სიღნაღის ამბები

ქართული ოცნების მაღალჩინოსნების ლუსტრაცია _ სკანდალური დოკუმენტები სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან!

ექსკლუზივი

შემოდგომით ისეთი პოლიტიკური ხანძარი იქნება საქართველოში, შეიძლება, ოცნების ფერფლი ქარმა მინდორ-ველად გაფანტოს. ხალხი მიხვდა, რომ მმართველი პარტიის ყველაზე დიდი ტყუილი  საზოგადოების დაიმედება იყო – ნაციონალები გავყარეთ, რეჟიმი დასრულდა და სამართლიანობა აღდგებაო. აღმოჩნდა, რომ არავინ გაუყრიათ, არავის ებრძოდნენ, ახლაც, ძველებურად, კვლავ უსამართლობა სუფევს, ოცნების ქურქწამოხურული ნაციონალები ისევ თანამდებობაზე არიან და ისევ მშვენივრად ჭამენ ხალხის ფულსო  _  ჩურჩულებენ საზოგადოების გარკვეულ წრეებში. Euronews.ge -მ მოიპოვა სკანდალური დოკუმენტები, რომლებითაც იმის გარკვევაა შესაძლებელი, , ოცნების ამჟამინდელი ჩინოვნიკები, მართლა ებრძოდნენ ნაციონალურ  მოძრაობას თუ სწორედ მაშინ ეხუტებოდნენ მათ, როცა ხალხი ქუჩაში იდგა და სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდა.

 ამჯერად სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებზე მოგითხრობთ.

2010 წლის არჩევნების ოქმებით დგინდება, რომ სიღნაღის ამჟამინდელი მერი, გიორგი გოგილაშვილი პოლიტიკური აქტიურობით ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც გამოირჩეოდა, არჩევნების ,,კუხნაში“ კარგად იყო ჩახედული და შტაბებში  მაღალი თანამდებობებიც ეკავა. ვინც კი ქართული, უახლესი პოლიტიკის საწყისებში ერკვევა, ყველამ იცის, როგორ ,,ალაგებს“ ხოლმე მმართველი პარტია შტაბებს. ყოველთვის ცდილობს, საარჩევნო მარათონის წინა ხაზზე  სანდო და საიმედო ადამიანები გამოიყვანოს – ვინიცობაა, საქმე გაყალბების საჭიროებამდე  მივიდეს, მათ უპრობლემოდ მოუკვარახჭინონ ყველაფერი. ჰოდა, გოგილაშვილიც, 2010 წელს,  # 13 სიღნაღის ოლქის #1 საარჩევნო უბანზე კომისიის მდივანად იყო გამწესებული.

გიორგი გოგილაშვილი მერობის დღიდან მოხვდა მედიის ობიექტივში, წინასწარ მიღებული  პრემიების გამო. მას შემდეგ უამრავი კრიტიკული წერილი დაიბეჭდა და სატელევიზიო სიუჟეტები მომზადდა გოგილაშვილის დარღვევებისა და უკანონობების შესახებ. სიყვარულის ქალაქის მერი, სახელმწიფო აუდიტის ქარცეცხლშიც მოხვდა, მაგრამ წყლიდან ამჯერადაც მშრალი ამოძვრა და მისი რბილ-თბილი სავარძელი ვერაფერმა შეარყია. ,,ბოროტი ხმების“ თქმით, გოგილაშვილი არ მალავს და ყველასთან სიამაყით ამბობს – მე ისეთი მფარველი მყავს, ხელს ვერავინ დამაკარებს და ასეც ხდებაო.

.

სიღნაღის მერიის (HR) ეიჩარი, ია ყანდაშვილი დღეს მერიაში თანამშრომლების მიღება-გათავისუფლების საკითხებს აგვარებს. ამჯერად არ დავიწყებთ  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის დეტალურ აღწერას, მაგრამ მუნიციპალიტეტში, ხალხის  მდგომარეობას კარგად ეტყობა, რომ პატრონების ნაცვლად, მათ ბატონები ჰყავთ. მოსახლეობა გაჭირვებაში, სუფთა სასმელი წყლის გარეშე, უსამართლობასა და უბედურებაში  ცხოვრობს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები კი სასახლეებს იშენებენ, თბილისსა და ბათუმში ბინებს ყიდულობენ, ასობით ჰექტარ მიწებს ეპატრონებიან და ხალხის ფულით, უცხოეთში დასვენებებსა და მოგზაურობებს არ იკლებენ.

ყანდაშვილი 2010 წლის არჩევნებში  #13 სიღნაღის საარჩევნო ოლქში, #26 უბანს თავმჯდომარეობდა. იგივე უბანზე თავმჯდომარედ იგი 2012 წელსაც დანიშნეს. როგორც შევიტყეთ, ამ უბანზე ოცნებამ ვერ გაიმარჯვა, თუმცა ყანდაშვილმა ჯილდო _ ეიჩარის სკამი, მაინც დაისაკუთრა.

