სიღნაღის ამბები

სიღნაღის სასტუმრო, რომელიც პიერ რიშარს უნდა გაეხსნა, იყიდება _ ,,ვერ გადავიხდი თვეში 1500 ევროს”

ბიზნესმენი და ყოფილი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ამბობს, რომ ბოლო თვეებში ისეთი მასალები  დაუგროვდა, რომელთა გამომზეურებითაც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს და ადამიანებს სიმართლეს გააგებინებს. მანამდე კი ცდილობს, ამოვიდეს ბანკის ვალიდან, რომელიც კახეთში სასტუმროს გაკეთებისთვის აიღო.

ლალიმ ბიზნესი წარმატებით ააწყო. სერიოზული ხელშეკრულებებიც დადო, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაეყარა. ახლა იძულებულია, სიღნაღის სასტუმრო  გაყიდოს, რომ კრედიტი დაფაროს.

რა ეჭვები აქვს ლალი მოროშკინას და ვინ ცდილობს, შექმნილი კრიზისით ხელი მოითბოს, ამ ყველაფერზე ის  ,,სარკესთან” საუბრობს.

   ლალი მოროშკინა:

_ ბევრჯერ ვიყავი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მაგრამ მე ვარ ის ჩინოსანი, რომელმაც ისე დატოვა ეს თანამდებობები, რომ ჯიბეში თეთრი არ დარჩენია. ამიტომაც მოვიფიქრე პროექტი, რომელიც შეკვეთილში 4 კოტეჯის აშენებას ითვალისწინებდა და განვახორციელე კიდეც. მაშინ შეიძლება ვიღაც ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი ვინმემ მაჩუქა, მაგრამ მიწა ძალიან ადრე მქონდა ნაყიდი, კოტეჯები კი ბანკის ვალით ავაშენე.

ამის მერე ოთხივე კოტეჯი გავყიდე და ეს თანხა გადმოვისროლე კახეთში, რადგან გენები მაინც კახური მაქვს. ჩემი ბებია თავადის ქალი იყო _ სოფიკო ვაჩნაძე. კოტეჯების ფულს დავამატე ბანკის სესხი და ვიყიდე ორი პატარა საკარმიდამო, რომელთა გაკეთებაც ნულიდან დავიწყე. გავაკეთე ერთი სასტუმრო და ერთიც რესტორანი.

გასულ წელს სასტუმრო ისე კარგად ვამუშავე უცხოელებზე, ,,ბუქინგმა” 9,1 მუდმივი ქულა მოგვანიჭა, რაც დიდი წარმატების მანიშნებელია. რესტორანი კი წელს, 2 აპრილს ფრანგ მსახიობ პიერ რიშარს უნდა გაეხსნა. მარტის ბოლოს ჩამოვფრინდი საფრანგეთიდან, სადაც პიერ რიშართან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. მასთან კონტაქტი დათო ბეჟიტაშვილის დახმარებით შედგა.

რიშარი სიღნაღში ,,ვინარეის” გასახსნელად ჩამოდიოდა და ჩამოჰქონდა თავისი ფრანგული ღვინო, ჩვენ დავახვედრებდით კახურ ღვინოებს და ლამაზად, ზეიმით გავხსნიდით სეზონს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩავარდა და არა იმიტომ, რომ მსოფლიო პრობლემაა კორონავირუსთან დაკავშირებით. საქართველოს ამ ბიოლოგიურ ომში წვლილი არ მიუძღვის. აქ იყო მხოლოდ მეორადი, შესუსტებული შტამი და ამ ომშიც არ უნდა შევსულიყავით ფართომასშტაბით.

ახლა რეალობა არის ის, რომ 150 ათასი ევრო მაქვს ბანკის ვალი. ახალი რეგულაციებით და სამი ნომრის ამუშავებით კი წარმოუდგენელია, ვალი გადავფარო.

ტელეკომპანიებით გვიჩვენებენ მთავობის წევრების სტუმრობას ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, რომელთაც სახელმწიფო დაეხმარა ჩვენი ბიუჯეტიდან და კარანტინში მათთან მყოფი ადამიანების გამო თანხები მიიღეს. ამით ამ სასტუმროებმა თანამშრომლები შეინარჩინეს, მე კი თანამშრომლებიც დავკარგე და იმ ხარჯის გაწევაც წარმოუდგენელია, რაც ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისთვის არის საჭირო.

