სამართალი და კრიმინალი

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად არჩევისთვის სამი კანდიდატურა წარუდგინა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პარლამენტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად არჩევისთვის სამი კანდიდატურა წარუდგინა. სამივე მათგანი იურისტი და მდიდარი გამოცდილების მქონე პირები არიან: ცნობილი უფლებადამცველი და ევროსასამართლოს ექსპერტი, ქალბატონი ლია მუხაშავრია, იუსტიციის სფეროში პრაქტიკოსი სპეციალისტი ქალბატონი რუსუდან კვინიკაძე და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი, სისხლის სამართლის სპეციალისტი ბატონი გიორგი გზობავა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები სრულად აკმაყოფილებენ გამოცხადებული კონკურსისთვის დადგენილ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს  – განათლებას, პროფესიულ შედეგებსა და რეპუტაციას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დასახელებული კანდიდატების გამოცდილება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ხედვა მართლმსაჯულების რეფორმის მიმართ, ობიექტური და დაბალანსებული არგუმენტების ერთობლიობა, მათი არჩევის შემთხვევაში, შესაძლებელს ხდის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა ეფექტიანი, ღია და ინკლუზიური გახადონ. ამდენად, კონკურენტული გარემოს პირობებში, განსაკუთრებულ ადგილს იჭერს ლია მუხაშავრიას, რუსუდან კვინიკაძისა და გიორგი გზობავას მოტივაცია, არსებული გამოცდილებით, წვლილი შეიტანონ მართლმსაჯულებისა განვითარებასა და გამჭვირვალე სისტემის ფუნქციონირებისათვის.

  1. ლია მუხაშავრის ქართული სამართლის ისტორიაში მოგებული აქვს პრეცედენტული საქმე: „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“, „შამაევი და 12 სხვა საქართველოს და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, დღესი მდგომარეობით, სტრასბურგში მოგებული აქვს ორი ათეული საქმე. 2018-2014 წლებში, გახლდათ შეწყალების კომისიის წევრი, 2014-2013 წლებში, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის წევრი. აგრეთვე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პირადი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში (1997-1999) პირველი მომხმარებელთა უფლებების დამცველი (მომხმარებელთა ომბუდსმენი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. (2003 – 2005), USAID–ის მიწის ბაზრის პროექტის ექსპერტი (1997-1998), USAID–ის კაპიტალის ბაზრის პროექტის იურისტი-ექსპერტი. საქართველოში ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შექმნისა და რეგულირების საკითხების იურისტი. (1998-1999) „ღია საზოგადოება – საქართველოს“ საბჭოს თავმჯდომარე (1999-2001). ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ამავე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, მოქმედი ლექტორი, მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატ უფლებადაცვით ორგანიზაცია American Freiends Service Committee სტაჟიორი, (1995, აშშ), ლონდონის საადვოკატო ფირმის ადვოკატი, (1998) გერმანიის „დრეზდენ ბანკის” საკონსულტაციო კომპანიის პრაქტიკანტი იურისტი (1999, ფრანკფურტი) ლონდონის საერთაშორისო ადამიანის უფლებათადაცვით ორგანიზაცია Interights წარმომადგენელი (2001) ლია მუხაშავრია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შემდეგ ასრულებს ფილადელფიის ტემპლის სამართლის სკოლას და იცავს სამართლის მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებების სფეროში (1994-1995), ხოლო 1995–1999 წლებში ამთავრებს ფრანკფურტის საბანკო აკადემიას სპეციალობით საბანკო საქმე. ამჟამად არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი;
  2. რუსუდან კვინიკაძე გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციის კურსდამთავრებული. სამოქალაქო სპეციალიზაციით ჩაბარებული აქვს ადვოკატის გამოცდა. აქვს მრავალწლიანი სამსახურეობრივი გამოცდილება იუსტიციის სფეროში. კერძოდ, 1983 წლიდან 2019 წლამდე, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, საქმიანობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სხვადასხვა თანამდებობრივ პოზიციზე. 2012-2019 წლებში, იჭერდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა. 2019-2021 წლებში, საქმიანობდა იუსტიციის უმაღლესს სკოლაში. რუსუდან კვინიკაძე მიიჩნევა იუსტიციის სფეროში ერთ-ერთ წარმატებულ კადრად და მონაწილეობა აქვს მიღებული სფეროს რეფორმირების პროცესში არაერთი ინიციატივის განხორციელებაში. სამსახურეობრივი მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის, მიღებული აქვს არაერთი წერილობითი მადლობა. ამჟამად არის პრაქტიკოსი იურისტი.
  3. გიორგი გზობავა გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციის კურსდამთავრებული. აქვს კარიერული მუშაობის გამოცდილება საჯარო სამსახურში. 2010 წლიდან გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და დღემდე აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას. არის სხვადასხვა იურიდიული კომპანიის სამართლებრივი მრჩეველი და გააჩნია წარმატებული საადვოკატო პრაქტიკა. 2003 წელს ჩაბარებული აქვს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდაც.

ცნობისთვის: ორგანიზაციის სამოქალაქო პოზიციისა და ჩართულობის მაგალითს წარმოადგენდა 2017 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანის წარდგენა და მხარდაჭერა, 2017 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შოთა ქადაგიძის წარდგენა და მხარდაჭერა, 2017 წელს, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის შესარჩევ კონკურსში ქეთევან ბექაურის წარდგენა და მხარდაჭერა, 2016 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად თემო ჭეიშვილის წარდგენა და მხარდაჭერა, 2015 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის წარდგენა და მხარდაჭერა, 2012 წელს საქართველოს სახალხო დამცველად ლია მუხაშავრიას კანდიდატურის წარდგენა და მხარდაჭერა. ორგანიზაცია, წარდგენილი კანდიდატების სახით, სამოქალაქო აქტიურობის გზას აგრძელებს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი შერჩევის პროცესში არჩევანს გამოცდილების მქონე კანდიდატების მიმართ გააკეთებს.

საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი დღეს დასრულდება. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close