ქართულ-ებრაული

ეს მოვლენა ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიაში

რუბრიკა „ორ მიწაზე დარწეული აკვანი“ აშუქებს  იმ მოვლენებს, რომელიც ოქროს ასოებით იწერება ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. სწორედ ამ რანგის ფაქტად შეფასდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ინიციატივა, რომლითაც საგანმანათლებლო კერამ ქ. თბილისის საკრებულოს მიმართა _ ეწოდოს თბილისის რომელიმე ქუჩას შიმონ პერესის სახელი.

გთავაზობთ ამონარიდს 28 ოქტომბრით დათარიღებული კოლექტიური საინიციატივო წერილიდან:

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს,

 ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები შემოდიან  თხოვნით, ქალაქ თბილისის რომელიმე ქუჩას, თქვენი შეხედულებისამებრ  შერჩეულს, ეწოდოს თანამედროვეობის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ისრაელის მეცხრე პრეზიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატის შიმონ პერესის სახელი.

უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.  

მკითხველს შევახსენებ, რომ 27 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა თანამედროვეობის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის,ისრაელის მეცხრე პრეზიდენტის შიმონ პერესის სახელობის აუდიტორია. ღონისძიების საპატიო სტუმარი გახლდათ ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი შაბთაი ცური. მოწვეულნი იყვნენ  ქართულ-ებრაული თემის თვალსაჩინო წარმომადგენლები, თბილისის დიდი სინაგოგის რაბინები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მეცნიერები და სხვა საპატიო სტუმრები.

აუდიტორია გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა _ არქიმანდრიტმა ადამმა  და ბატონმა შაბთაი ცურმა.

მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა  განაცხადა:

–შიმონ პერესის სახელობის აუდიტორია გახდება არა მხოლოდ სტუდენტთა სწავლა-განათლებისკიდევ ერთიკერა, არამედ ქართულ-ებრაული ურთიერთობების მკვლევართა და კულტურის მოღვაწეთა შეხვედრების, საღამოების, მრგვალი მაგიდების, ლექციების, შემოქმედებითი საღამოების, სამეცნიერო კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების არა მხოლოდ ლოკალური, არამედ საერთაშორისო სივრცე… ამ აუდიტორიის დაარსებით ჩვენ მთელი მსოფლიოს გასაგონად ვამბობთ: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ბატონი შიმონ პერეს, თქვენი სწორუპოვარი თავდაუზოგავი მოღვაწეობით, პატრიოტიზმითა და კაცთმოყვარებით.“

სიტყვა წარმოსთქვა ბატონმა ელჩმა: 

–„შიმონ პერესი ცნობილი იყო არა მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოში, ის ცნობილი გახლდათ მთელს მსოფლიოში.ეს ჩვენ კარგად დავინახეთ მისი დაკრძალვის დღეს, ვნახეთ, როგორ დააფასა იგი მსოფლიოს ყველა ლიდერმა. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომკავშირი, ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მჭიდროა და კვლავ გრძელდება. ამ  წინგადადგმული ნაბიჯისთვის დიდ მადლობას ვუხდი თამარ მეფის უნივერსიტეტსა და პირადად უნივერსიტეტის რექტორს, არქიმანდრიტ ადამს”.

დამსწრეთ მიესალმა ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარემ ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი. თავის სიტყვაში მან განაცხადა: „დღეს განსაკუთრებით მიხარია და ვამაყობ იმით, რომ მე ქართველი ვარ“.

აუდიტორიის გახსნის ცერემონიალის შემდეგ უნივერსიტეტში გაიმართა შიმონ პერესის ხსოვნისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა: „შიმონ პერესი, გზა მომავლისკენ.“

წერილის ავტორი: ირინე ბიბილეიშვილი-იოსებაშვილი

წყარო: postalion.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close