მივიღე ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, რაც იმავე განცდას მგვრის, შვილი რომ გავყიდო. სხვა გამოსავალი კი არ მაქვს. ბანკებმა გადაგვივადეს მხოლოდ რამდენიმე თვე და, როცა გადასახადს მოგვთხოვენ, ვერამუშავებული ობიექტებიდან ფული როგორ უნდა გადავუხადოთ?!

__ გამოდის, რომ ბანკის ვალის გამო ყიდით შვილივით მოვლილ სასტუმროს?

_ ვერ გადავიხდი თვეში 1500 ევროს. როცა ვალს ვიღებდი, ბიზნესგეგმა შევადგინე და კარგად გავთვალე, როგორ უნდა გადამეფარა, მაგრამ, როცა ყოველდღე გამოდის ეპიდემიოლოგი და ამბობს, დავიქცევით, მეორე ტალღა იქნება, ტურიზმი საშიშია და ასეთი უბედურება ხდებაო, როგორ შეიძლება რომელიმე ჭკუათმყოფელი ჩამოვიდეს საქართველოში?

ევროპა ნიღბების გარეშე იღებს ტურისტებს, უამრავი კურორტი გაიხსნა _ თურქეთი, საბერძნეთი და რა უნდათ საქართველოში? ტურისტები უსმენენ ჩვენი ეპიდემიოლოგების რიტორიკას, რომ შეიძლება მეორე ტალღა დაგვეწიოს ივლისში ან სექტემბერში, ის ნამდვილად გაგვანადგურებს და ა.შ. შეურაცხმყოფელია ისიც, რომ ტურისტს, რომელიც 40 გრადუს სიცხეში პირბადით ჩამოვა კახეთში, სადეზინფექციო ხსნარი აპკურო.

ასეთ გარემოში არავინ ჩამოვა და თუ ჩამოვა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მართლაც მოიგონონ მეორე ტალღა და მედიკამენტების, თერმომეტრებისა და პირბადეების ახალი პარტიები გაყიდონ.

ეს არის ცუდად დაგეგმილი სპეკტაკლი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ზუსტად ვიცი, რა განწყობაა კახეთში _ ადამიანებს სული კბილით უჭირავთ. საკუთარ სახლებში გახსნეს ,,გესტჰაუსები” და ახლა ფაქტობრივად დაიქცნენ. პროგნოზს ვაკეთებ, რომ მშიერი ხალხის ბუნტი იქნება, რადგან არავინ არანაირი შეღავათი არ მიიღო, არც ერთმა ადამიანმა!

__ აბა, ხელისუფლება რომ აცხადებს, მეწარმეებს ვეხმარებითო?

_ აღმოჩნდა, რომ უნდა იყო მცირე მეწარმე და ამ შემთხვევაში რამდენიმე თვე გადაგიხდიან პროცენტის პროცენტს, რაც არის დაცინვა. ქვეყანა გადაიყვანეს გასული საუკუნის 90-იან წლებში. მაშინაც ჩემნაირებ,ა გაყიდეს ქონება, შვილები რომ ერჩინათ და ვინც იყიდეს, დღეს ისინი არიან თბილისში რუსთაველის, ,,პლეხანოვის” მფლობელები.

სამწუხაროდ, მშრომელი ადამიანები, რომლებიც არ არიან მომხვეჭელები, პარლამენტითა და სიებით არ სპეკულირებენ, ყოველთვის მძიმე მდგომარეობაში  ხვდებიან. ოპტიმისტი ვარ და შემიძლია, კვლავ ნულიდან დავიწყო ცხოვრება, მაგრამ გული მწყდება, რომ ასეთი რამ ხშირად მიწევს. ვისაც ფული აქვს, ამ დროს ყველაზე კარგია, რამე შეიძინო. ვინც ჩემს სასტუმროს იყიდის, სიკეთეში მოიხმაროს.

__ უნდა ვიფიქროთ, რომ ინვესტორებიც თქვენსავით  მოიქცევიან?

_ არა, პირიქით, უცხოელი ინვესტორები შეისყიდიან ყველაფერს, რასაც ახლა ჩემნაირი მეწარმეები გაყიდიან. მე მყავს ირანელი და ჩინელი კლიენტები, რომელთაც ჩემი სასტუმროს ყიდვა უნდათ. ამ ზაფხულს საქართველო გაიყიდება! ჩემნაირი ადამიანები, რომელთაც აქვთ ბანკის დავალიანება,  რუდუნებით აშენებულ ბიზნესს გაყიდიან და შემოვა თურქული, ირანული და ჩინური ინვესტიცია.

