საზოგადოება

თამაზ ელიზბარაშვილის ღია წერილი დედაქალაქის მთავრობას და მუნიციპალური განვითარების ფონდს

“სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა” კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ ელიზბარაშვილი, დედაქალაქის მთავრობას და მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელსაც მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, მოსახლეობის გაწირვასა და ფულის მითვისებაში ადანაშაულებს და ღია წერილით მიმართავს.

“თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიიდან ორ წელზე მეტი იყო გასული, როცა თბილისში, დღეისათვის ყველაზე საშიშად მიჩნეულ ზონაში, ვერეს ხეობაში, როგორც იქნა, სტიქიისაგან მოსახლეობის დამცავი გარკვეული სამუშაოების ჩატარება დაიწყო და სვანიძის და არამარტო ამ ქუჩის მაცხოვრებლებმა შვებით ამოისუნთქეს, რომ პატრონი გამოუჩნდათ და ყოველი წვიმის დაწყება მათში არ განაახლებდა იმ საშინელ შიშსა და სტრესს, რომელიც 2015 წლის ივნისში განიცადეს. მოგეხსენებათ, პატარა წვიმაც კი მდინარე ვერეს კალაპოტს არღვევს და მოსახლეობას წალეკვით ემუქრება.

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაიწყო მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტის განხორციელება. სვანიძის ქუჩაზე ამუშავდა სპეციალური ტექნიკა და, როგორც ეს ფონდი იტყობინებოდა, გეგმის მიხედვით, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები 2018 წლის აგვისტოს თვეში უნდა დამთავრებულიყო.

უკვე რამდენიმე დღეა, სვანიძის ქუჩაზე და საერთოდ, მთელ ვერეს ხეობაში, შეწყდა მდინარის კალაპოტის ფორმირების სამუშაოები. ტექნიკა, რომელიც სვანიძის ქუჩაზე მუშაობდა და შედეგად ორმხრივი ბეტონის კედლები და არამარტო ეს უნდა აშენებულიყო, ამ ტერიტორიიდან უკვე გაყვანილია. სვანიძის ქუჩის და საერთოდ, თბილისის მოსახლეობას კი, ამ ყოველივეს შედეგად  შერჩა გადათხრილი ხეობა, რომელიც გაცილებით დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე სტიქიამდე და მას მერე   არსებული მდგომარეობა. სტიქიის დროს, მდინარე ვერემ დაახლოებით 400 000 ტონა მიწითა და ნარჩენით ჩახერგა თამარაშვილის გვირაბი, რამაც საშინელი ტრაგედია გამოიწვია. ახლა კი, ვერეს ხეობაში, ზედ მდინარის ნაპირებზე, 500 000 ტონაზე მეტი მიწა და ქვა-ღორღი ყრია, რომელიც სწორედ აღნიშნული ტერიტორიების სპეცტექნიკით გადათხრის შემდეგ დაგროვდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელსაც დედაქალაქის მთავრობამ მოსახლეობის ბედი მიანდო, იმ ინერტული მასის გატანაც კი არ უზრუნველყო, რომელიც დედაქალაქისთვის, ფაქტობრივად, ასაფეთქებლად გამზადებული ბომბია.

თუ წვიმა წამოვიდა, ბევრად უარეს უბედურებას მივიღებთ, ვიდრე ეს 2015 წლის 13-14 ივნისს დატრიალდა, რადგან ეს მასა მთლიანად ჩახერგავს თამარაშვილის გვირაბს და გაანადგურებს დედაქალაქის დიდ ნაწილს. ჩვენი დედაქალაქის მმართველების და მუნიციპალური განვითარების ფონდის წყალობით, მდინარე ვერეს მზამზარეული მიწა და ქვა-ღორღი ელოდება, რომ ადიდების შემთხვევაში დედაქალაქში ტრაგედია დაატრიალოს!

.

სვანიძის ქუჩის მოსახლეობა, მუშაობის პერიოდში, ესაუბრებოდა იმ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც ვერეს კალაპოტის ფორმირებაზე იყვნენ დასაქმებულნი. თითქმის 3 თვის განმავლობაში, რაც ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობდნენ, მუდმივად ჩიოდნენ, რომ ვერ იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას. უკვე რამდენიმე დღეა, ჩვენი კომიტეტის წარმომადგენლები  რეკავდნენ მითითებულ ნომრებზე, რომლებიც ამ ორგანიზაციას ეკუთვნის, რომ როგორმე დაგვედგინა, რომელი სამშენებლო კომპანია აწარმოებდა აღნიშნულ სამუშაოებს, რა მოხდა და რატომ ვართ ღვთის ანაბარად მიტოვებული მთელი დედაქალაქის მოსახლეობა, მაგრამ ამაოდ… გამოდის, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქურდებით, ყაჩაღებითა და კორუმპირებული ადამიანებითაა დაკომპლექტებული?! ხალხისა და დნორების მიერ სტიქიის სალიკვიდაციოდ და მოსახლეობის დასაცავად ასაგები შენობა-ნაგებობებისათვის გამოყოფილი ფული ჯიბეში ჩაიდეს?! ამუშავა სამშენებლო კომპანია, მაგრამ სამუშაოების შესრულებისთვის ფული არ გადაუხადა, გადააგდო ისინი, რის შედეგადაც, ის კომპანია გაიქცა?! ვითხოვ, საჯაროდ გვიპასუხონ, რატომ შეწყდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები? რატომ არ გაიტანეს ის მიწა და ქვა-ღორღი ამ საშიში ადგილიდან და რატომ დაგვიტოვეს, როგორც ერთგვარი ბომბი, რომელიც წალეკვით გვემუქრება? სად წავიდა თანხები, რომლებიც ამ პროექტის განსახორციელებლად იქნა მოძიებული და რატომ გვწირავენ?! ვის მოვთხოვოთ პასუხი, თუ სტიქია განმეორდა და ტრაგედია დატრიალდა?!” – წერს თამაზ ელიზბარაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close