საზოგადოება

ერთადერთი შემორჩენილი სასახლე თბილისში, რომელსაც საჩინოს ეძახდნენ

თბილისის კოლორიტს წარმოადგენს დარეჯანის სასახლე, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და სიონის ტაძარს პირდაპირ გაჰყურებს. იქ ამჟამად დედათა მონასტერია. თბილისში დედოფლის ან მეფეთა სასახლე მეტი არ შემორჩენილა. არადა, მეთორმეტე საუკუნიდან მოყოლებული, უფრო ადრე თუ არა, მეთვრამეტე საუკუნის დასასრულამდე ქართველ მეფეებს თბილისის სანახებში ყოველთვის ჰქონიათ სასახლე-რეზიდენცია და სააგარაკო საზაფხულო სადგომი პალატები.

ერეკლე მეორის მეუღლის, დარეჯან დედოფლის, სასახლეს საკმაოდ მცირე ისტორია აქვს. იგი საჩინოს სახელით იყო ცნობილი. ეს მეტსახელი სილამაზის გამო შეურქმევიათ – თბილისში თვალსაჩინოაო. მისი აივნიდან მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანდა. სასახლეც და მის ეზოში წმინდა მოწამეთა ეკლესიაც 1776 წელს დარეჯან დადიანს აუშენებია. იმ დროს მეფის სასახლე სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის ყოფილა. რატომ დასჭირდა დედოფალს ცალკე სასახლის აშენება, არავინ უწყის.  იგი ერთსართულიანი იყო და ხუთი ოთახისგან შედგებოდა. გარშემო ოვალური ხის აივანი ჰქონდა. აშენებიდან მოკლე ხანში იგი აღა მაჰმად ხანის შემოსევებმა იმსხვერპლა, ისევე როგორც თბილისის სხვა საერო ნაგებობები. ამჟამად სასახლის კარის ეკლესია ფერისცვალების სახელს ატარებს, დარეჯანის სასახლეში კი დედათა მონასტერია.

ზოგადად, მწირი ინფორმაცია არსებობს მეფეთა სასახლეებზე, მკვლევრებიც მხოლოდ ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით საუბრობენ. მათი ზუსტი ადგილმდებარეობა ცნობილი არ არის. პირველად სასახლის შესახებ ცნობას იძლევა იოანე საბანისძის თხზულება „წამება წმინდისა ჰაბოისი“. ამირას სასახლე, სადაც თავი მოჰკვეთეს აბო თბილელს, მდგარა ეკლესიის ახლოს. ეკლესია აგებული ყოფილა წმინდა ორმეოცთა სახელზე . ეს იგივე ეკლესიაა, რომელიც მთავარანგელოზთა ეკლესიის სახელით იყო ცნობილი და თათრის მოედნიდან ანუ შეითან ბაზრიდან ბოტანიკური ბაღისკენ მიმავალი აღმართის მარჯვნივ მდებარეობდა. იგი 1929 წელს დაუნგრევიათ, მაგრამ არავინ უწყის, რა ისტორია გადახდა ამირას სასახლეს. აი, რას გვიამბობს ქართველ მეფეთა სასახლეებზე  თავის წიგნში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ბერიძე:

„1122 წელს დავით მეოთხე აღმაშენებელმა თბილისი არაბებისგან გაათავისუფლა და ერთიანი საქართველოს სატახტო ქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. ცნობილია, რომ მეთორმეტე საუკუნეში მეფეთა სასახლე ისნის ციხეში იყო სავარაუდოდ, იგი ჯალალედინის შემოსევამ იმსხვერპლა. ჟამთააღმწერლის ცნობით, ისნის სასახლე მესტუმრე ჯიქურს აუშენებია. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით კი. ისნის სასახლე XV-XVII საუკუნეებშიც არსებობდა, რადგან, როცა როსტომ მეფეს ცოლად აბასიშვილის ასული ქეთევანი, მოუყვანია, მაშინ მიუტოვებია სასახლე. როსტომ მეფის ახალი საცხოვრებლის ასაგებად სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის ადგილი ფარყუზათაშვილისთვის გამოურთმევიათ. 1673 წელს თბილისს ფრანგი მოგზაური ჟანშარდენი ეწვია. მან იმ დროის თბილისის შესახებ ბევრ ცნობასთან ერთად დაგვიტოვა ქალაქის გრაფიკული ხედი.“

კითხვაზე, თუ რა ისტორია გადახდათ ქალაქის შემოგარენში მდგარ მეფეთა სასახლეებს, მას ასე უპასუხა:

„ქართველი მეფეებს თბილისის მაშინდელ სანახებშიც – დიდუბეში, ტაბახმელაში, კოჯორში, ნაგებში (რუსთავი), კრწანისში, სკორეთში (ვერე), დიღომში, სოღანღულში, მარტყოფში… – ჰქონდათ სასახლეები. მათ შესახებაც მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. არც ერთი მათგანის ზუსტი ადგილმდებარეობა არ არის ცნობილი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თამარ მეფემ დავით სოსლანზე დიდუბეში მდგარ სამეფო სასახლეში იქორწინა. მეფე დემეტრე თავდადებულის სიკვდილით დასჯის შემდეგ მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი სკორეთში დასახლდა. დიღომში ცხოვრობდა გამაჰმადიანებულ ძმასთან, დაუდხანთან, მებრძოლი ქართლის მეფე სოლომონ პირველი. მეფე როსტომმა სამეფო სასახლე კოჯორში ააგო. აქვე იყო კათოლიკოს ნიკოლოზ მეექვსის საზაფხულო სასახლე კარის ეკლესიით. არც ერთი მათგანი შემორჩენილი არ არის. ზოგი ომების დროს დაინგრა, ზოგიც დროის მსახვრალმა ხელმა აღაგავა პირისაგან მიწისა“.

წყარო: ,,სარკე”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close