საარჩევნო ოქმებში აღმოვაჩინეთ, მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის, ხათუნა აღამონაშვილის მეუღლე,  ვანო აბრამიშვილი, რომელიც 2010 წელს #13 სიღნაღის ოლქის # 2 უბანს თავმჯდომარეობდა და ამ უბანზე,  ნაცებისთვის სასარგებლო შედეგებიც დადო. 2012 წლის არჩევნებში, ქართულმა ოცნებამ  მის უბანში წააგო და სათანადო ხმები ვერ მოაგროვა.  2018 წელს უარესი რამ მოხდა – საპრეზიდენტო არჩევნებში, #2 უბანზე, ოცნების კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი უსუფაშვილმა ბეჭებზე დასცა. ისე გამოვიდა, რომ კომისიის წევრებმაც კი არ მისცეს ამ უბანზე ზურაბიშვილს ხმა, არადა, აბრამიშვილის მეუღლე, ხათუნა აღამონაშვილიც უბნის კოორდინატორი იყო. აბრამიშვილი სიღნაღის მერიაში ინფორმატიკის აიტი სპეციალისტია და ცოლ-ქმარი, ჯამში 3 000 ლარამდე ხელფასს იღებს.

სხვებთან შედარებით, დადებითად ახასიათებენ მერის ამჟამინდელ მოადგილეს,  მალხაზ ბეგიაშვილს. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ იგი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის კადრი და მისი ახლობელია. ილია ბეგიაშვილის მეუღლე, ლელა სალაყაია ვანო მერაბიშვილის მეუღლის ახლო ნათესავია. წყარომ გვითხრა, რომ ამ ადამიანს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოგებულ ტენდერებში საკუთარი ინტერესები აქვს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ფულს კარგად ჭრისო.

მეტად საინტერესო ბიოგრაფია აქვს სიღნაღის მერის პირველ მოადგილეს, მალხაზ ბეგიაშვილსაც:  1994-1996 წწ.  – საქართველოს მოქალაქეთა კავშირის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1998-1999 წწ. –  საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე კახეთში; 1999-2001 წწ – სიღნაღის რაიონის გამგებელი; 2003-2004 წწ. –  იკავებდა  საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული მართვისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით – “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები”, აგრარულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი;  (2004); 2004-2007 წწ. –  ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

სამოქალაქო მოძრაობის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა, ნინო გოგოლაშვილმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  დაწერა, რომ საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ხუციშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქართული ოცნების აქტივის კოორდინატორად დაინიშნა. არადა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხუციშვილმა 2012  წლის არჩევნებში, ხმები წაართვა ოცნების კანდიდატს, გელა გელაშვილს. იმ დროს ხუციშვილთან ოცნება მოლაპარაკებებაც აწარმოებდა, მაგრამ მან მტკიცე უარი განაცხადა, დამოუკიდებლად უნდა ვიყარო კენჭიო.  წყარო გვიმტკიცებს, ხუციშვილის მხარდამჭერები ნაციონალების ელექტორატის წევრები არ იყვნენ ანუ ნაცებს იგი ხმებს ვერ წაართმევდაო. იმ დროს, ნაციონალური მოძრაობა მმართველ პარტიას წარმოადგენდა. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ქართულ ოცნებასთან ვერ შეთანხმდნენ, ცალკე გავიდნენ არჩევნებში და ქართულ ოცნებას წაართვეს ხმები. ოცნებისგან ხელშეწყობილმა ხუციშვილმა, მაშინ, ზოგიერთ უბანზე ხმების 12 % აიღო, ზოგგან 8 %, რითიც სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა ქართული ოცნება. მეორე ტური საჭირო არ გახდებოდა, მას რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ოცნებისთვისო.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები ცდილობენ,   ხალხის ფული (ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები) ოცნების გასამარჯვებლად, ვირ-ეშმაკულად გამოიყენონ და კიდევ  გაიხანგრძლივონ ,,ჭამა-სმის“ პროცესი. რამდენიმე სოფელში აგებენ საუბნო გზებს  (სანიაღვრეების გარეშე) , აშენებენ ორსკამიან სკვერებს… ხალხს ჰპირდებიან, რომ მალე, სოფლებში 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება და ყველა მოსახლეს ეზოში ექნება წყალი. იმედი აქვთ, რომ ხალხი კვლავ მოტყუვდება და არჩევნებს ძველებურად მოიგებენ.

  არასამთავრობო ორგანიზაცია: ,,კორესპონდენტები რეგიონებში დემოკრატიის დაძლიერებისთვის“ EURONEWS.GE -სთან ერთად, განაგრძობს მაღალჩინოსნებისა და ჩინოვნიკების ბიოგრაფიების კვლევას და მათ ლუსტრაციას.  

ნელი ვარდიაშვილი

 

 

 

 

Related Articles

Back to top button
Close