ჯანდაცვა

ვინ არის დამნაშავე იმაში, მოსახლეობას ,,სარდაფის კლინიკებში” რომ უწევს ექიმთან მისვლა?

    ექიმი გოგი ხუციშვილი ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ თავად შეუწყო ხელი ე.წ. ,,სარდაფის კლინიკების” გახსნას, ნებართვებიც მან ჩამოარიგა და ახლა, ხალხს თვალებში ნაცარს აყრის, თითქოს ასეთ კლინიკებს გამოუცხადა ბრძოლა. 
   გოგი ხუციშვილი, ექიმი:
  _ ჯანდაცვის პროგრამა არ არის წარმატებული და არც სერგეენკოა წარმატებული მინისტრი. მას ვთვლი ძალიან სუსტ მინისტრად. თუ წინამორბედებს სჯობს, ეს არაფერს ნიშნავს. მაინტერესებს, რა გამოასწორა და რა შექმნა სერგენკომ? მთელი ჯანდაცვის სისტემა დაინგრა. მინისტრი მოვალეა, ყველაფერზე აგოს პასუხი. როდესაც მედიცინას პოლიტიკისთვის იყენებენ, ვინც დაიჩაგრნენ, უმიზეზოდ გაათავისუფლეს და მათვის არაფერი გაუკეთებია, ვერ ჩაგთვლი ასეთ მინისტრს ობიექტურად.
   _ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არაფერს ნიშნავს? ბევრი ადამიანია ამ პროგრამით კმაყოფილი…
   _ რაში გამოიხატება პროგრამის წარმატება? ჩვენ გვქონდა საყოველთაო ჯანდაცვაზე უკეთესი პროგრამა, მაგრამ არ ისურვეს, რადგან იქ მაფიოზური რგოლები არ იყო გათვალისწინებული. არსებული პროექტი არის სამედიცინო ბიზნესი და სხვა არაფერი. წინა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ჯანდაცვის სისტემა რომ განადგურებულიყო. ექიმები აქციეს დაქირავებულ მოსამსახურეებად. ისინი უმძიმეს მდგომარეობაში მუშაობენ დღემდე, თუ არ ჩავთვლით ელიტარული კლინიკების ექიმებს. ახალ ხელისუფლებას კი არაფერი გამოუსწორებია. 
   დიახ, უკვე არსებული ხელისუფლებაა პასუხისმგებელი მასზედ, რა საშინელებაც ტრიალებს ჯანდაცვაში. დღეს, კერძო კლინიკები ,,ზრუნავენ” საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, არადა, პირიქით უნდა ხდებოდეს. სახელმწიფო კლინიკები უნდა არსებობდეს და ისინი უნდა აგებდნენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე პასუხს.  შემოსავალი, რომელიც  სახელმწიფო კლინიკებს უნდა ჰქონოდა დარჩა კერძო კლინიკებს. ისინი მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ და არა ხალხის ჯანმრთელობაზე. ხალხი მოტყუებულია და გაძარცული. ეს კლინიკები ვერ პასუხობენ ეროვნულ ინტერესებს, რადგან მათი ინტერესებიი არის სულ სხვა. 
   _ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემაც ისაუბრა ამ საკითხზე. მან საჯაროდ განაცხადა, რომ ე.წ. ,,სარდაფის კლინიკებში” ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. თუმცა ზოიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი კლინიკები არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. თქვენ ხომ არ დაასახელებთ?
   _ აკაკი ზოიძე ვინ არის? ან რა დამსახურება აქვს ქვეყნისა და ჯანდაცვის წინაშე? მინდა ვკითხო მას, კლინიკა თუ გაიხსნა სარდაფში, მან არ იცის, ვინ და რატომ მისცა უფლება გახსნილიყო? ნებართვის გარეშე ხომ ვერ გააკეთებდნენ კლინიკებს? ამ ადამიანებმა ჯერ უფლება აიღეს, მერე ზოგმა ვალიც დაიდო, სახლები გაყიდეს და ასე დაიწყეს მუშაობა, ცხადია სახელმწიფოს ნებართვით. ახლა ეუბნებიან, სარდაფში გაქვს გაკეთებული და უნდა დაგხუროთო?
   სამინისტროს გარეშე ვერ გაიხსნებოდა ეს კლინიკები და თუ მათი განცხადებები ბლეფი არ არის და ჯანდაცვის წინსვლასა და განვითარებას ემსახურება, დაასახელონ, ვინ მისცა მათ ეს უფლება? ვინ არის დამანაშავე იმაში, მოსახლეობას ,,სარდაფის კლინიკებში” რომ უწევს ექიმთან მისვლა და ფულის გადახდა? რატომ არ ასახელებენ პიროვნებებს, რომლებიც ამ კლინიკებს მფარველობენ?
  _ თქვენ რას ფიქრობთ, რატომ არ ასახელებენ?  
  _ იმიტომ არ ასახელებენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ამ საქმეში არის თავად ზოიძე. პარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აქვთ დაყენებული. ხომ იძახის ზოიძე, დანაშაულია ასეთი კლინიკების არსებობაო. ხოდა, ვინც გასცა ნებართვა დაასახელონ და დასაჯონ. მიმართოს პროკურატურას, სასამართლოს, მარტო ტელევიზიით განცხადებების გაკეთება ხომ არ არის საქმისკაცობა?  
   სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე. რასაც ზოიძე ამბობს, ეს არის პოპულისტობა. მას რომ რაიმეს გამოსწორება სურდეს, საქმეს გააკეთებდა და მხოლოდ ლაპარაკით არ შემოიფარგლებოდა.
   _ ანუ თქვენ ამბობთ, რომ ზოიძე რეალურად ასეთ კლინიკებს არ ებრძვის? არასდროს დაასახელებს ,,სარდაფის კლინიკებს” და მხოლოდ პოპულისტობს?
   _ არა, არ დაასახელებს. სურვილიც რომ ჰქონდეს, ის ვერ გამოასწორებს მდგომარეობას, რადგან ყველა კერძო კლინიკას ,,ზემოთ” ჰყავს თავისი მფარველი. ზოიძე თუ გასცდა ,,ჩარჩოებს”, მას აუცილებლად  გაუშვებენ და მის ადგილზე სხვას დასვამენ. ეს არის ერთი გუნდი, რომელიც ანგრევს და მიწასთან ასწორებს ქართულ მედიცინას, ჯანდაცვას. ადამიანების ავადმყოფობა მათთვის არის შემოსავლის წყარო და როგორ ფიქრობთ, ისე მოიქცევიან, რომ ეს წყარო დაკარგონ?
                ….
მთელი დღის განმავლობაში, ამაოდ ვცდილობდით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, აკაკი ზოიძესთან დაკავშირებას. ჩვენს სატელეფონო ზარებს არც მან უპასუხა და არც მისმა თანაშემწემ. ასევე, ვცადეთ დაკავშირება პარლამენტის პრესამსხურთან, მესიჯიც მივწერეთ მათ, რომ დაგვხმარებოდნენ კომენტარის მოპოვებაში, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტმა მომახურეობის ზონა დატოვა.    

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close