ამ ტემპით თუ გაგრძელდება, 10 წელიწადში საქართველოში ქართულ საუბარს ვეღარ გავიგებთ. გასულ კვირას ჩამოვედი ბათუმიდან და იქაურობა  მთლიანად აქვთ ნაყიდი რუსებს, ყაზახებს, ირანელებს და თურქებს. როგორც იქ არ ისმის ქართული, ასე იქნება ცოტა ხანში კახეთშიც.

სამწუხაროდ, ალბათ ეს არის ჩვენი ჯვარი. ცხადია,  გადასარჩენი გზაც არსებობს. შექმნილია ჯგუფი, თუ როგორ დავაღწიოთ ამ ხიფათს თავი მეწარმეებმა. შალვა ალავერდაშვილმა ეკონომიკის სამინიტროსთან აწარმოა მოლაპარაკებები.

ბანკები ამბობენ, სახელმწიფომ გადაგვიხადოს მილიონ 200 ათასი და სესხებს ერთი წელი გადავავადებთო. ასე რომ მოხდეს, ყველა გადავრჩებით და ჩვენი ქონებაც დარჩება საქართველოს, ქართველებს და არა _ უცხოელებს.

__ მთავრობა უარს ამბობს ამ დახმარებაზე?

_ ჯერ მზაობა არ არის, მაგრამ ვიცი, რომ მთავრობაში არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ზრუნავენ, რომ საქართველოში დარჩეს ქართული ინვესტიცია და უცხოელებმა არ ჩაიგდონ ხელში.

__ სახელმწიფო ამბობს, რომ ივლისიდან საქართველო პირველ ტურისტს მიიღებს ისრაელიდან. სავარაუდოდ, ამ ტურისტებს უმასპინძლებენ  სასტუმროები, რომლებიც სახელმწიფომ პანდემიის დროს გამოიყენა იზოლაციისთვის, ანუ  ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები. მცირე სასტუმროები კი კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებიან. რა არის ასეთი განსხვავების მიზეზი?

_ მონოპოლიზაცია მოხდა და დიდი სასტუმროები პატარებს ჩაყლაპავენ. კარანტინის თანხები რომ გადაენაწილებინათ, ყველა ფეხზე დადგებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა _ მდიდრებს გაუწიეს დახმარება და არა _ მათ, ვინც საკუთარი ხელით, ოჯახის წევრებთან ერთად ქმნიდნენ ბიზნესს.

ისრაელიდან წამოსული ადამიანები იმხელა წნეხის ქვეშ უნდა მოექცნენ საქართველოში, რატომ ჩამოვლენ, როცა გვერდით აქვთ არაჩვეულებრივი კურორტები, სადაც ეს შეზღუდვები არ ექნებათ?! თუ მაინც ჩამოვლენ, წავლენ ხუთვარსკვლავიან სეგმენტში და ვინ უნდა იხეიროს?

ვფიქრობ, რომ რაღაც ჯგუფის მიერ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ დიდი საბოტაჟი მიმდინარეობს და მას არასწორ ინფორმაციას აწვდიან. როცა ვნახე, რომ პრემიერი მიხეილ რამიშვილთან, იგივე ზარალასთან ერთად იყო კახეთში, მაშინვე გამიჩნდა კითხვა, რატომ არავინ ურჩია, რეალობის გასაცნობად პატარა სასტუმროებში მისულიყო?

პატარა სასტუმროების სეგმენტია გადასარჩენი, თორემ რამიშვილი და მისი მსგავსი ძლიერი ბიზნესმენები ისედაც მშვენივრად გადაირჩენენ თავს და შეძლებენ, კრიზისი დაძლიონ. პრემიერს ვიზიტი არასწორად დაუგეგმეს, რაც, ჩემი აზრით, საბოტაჟი იყო.

პრემიერი როგორც კი გამოვიდა და თქვა, ტურისტულ სეზონს გავხსნით და კახეთი პირველი იქნებაო, 15 წუთში ტელევიზიით გამოვიდა სამი  ეპიდემიოლოგი და თქვეს, კატასტროფა მოხდება, შეიძლება ჩვენს ქვეყანაშიც იგივე მოხდეს, რაც იტალიაში მოხდაო.

