საზოგადოება

,,ჰესების მშენებლობის გამო წყლები დაშრა, სახლებს ბზარები გაუჩნდა, გაჩნდა ეკოლოგიური საფრთხეები”

ლელა ბჟალავა, ადვოკატი:

_ შუახევში ჰესების  მშენებლობის გამო, სოფელ  ჩანჩხალოში მცხოვრები  დაზარალებული მოსახლეობის ინტერესები კვლავ დაუცველია. კომპანია შპს ,,აგე”,  რომელიც სოფლებში ჰესების მშენებლობის პროექტს ახორციელებს, მოსახლეობის უფლებებს არ იცავს. პროექტის დირექტორმა ნაზიმ ქურდოღლუმ უარყო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და წერილობით გვაცნობა ასეთი რამ: გვაქვს შესაბამისი საფუძველი დავასკვნათ, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული სამშენებლო სამუშაოებითო.  სოფლებში იკლო მოსავალმა, წყლები დაშრა, ბზარები გაუჩნდა სახლებს, გაჩნდა ეკოლოგიური საფრთხეები.  სახელმწიფო  მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს  და ხალხს დასცინის.

სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გვირაბის მშენებლობის დროს აფეთქებითი სამუშაოების, ასევე გზის გაყვანის და ამ გზაზე მძიმე ტექნიკის მოძრაობის დროს წარმოქმნილი ვიბრაციული დატვირთვა არის  მეწყრული პროცესების გააქტიურების ხელმშეწყობი ფაქტორი. თუ გავითვალისწინებთ გულნარა დუმბაძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანებების ხარისხს, უნდა ვივარაუდოთ, რომ შენობაზე არსებული დაზიანებების ერთ-ერთ გამომწვევი მიზეზი აფეთქებითი სამუშაოების, ასევე, გზის გაყვანის და ამ გზაზე მძიმე ტექნიკის მოძრაობის დროს წარმოქმნილი ვიბრაციული დატვირთვებია.

სახელმწიფომ უნდა დაიცვას ჩანჩხალოს მკიდრნი, რადგანაც სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე შენდება ჰესები. აჭარის ზემო სოფლები არის მეწყრულ ზონაში, საშიშროების რისკის ქვეშ, ამიტომ, აღნიშნულ საკითხებზე  უნდა მუშაობდეს სპეციალური, სახელმწიფო კომისია. ყველა სახის ზარალი,  რომელიც ჰესის მშენებლობით არის გამოწვეული, უნდა ანაზღაურდეს.

ჩანჩხალოს დაზარალებულთა უფლებებს ვიცამ მე, ადვოკატი ლელა ბჟალავა. არსებობს ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ სახსრები სასამართლო ბაჟის თანხა გადაიხადონ. უმრავლესობას მოხსნილი აქვს სოციალური დახმარება. ოჯახები უსახლკაროდ არიან დარჩენილი და იმედი არ აქვთ აჭარის მთავრობის და სოფლის გამგებელის. გამგებელმა ტარიელ ებრაელიძემ სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ ვერცერთი ჩანჩხალოს მკვიდრი ვერ მიიღებდა კომპენსაციას, რის გამოც გამგებლის წინააღმდეგ აპირებენ სასამართლოში დავას.  სხვა გზა არ გვრჩება, სასამართლოში უნდა შევიტანოთ სარჩელი.

ერთ-ერთი მოსარჩელე როინ დუმბაძეა, რომელიც აღნიშნავს, რომ კომპანიაში და სოფლის გამგეობაში უარს ეუბნებიან ანაზღაურებაზე, რის გამოც იძულებული არის, სასამართლოს მიმართოს და იქ დავიცვას საკუთარი უფლებები. დუმბაძეც  მოითხოვს კომპანიისაგან ზიანის ანაზღაურებას. ის აცხადებს, რომ სოფელში გაქრა წყალი, არ მოდის მოსავალი, მიწაზე არის ნაპრალები და მოსახლეობას ეშიანია იქ გაჩერების. სოფელი დაემსგავსა ნასახლარს. ჩანჩხალოში აღარავინ ცხოვრობს, ყველამ მიატოვა, რადგან იქ გაჩერება არის საშიში. შეიძლება სტიქიური უბედურება დატრიალდეს, ამიტომ გვეშინიაო.

სახელმწიფოს ინტერესებში რომ არ შედის მოსახლეობის დაცვა, ეს არის დიდი უბედურება. არჩევნებზე კიდევ დაჭირდებათ ხალხი და რას გააკეთებენ, იმასაც ვნახავთ. მიწა, რომელიც ამ ადამიანებს მიაჩნიათ  მამა-პაპისეულად, რეალურად, მის ფლობას ვერ ახერხებენ. სოფელი ერთ დროს აყვავებული იყო და გლეხიც  სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს, მაგრამ დღეს, ასე აღარ არის. ეკოლოგიური საფრთხე რომ არ წარმოშობილიყო, ამაზე  უნდა ეზრუნა სახელმწიფოს.

დიდი ალბათობით, ამ მასალებს პროკურატურაში შევიტანთ. შუახევის ზოგიერთმა მკვიდრმა მიიღო კომპენსაცია, მაგრამ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ. რა კრიტერიუმით მოხდა მათზე თანხის გაცემა, გაუგებარია.  სოფლის მაცხოვრებლები ასევე ეჭქვეშ აყენებენ რაიონის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის საქმიანობას. ვფიქრობთ, რომ ის ბოროტად იყენებს  სამსახურეობრივ მოვალეობას და ხალხს სატელევიზიო გამოსვლებში დასცინის.  ყველა ინფორმაცია არის საჯარო და თუ კომპანიამ გამოყო თანხები კომპენსაციისთვის, უნდა ვიცოდეთ, რა მიზნით გაიხარჯა.  ჩანჩხალოში არის სავალალო მდგომარეობა და არცერთი ოჯახი არ დაკმაყოფილებულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close