სიღნაღის ამბები

სიღნაღის მერიამ euronews.ge-ში გაშუქებული პრობლემის აღმოფხვრა დაიწყო_ გიორგის ვულოცავთ გამარჯვებას!

სიღნაღის მუნიციპალიტეტმა euronews.ge  – ს კრიტიკულ წერილზე რეაგირება მოახდინა, რაც სასიხარულოა როგორც ჩვენთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლებია პრობლემის აღმოფხვრას უშედეგოდ ცდილობდნენ.

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში და ანაგა-ვაქირის საზღვარზე ხევის ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ ვაქირის საზღვართან მიმდინარე სამუშაოები დასრულდა, ხოლო ე.წ.“მთავარანგელოზის ხევის“ გაბიონების მოწყობა უახლოეს დღეებში დასრულდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან -„სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით“ დაფინანსდა, რომელზეც 422 0211 ლარი დაიხარჯა.
#სტიქიისპრევენცია
#გაუმჯობესებულიინფრასტრუქტურა” _ ვკითხულობთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე. 

euronews.ge 2019 წლის 4 ივნისს წერდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაქირის მკვიდრის, გიორგი შოშიაშვილის გასაჭირის ამბავს. ჩვენმა ჟურნალისტმა გიორგი სახლში მოინახულა და მის პრობლემებსაც ადგილზე გაეცნო. საქმე იმაში გახლდათ, რომ შოშიაშვილების წალკოტად ქცეულ ეზო-ყურეს, ანაგა-ვაქირის მიჯნებზე არსებული ხევი, წალეკვით ემუქრებოდა. კომუნისტების დროს ხევს ჯებირი გაუკეთეს, მაგრამ, გასულ წელს ხევი ადიდდა, წყალი მოვარდა და ჯებირი დაანგრია, რის შემდეგაც, ჩემს სახლსა და ეზოს საფრთხე დაემუქრაო, გვითხრა გიორგიმ. გიორგის დედა, 84 წლის ეთერ შოშიაშვილი შეშინებული დაგვხვდა და შემოგვჩივლა, ვლოცულობ, რომ წვიმა არ მოვიდეს, ხევი არ ადიდდეს და არ წაგვლეკოსო. 

გიორგიმ მოგვიყვა, რომ სიღნაღის მერს არაერთხელ მიმართა, საკრებულოს თავმჯდომარესაც გააცნო მისი ოჯახის პრობლემა, მაგრამ ყველა მხოლოდ დაპირებებით მკვებავს და მე და მოხუც დედას შიშის გვეშ გვაცხოვრებენო. (იხ. euronews.ge -ს სტატია აქ)

მოკლედ, ჩვენი წერილი აღმოჩნდა დაზარალებულ მოქალაქესა და მუნიციპალიტეტს შორის არსებული ჩატეხილი ხიდის აღმდგენელი და აი, პრობლემის მოგვარებაც დაიწყო. გიორგის ვულოცავთ გამარჯვებას!

Related Articles

Back to top button
Close