საზოგადოება

საქართველო იწვის! _ ხანძრის ცხრა კერა გიზგიზებს

საქართველოს რეგიონები ხანძრებმა მოიცვა – ამ დროისთვის ხანძარია მარტვილში, ონში, ხულოში, ამბროლაურში, მესტიაში, სოფელ ეცერში, სოხუმში, გულრიფშში და გაგრაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან ხანძრის კერებს. სამუშაოებში უამრავი მეხანძრე-მაშველია ჩართული.

სოფელი სალხინო: მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ტყის მასივი იწვის. სოფლის დეპუტატის, გოგი ბასილაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი სამ ლოკაციაზეა და შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.

„ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა ცეცხლი ისეთ ადგილზეა, ტექნიკა ვერ ახერხებს ახლოს მისვლას. სოფელში შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. სავარაუდოდ ცეცხლი ტყის საფარს უკიდია”,- აცხადებს რწმუნებული.

სოფელი ეცერი: 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 304-ე მუხლით დაიწყო, რაც ტყის ან ნარგავის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს 18 ნოემბერს, გვიან ღამით გაუჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

სახანძრო-სამაშველო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

ამბროლაური და ონი: ორი დღეა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის 60-კაციანი ჯგუფი ამბროლაურისა და ონის ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვის ებრძვიან.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერები ღიაა, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს!“ უწყებაში განუცხადეს.

ხულო: ხულოში, სოფელ დიდ რიყეთში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტში ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

ოკუპირებული აფხაზეთი: რუსეთის და დე ფაქტო მთავრობის ერთობლივი ქმედებების მიუხედევად, ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერ ხანძარს ვერ აქრობენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი 11 000 ჰექტარზეა გავრცელებული. კვამლი შეინიშნება სოხუმის, გულირიფშის და გაგრის რაიონებში. სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ, როგორ მოიქცნენ ძლიერი დაკვამლიანების შემთხვევაში.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში რუსული ავიციაა ჩართული. „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა და და “ბე-200“ ტიპის თვითმფრინავმა ცეცხლის ჩასაქრობად დაახლოებით 651 ტონა წყალი უკვე გამოიყენა. მედიის ცნობით, ხანძარი რამდენიმე მიმართულებითაა გავრცელებული. ოკუპირებულ რეგიონში რუსეთისგან დამატებით დახმარებას ელოდებიან.

ხანძარი აფხაზეთში ერთ კვირაზე მეტია რაც მძვინვარებს. ამ დროის მანძილზე, აფხაზური მედია ცეცხლის გავრცელების სხვადასხვა მასშტაბებს ასახელებდა. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 11 000 ჰექტარს უკიდია.

მესტია: მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მახლობლად, ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩაერთო დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი.

ტყის ქვედა საფარს ცეცხლი 18 ნოემბერს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების, უამინდობის და რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველები უწყვეტი რეჟიმით მუშაობენ. ამავე სამსახურის განცხადებით, არ არსებობს ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

19 ნოემბრის დილის მდგომარეობით, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში 140-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელიც.

პრაიმტაიმი

Related Articles

Back to top button
Close