„თუ სამოთხეში მოვხვდი, იქ რომ გნახავ, ზუსტად ვიცი!“
ზურა ბერიკაშვილი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს
მსახიობი ზურა ბერიკაშვილი დღეს, 16 სექტემბერს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. 55 წლის მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებას მეგობარი, რეჟისორი სანდრო ელოშვილი ეხმაურება.
„23 წლის ვიყავი, მარჯანიშვილის თეატრში რომ მოვხვდი… მაშინ ზურიკოს არ ვიცნობდი… მოვიდა და სახლში დამპატიჟა… გამიკვირდა, დავიბენი, მაგრამ ძალიან გამიხარდა… უკვე სტუმრად მისულს მითხრა, წესია ასეთი, მეც ასე დამხვდნენ თავის დროზეო…
ნიკოს ნათლიაა, ამ ფოტოზე კი კატოა… ალბათ ერთი თვის… ბევრს მოვუყვები ჩემს შვილებს მის შესახებ…
ეს ცხრა თვე, რაც გათიშული იყო, მასთან ერთად დრო გაჩერდა გულის იმ ადგილას, სადაც მყავდა და სადაც მიყვარდა, ამიტომაც, როდესაც მარტო ვრჩებოდი, ბევრს ველაპარაკებოდი ჩემს ბერიკას ჩემში და იცით, რას მივხვდი? ორგანიზმს, რომელსაც სიცოცხლის ნიშნები აღარ ჰქონდა, მხოლოდ გული მუშაობდა… უხ! მაგ გულში ვენაცვალე! წლების წინ სპექტაკლი გავაკეთეთ მარჯანიშვილში, მთავარ როლში იყო… სპექტაკლს ერქვა „შევხვდებით სამოთხეში“. არ ვიცი, რამდენად მოვხვდები სამოთხეში, მაგრამ თუ მოვხვდი… იქ რომ გნახავ, ზუსტად ვიცი!“, – წერს სანდრო ელოშვილი და საოჯახო ალბომიდან ფოტოს აქვეყნებს.