ეს ტურიზმის გამანადგურებელი ინფორმაციები იყო და პრემიერის განცხადებას აბათილებდა. ეს ყველაფერი კი მოხდა ერთსა და იმავე დღეს, რაც საყურადღებოა.

__ თავად როგორ ხსნით ამ მდგომარეობას _ კორონავირუსი არ არსებობს და ეს არის პოლიტიკური თამაში?

_ პრემიერი პიროვნულად ბევრს აღიზიანებს, ცდილობენ, რომ საქმე გაუფუჭონ. გლობალურად კი ეს გახლავთ ბიოლოგიური ომი, რომელშიც საქართველო კი არა, ამერიკა, რუსეთი და ირანი მონაწილეობენ. მესამე მსოფლიო ომი მიდის, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ეს არ შეხებია.

შეგვეძლო, ეკონომიკა არ ჩამოგვენგრია, უაზრო აკრძალვები არ დაგვეწესებინა, მაგრამ ვის უნდა ეთქვა ეს? იმ ექიმებს, რომლებიც საარჩევნო სიებში ჩასაწერად ,,ჩალიჩობენ?!”. ისინი, რომელთა უკანაც არის პირბადეების, წამლების, სადაზღვევო კომპანიებისა და კლინიკების ბიზნესები?! მათ მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება.

კარგი იქნება, პრემიერს ინფორმაციას დამოუკიდებელი, არაანგაჟირებული ექიმები თუ მიაწვდიან, რომელთა უკანაც რაიმე ბიზნესი არ დგას.

ამ ფსიქოზის გამო დღეს უამრავი ადამიანი კვდება ინსულტით, ინფარქტით. პოსტკრიზისული დაავადებები ახლა იჩენს თავს. აუცილებლად იქნება ფილტვების დაავადებებიც, რადგან სუნთქვა ნიღბით _ ეს ფილტვებისთვის კატასტროფაა! ასევე, ჩვენთან იქნება შიმშილიც.

ვისურვებდი, რომ პრემიერმინისტრს, რომლის მიმართაც კეთილგანწყობილი ვარ, კრიზისულ საბჭოში ჰყავდეს არა _ რობოტები, არამედ ჭკვიანი და არაანგაჟირებული ადამიანები. ძალიან წამგებიანი იყო მისი სტუმრობა ხუთვარსკვლავიან სეგმენტთან და მილიონერ ბიზნესმენებთან. ეს იმ დროს, როცა იცი, რომ იღუპება ოჯახური ბიზნესი და პატარა სეგმენტი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ქვეყანაში საბოტაჟია.

__ როგორც მახსოვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც ადანაშაულებდით. მასთან რა პრეტენზიები გაქვთ?

_ მე კი არ ვადანაშაულებ, ამერიკის პრეზიდენტი, ტრამპი, ადანაშაულებს და ამ ადამიანის მჯერა. მომწონს მისი დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ. ტრამპიც ადანაშაულებს ჯანმოს, რომელიც ყველაზე გახრწნილი და კორუმპირებული ორგანიზაციაა. მაშინ ჩვენ რატომ ვუქიცინებთ კუდს ჯანმოს? რა გამოდის, ჩინეთის კლანის მხარეს ვართ და იმ ადამიანების  წინააღმდეგ, ბიოლოგიურ ომში რომ იღუპებიან?

პოლიტიკურ ძიძგილაობას რომ არ გადავყოლოდით, უგვანო ოპოზიცია რომ არ იყოს ჩაბმული ომში, საღი აზრის მიწოდება შეგვძლებოდა პრემიერის აპარატისთვის და არ დაგვეზაფრა ხალხი, ასეთი შედეგი არ დადგებოდა. ორი თვის განმავლობაში  ადამიანების დიდი ნაწილი სახლიდან არ გამოსულა, რაც ნორმალური არ არის.

_ სასწრაფო დახმარების ექიმები ამბობენ, რომ გამოძახებების ძირითადი მიზეზი ამჯერად ნერვული სტრესია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

_ ეს გამოიწვია ადამიანების დათრგუნვამ, ზომბირებამ. ვიღაცას ხალხის ფსიქოლოგიური განადგურება სჭირდება ჯიბეების გასასქელებლად. ყველა ექიმის ხელფასი უნდა გამოქვეყნდეს. როცა თვეში 50 ათასი გაქვს შემოსავალი, ძალიან ადვილია, სხვას ურჩიო, სახლში დარჩიო.

