პოლიტიკა

,,დავიჯერო, ნახევარ მილიონ ადამიანს მოსწონს ქართული ოცნება და სჯერა, რომ პროგრესისა და კეთილდღეობისკენ მიჰყავს ქვეყანა?”

,,ვერსიები არჩევნებს ტოტალურ გაყალბებაზე, ერის სიბნელეზე და ბიძინას მიერ დაშანტაჟებულ ნახევარ მილიონზე, სერიოზულად არ მიიღება"

რვაას ათასზე მეტი ადამიანი აძლევს ხმას ქართულ ოცნებას საკმაოდ სტაბილურად, წლების მანძილზე.
აქედან ვიანგარიშოთ მაქსიმუმ ასი ათასი, როგორც ადმინისტრაციულ რესურსი (საჯარო მოხელეები, დასაქმებულები, სიპები, აიპები და ა შ.), კიდევ ერთი ამდენი დაშინებულ-დაშანტაჟებულ-მოსყიდულები და კიდევ ერთი ამდენი კონფორმისტები, სულ ხელისუფლებას რომ აძლევენ ხმას, იმისდა მიუხედავად თუ ვინაა ხელისუფლებაში.
დანარჩენი ხუთასი ათასი საიდან? დავიჯერო, ნახევარ მილიონ ადამიანს მოსწონს ქართული ოცნება, როგორც ქვეყნის მმართველი ძალა და 2021 წლისთვის სერიოზულად სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილს პროგრესისა და კეთილდღეობისკენ მიჰყავს ქვეყანა თავისი ღარიბაშვილ-კობახიძე-მდინარაძეებით, სუსით და მურუსიძე-ჩინჩალაძეებით?
მე მიმაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უკლებლივ ყველა გამოკითხვით არის პროდასავლელი და პროევროპელი, საქართველოს მომავალს ხედავს ევროკავშირსა და ნატოში, წესიერი და პატიოსანი ხალხი ურჩევნია ქურდბაცაცებსა და მექრთამეებს, ისევე როგორც ჭკვიანები სულელებს და ხეპრეებს, პრინციპულად შეუძლებელია ამდენი მომხრე-მომწონებელი ჰყავდეს ქართულ ოცნებას. შეუძლებელია ნახევარი მილიონი ადამიანი ამ ქვეყანაში იყოს მოარული ასავალ-დასავალი და მარშალ-პრესი. ასე რომ იყოს, აქამდე კარგა ხნის მიერთებული ვიქნებოდით კრასნოდარის გუბერნიას.
მაშ რაშია საქმე? რატომ აძლევს ამდენი ადამიანი ასე თუ ისე თავისი ნებით ხმას პარტიას, რომლის კომპეტენცია და კვალიფიკაცია ქვეყნის მართვის საქმეში ნულს ქვემოთაა და პოლიტიკური მორალი კიდევ უფრო ქვემოთ? რას ნიშნავს ეს?
თუ გგონიათ, რომ მე ამის ახსნას დავიწყებ აქ და ახლა, ძალიან ცდებით. ცხადია, მაქვს ჩემი მოსაზრება, მაგრამ მაინტერესებს თქვენ თვითონ როგორ გასცემთ ამ კითხვას პასუხს. განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსებს ეხებათ ეს, პოლარიზაცია ვისაც არ მოსწონს.
P. S. ვერსიები არჩევნებს ტოტალურ გაყალბებაზე, ერის სიბნელეზე და ბიძინას მიერ დაშანტაჟებულ ნახევარ მილიონზე, სერიოზულად არ მიიღება.
დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close