საზოგადოება

,,მიხეილ სააკაშვილი რადგან მიირთმევს მსუბუქ ფაფებს და წვენებს, მას სასიკვდილო საფრთხე არ ემუქრება”

,,ამ ისტერიამ, ძალაუნებურად, ყველა ჩაგვითრია, ვითომ სხვა საზრუნავი არ არსებობდეს და ირგვლივ ყველაფერი ჩონგურივით იყოს აწყობილი"

ამ ქვეყანას იმდენად აერია რამსები, რომ ერთი თვეა, მისთვის ყველაზე აქტუალურ და საჭირბოროტო თემად ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობა იქცა. გაზეთებში ამის შესახებ წერენ, ტელევიზიებით ამას გადმოსცემენ, სოცქსელებში ამაზე მსჯელობენ და ორღობეშიც ამაზე ჭორაობენ. ამ ისტერიამ, ძალაუნებურად, ყველა ჩაგვითრია, ვითომ სხვა საზრუნავი არ არსებობდეს და ირგვლივ ყველაფერი ჩონგურივით იყოს აწყობილი. ამ ყველაში, “ყვარყვარეს” პერსონაჟის არ იყოს, მეც ვიგულისხმები. სააკაშვილის ყბადაღებულ შიმშილობას რამდენჯერმე უკვე გამოვეხმაურე. ამ ერთხელ კიდევ დავწერ და, იმედი მაქვს, საბოლოოდ. მთლად “ჟელეზნად” ვერავის დავპირდები, მაგრამ ვეცდები მაინც.
ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა არგუმენტები, საბოლოდ, ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: 1) მიშა არის გმირი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე და მის გადასარჩენად ჩამოვიდა უკრაინიდან; 2) მას ესმოდა, რომ შეიძლება დაეპატიმრებინათ, მაგრამ შეგნებულად წავიდა ასეთ რისკზე ხალხის საკეთილდღეოდ და ზნეობრივი მაგალითის საჩვენებლად; 3) ყოფილი პრეზიდენტის ერთ თვეზე უფრო ხანგრძლივი შიმშილობა არის უპრეცედენტო თავგანწირვის ფაქტი, რომლის მსგავსი არ იცის საქართველოს ისტორიამ და ბოლოს 4) ამ შიმშილობის შედეგად მისი ორგანიზმი იმდენად გამოიფიტა, რეალურად შეიძლება დადგეს ლეტალური შედეგი. ამიტომ, აუცილებელია მისი სასწრაფოდ გადაყვანა მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.
არავინ მეგულება ისე გულუბრყვილო, ვერ მიხვდეს, რატომ გამორიცხავენ სააკაშვილის ფანები ციხის საავადმყოფოში მკურნალობას და რისთვის იჟინებენ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. ვინც მათ განწყობას და მოქმედების მეთოდებს იცნობს, იოლად მიხვდება, რა აქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა და აქ ამის შესახებ სიტყვის განგრძობას არ ვაპირებ. მინდა, უშუალოდ შიმშილობის თაობაზე გაგიზიაროთ რამდენიმე მოსაზრება, რადგან ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ამ აქტს სიმულაციად მიიჩნევენ. გუშინდლამდე ამგვარ მტკიცებას მხოლოდ ჰიპოთეტური ხასიათი ჰქონდა. გუშინდელის შემდეგ, როცა საზოგადოებამ იუსტიციის მინისტრის განცხადება მოისმინა და რუსთავის საპყრობილეში გადაღებული ვიდეოკადრები იხილა, ეს ვერსია უკვე დოკუმენტურად გამყარდა.
პოლიტიკური ლიტერატურა შიმშილობის, როგორც პროტესტის სამ ფორმას იცნობს: 1) ჩვეულებრივი შიმშილობა, როდესაც პიროვნება უარს აცხადებს საკვები პროდუქტების მიღებაზე და მხოლოდ წყლით კმაყოფილდება. ასეთ შემთხვევაში სიკვდილი შეიძლება დაფიქსირდეს დაახლოებით 2 თვის შემდეგ; 2) მშრალი, ანუ სასიკვდილო შიმშილობა, როდესაც მოშიმშილე არა მხოლოდ საკვებს, სითხესაც კი უარყოფს. ასეთ შემთხვევაში, სიკვდილი შეიძლება დადგეს მაქსიმუმ 8-10 დღის შემდეგ და 3) ნაწილობრივი შიმშილობა, როდესაც მოშიმშილე არაფერს ჭამს და სვამს მცირე რაოდენობით წყლისა და პურის გარდა. ნაწილობრივი შიმშილობის ფორმას, ხშირად, მკაცრ დიეტასთანაც აიგივებენ. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, ადამიანს სიკვდილის საფრთხე არ ემუქრება.
იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მ. სააკაშვილის შიმშილობის თაობაზე ვიცით (განსაკუთრებით – გუშინდელის შემდეგ), შეიძლება დავასკვნათ, რომ მისი პროტესტი ზემოთ ჩამოთვლილთაგან მესამე კატეგორიას უახლოვდება. იგი უარს აცხადებს ჩვეულებრივი საკვების ჭამაზე, მაგრამ, სამედიცინო მოსაზრებით, მიირთმევს მსუბუქ ფაფებს და ხილის წვენებს. ასეთი რეჟიმის პირობებში, ორგანიზმი, ბუნებრივია, რამდენადმე დასუსტდება, წონაში მოიკლებს, მაგრამ შეთვისებული ცილებისა და ნახშირწყლების ხარჯზე, ძირითადად, მაინც ახდენს თვითრეაბილიტაციას და ფიზიკური კონდიციის შენარჩუნებას. ყოველ შემთხვევაში, სასიკვდილო საფრთხე მას არ ემუქრება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნებისმიერი აპელირება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, უხვად შეზავებული ჰუმანიზმისა და ქრისტიანული მორალის ელემენტებით, არის ან მცდარი, ან გამიზნული სიყალბე და მისი სპეციალურ სტაციონარში გადაყვანის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს.
და მაინც, რა ხდება მაშინ, თუ მოშიმშილე უკიდურესად დასუსტდა და მას ნამდვილად ემუქრება სიკვდილის საფრთხე?
ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს იძულებითი კვების რეჟიმზე გადაყვანას, ოღონდ აქაც არსებობს გარკვეული შეზღუდვები და რეგულაციები.
საერთოდ, კრიტიკულ მიჯნაზე მყოფი მოშიმშილის იძულებითი კვება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 1975 წლის ტოკიოს დეკლარაციამ იგი აკრძალა, თუმცა გარკვეული დაშვებით. ამ დოკუმენტის თანახმად, მოშიმშილის მიერ საკვების მიღებაზე საერთოდ უარის თქმის შემთხვევაში იძულებითი კვება შეიძლება შეწყდეს, ოღონდ ამისათვის აუცილებელია, მინიმუმ ორმა, დამოუკიდებელმა მედიკოსმა მაინც დაადასტუროს, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტში პროტესტანტი სრულად აკონტროლებდა საკუთარ თავს და გააზრებული ჰქონდა ლეტალური შედეგის გარდაუვალი საფრთხე, იმის შემდეგაც კი, როდესაც ექიმებმა ეს მას პირდაპირ განუმარტეს . მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანმა შეგნებულად მიიღო პროტესტის ნიშნად შიმშილით თვითმკვლელობის გადაწყვეტილება, მას ამისი უფლება აქვს და ხელი არავინ უნდა შეუშალოს. როგორც ჩანს, დეკლარაციის სწორედ ეს მუხლი ჰქონდა მხედველობაში პრემიერ ღარიბაშვილს, როცა ერთი კვირის წინ ცნობილი განცხადება გააკეთა და მერე შეასწორა. მე პრემიერის სიტყვები არ მომისმენია, მაგრამ მისი “ორატორული უნარი” ვიცი და არ მიკვირს, რომ ამ განცხადებას ძალიან მძაფრი რეზონანსი მოჰყვა.
ზოგადად, საერთაშორისო სამართალი დასაშვებად მიიჩნევს იძულებით გამოკვებას, თუ იგი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის აუცილებლობითაა გამოწვეული, ოღონდ საპყრობილის ადმინისტრაციამ (ან ნებისმიერმა ორგანომ, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს) ასეთი აუცილებლობის მომენტი მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ მას ამისი უფლება არ აქვს, მით უმეტეს, თუ იძულებითი კვების პროცესში გამოიყენეს ხელბორკილი, სპეციალური მოწყობილობა პირის ღრუს ღია მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, ან მოშიმშილეს საყლაპავ მილში ძალდატანებით ჩაუდგეს რეზინის ზონდი საკვების მისაღებად. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საპყრობილის ადმინისტრაციის ამგვარ ქმედებას არაჰუმანური მოპყრობის, ან წამების კვალიფიკაცია მისცა.
ესაა საკითხის თეორიული ასპექტი და ვინც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს იცნობს, თვითონ დაასკვნას, როგორ მოიქცევა იგი ზემოთ აღწერილ სიტუაციაში.
მშვიდად დაიძინეთ! არ ინერვიულოთ…
ზურაბ დათუაშვილი, ისტორიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close