__ ამბობდით, რომ დაინფიცირებულთან მიხვიდოდით, გადაკოცნიდით და ყველას გააგებინებდით, რომ ეს იყო დიდი აფერა. ეს რატომ ვერ მოახერხეთ?

_ 2 თვის განმავლობაში ყველფერი გავაკეთე, რომ კოვიდ-19 დამმართნოდა. ინფექციურში არაერთხელ მივედი, უბრალოდ ავადმყოფებთან არ მიმიშვეს.  ორპირში ვიწექი, სიცივეში თხლად მეცვა, ვინმე ცუდად თუ იყო, ყველას ჩავეხუტე. მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რა არის ეს ვირუსი, მაგრამ სურდოც კი არ დამემართა. 200 სურდოიანის გამო დაკეტეს და გააჩერეს ქვეყანა!

__ იყო საუბარი იმაზეც, რომ ეს ხდებოდა ადამიანების დასაჩიპად. ამაზე რას იტყვით?

_ ამ პერიოდში დავწერე ორი წიგნი _ ,,სამი დღე ვაქცინამდე” და ,,ცარიელი კუბო”. იქ ყველაფერი წერია. კოლაიდები იდგმება ცარიელ ქუჩებში, რომლებიც დამაკავშირებლებად სჭირდებათ ილონ მასკსა და ბილ გეითსს. ვაქცინა თხევადი ჩიპია და ეს არ არის ფანტასტიკის სფერო. ბევრს აქვს მოსმენილი გეითსის გამოსვლა, სადაც მან, სოროსმა და როკფელერმა თქვეს, მოსახლეობა უნდა შევამციროთო.

ყველაფერი კეთდება მიზანმიმართულად.  ზომბირებულ ადამიანს შეიძლება ცხვირწინ თითი აუქნიო და ამის გამო გარდაიცვალოს, რადგან ბომბი ეგონოს. სამმილიონიანი ერი წლის ბოლომდე ალბათ მილიონნახევარი ვიქნებით, მათი გეგმით თუ წავიდა ყველაფერი.

ჩვენ ახლა მივიღებთ იმ კუბოებს, რომლებსაც აანონსებდნენ. შეგიძლიათ, გადარეკოთ ნებისმიერ საავადმყოფოში და გაიგებთ, როგორ მოიმატა ინსულტებმა და ინფარქტებმა. შეიძლება მეოთხე სტადიის სიმსივნე განიკურნოს რწმენით და ამავე დროს სურდო გახდეს სიკვდილის მიზეზი.

საბედნიეროდ, ეკლესიის კლასტერი არ გამოუვიდათ. როგორ შეიძლებოდა, ექიმებს პატრიარქთან ასე ებაკუნებინათ ფეხები. დაკეტე ეკლესიაო, მხცოვან ადამიანს უყვიროდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ეკლესიურობით არ გამოვირჩევი, აღდგომის ღამეს ფეხით წავედი მამკოდის ეკლესიაში, ჩემი ძმა კი სამებაში წავიდა. იქიდან დამირეკა და მითხრა, პოლიტიკოსებიდან ირმა ინაშვილის მეტს ვერავის ვხედავო.

იმ ღამეს მოძღვრები ტიროდნენ, რომ მაინც დაინთო სანთლები, ხალხმა კილომეტრები გამოიარა და მაინც მოვიდაო. 100 პროცენტით ვიცი, რომ იგივე უნდათ გააკეთონ იანვარში, შობის ღამეს. გადაწყვეტილი აქვთ, ჩაკეტონ ეკლესია, მაგრამ ამას ხალხი არ დაუშვებს.

__ ,,ექიმი პოლიტიკოსია, პოლიტიკოსი _ მავნებელი, ჟურნალისტი _ ,,პადჟიგატელი”, დაპირება, გადაგდება, სხვისი ჭირი _ ღობეს ჩხირი, ყველაფერი ,,პრავდება”, ხალხი ბრბოა”, _ დაწერეთ სოციალურ ქსელში. რას გულისხმობდით კონკრეტულად?

_ პროცესები ჟურნალისტების ისტერიკული ტონით დაიწყო _ ყველა მოკვდება, ყველა ავად არისო. ეს იყო ძალიან ცუდი თამაში. როგორი მოდელირებული ,,ქრონიკაც” გააკეთეს და ხალხი დაზაფრეს, ახლაც ასეთივე მოდელირებული სიუჟეტები გადიოდა. რა საჭირო იყო კუბოების ჩვენება, ავადმყოფების ფოტოები?! ჟურნალისტები ბომბდამშენებად გამოიყენეს.

