სარკმლებით, თითო–თითო სარკმელია აფსიდში და დასავლეთ კედელში, ორ–ორი გვერდითა მკლავებში. სარკმელები განლაგებულია ასიმეტრიულად.

.

.

ტაძრის სიდიადით გაოცებულებმა, იმაზე ფიქრით, რომ აქ ერთ დროს ჩვენი წინაპრები ლოცულობდნენ, ქართული საგალობლები შევსრულეთ და საქართველოდან წაღებული სანთლები ავანთეთ.

ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის დროს, ჩვენი „ბოლო გაჩერება“ ქალაქი იუსუფელი იყო. მასპინძლებმა ქართველი ადვოკატები აქ სადილზე დაპატიჟეს, შემდეგ კი ართვინის ბარის წევრმა, ადვოკატმა ალი იღითმა საკუთარ სახლში მიგვიპატიჟა. პატარა ქალაქი იუსუფელი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, თუმცა, როგორც შევიტყეთ, ერთ წელში ქალაქს წყალი დაფარავს. კაშხალის მშენებლობის გეგმა მთავრობას უკვე დამტკიცებული ჰქონია. გეგმის მიხედვით, ყველა მოსახლე უნდა დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით და ქონების შესაბამისი სარგოც მიიღოს, ამიტომ, აქ მაცხოვრებლები არ დარდობენ. მათ იციან, რომ ეს ტერიტორია ქვეყანას აღმშენებლობისთვის სჭირდება და ამ გეგმის მიხედვით, არც თავად დაზარალდებიან.

.

.

ალი იღითის ლამაზი სახლი ქალაქის განაპირას, პატარა გორებს შორის არის მოქცეული. ეზოში აუზი აქვს, იქვე კი ვენახი აქვს გაშენებული. სწორედ ამ ვენახში მოწეული ყურძნით გაუმასპინძლდა ალი ქართველ კოლეგებს, შემდეგ სამახსოვრო ფოტოსურათებიც გადავიღეთ. საუკეთესო შთაბეჭდილებებით დავემშვიდობეთ ართვინის ბარის წარმომადგენლებს და ჩვენს გულთბილ მასპინძლებს. ტაო კლარჯეთიდან საქართველოსკენ უდიდესი მადლი მოგვაცილებდა…

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close