პოლიტიკოსები ექიმებთან ერთად უგნურად იქცეოდნენ. იმის ნაცვლად, რომ ხალხი დაეწყნარებინათ, ჰიპოკრატეს ფიცი თავზე დაგვახიეს. ხალხი კი პირბადემიფარებული ცხვრების პოზაში აღმოჩნდა. პირბადე კლავს, რადგან ის ნახშირორჟანგი, რომელიც  ამოდის ორგანიზმიდან და ისევ ორგანიზმში ჩადის, პარაზიტებს ამრავლებს და ადამიანს კლავს.

__ დაწერეთ, მერე ვიტყვი, ბოლნისში რაც ხდებოდა, ამისთვის ჯერ მზად არ ხართო. ასევე _ სექტემბერში დიდი ამბები დაგვიანონსეთ. იქნებ ამ ფრაზების ქვეტექსტები გაგვიმხილოთ.

_ ბოლნისის ამბებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. დრო მოვა და ყველაფერს ვიტყვი. სექტემბერში ძალიან დიდი ძვრები იქნება, რადგან ხალხი შოკიდან გამოვა. მეტსაც გეტყვით, ორ-სამ კვირაში ბევრ რამეს მოეფინება ნათელი, ბევრი ინფორმაცია ამოტივტივდება.

დიდ ქვეყნებში არაფერი იმალება. იტალიაში, ესპანეთში გასკდა ამბები, როგორ დახოცეს მოხუცები, საპენსიო ფონდიდან პენსიების გადახდა რომ არ უნდოდათ და აქ დაიმალება რამე?

შეუქცევადი პროცესებია დაწყებული და ტრამპი უკან არ იხევს. რა წუთშიც ტრამპი მეორედ გაიმარჯვებს არჩევნებში, მაშინვე ამ აფერაში მონაწილე ყველა ადამიანის დასჯას დაიწყებს და ეს ტალღა საქართველოშიც აუცილებლად გადმოინაცვლებს. თანაც უკვე ვიცით, რომელ სამზარეულოში რა სახის გარიგებები მოხდა და ამასაც გამოვაქვეყნებთ.

__ ამტკიცებთ, რომ კოვიდ-19 საერთოდ არ არსებობდა?

_ ეს შტამი დაიწყო ჩინეთიდან, მაგრამ ჭკვიანი ადამიანი დასვამს კითხვას: თუ იყო უხანში, რატომ გავრცელდა იტალიაში და არ გავრცელდა ჩინეთის სხვა ქალაქებში? სადაც აწყობდათ, შტამი იქ დაყარეს. როგორც კი ტრამპმა თქვა, ეს დაავადება არ არსებობს და ამერიკა ჩვეულებრივად გადაიტანსო, იმ დღიდან დაყარეს დიდი რაოდენობით ნიუ იორკში.

ეს აწყობდა იმ კლანს, რომელიც ჩინეთში ამუშავებს ქარხნებს _ ბილ გეითსის კლანს. ჩვენთან არაფერი დაუყრიათ, მაგრამ აქ ხუთმა ადამიანმა ამით მილიონები გააკეთა. იმედია, მათ მალე გამოავლენენ.

ნიჭიერ და ახალგაზრდა ექიმებს ამიტომაც არ აუნთეს მწვანე შუქი. დაპირისპირება იყო შიგნით. მათ არც ეთერი დაუთმეს და არც უფლება ჰქონდათ, ის ეთქვათ, რაც რეალურად ხდებოდა.

ასე რომ, ძალიან ბევრი მამხილებელი მასალა მაქვს და მიფრთხილდნენ! ბობოლებმა კარგად იცოდნენ, მთელი მათი საქმეები მიჭირავს ხელში _ ვინ როდის და როგორ გააკეთა ფული. მასობრივი აცრებიც, რომლის ანონსაც აკეთებენ, მათ მიერ დადგმული სპექტაკლის  ნაწილია, რომ საქართველოს მოსახლეობა მილიონნახევრამდე ჩამოიყვანონ. ასე რომ, მიფრთხილდნენ!

 ნელი ვარდიაშვილი, ჟურნალი ,,სარკე”

Related Articles

Back to top button
Close