საზოგადოება

თოვლის 16 სახელი ძველ ქართულად

,,მოეფერეთ ქართულ სიტყვებს - ყოველი სიტყვა კოდია, შეთანხმებაა..."

თოვლის 16 სახელი ძველ ქართულად.
გიფიქრიათ, თოვლის რამდენი ქართული სახელი გვაქვს? მარტო “ფიფქი” და “თოვლი” არ ჰყოფნიდა ძველ ქართველს.
ახლაც ბარდნის წოდორეთში და მე წიგნებში ვიქექები. მინდა ვიპოვო თოვლის ყველა სახელი, რომელსაც წინარე ქართველნი ქმნიდნენ, თოვლს – სახელ-დებდნენ.
მაშ, ასე: თოვლი იცოდნენ 16 ნაირი.
XVII-XVIII საუკუნის ქართველმა იცოდა, რომ თოვლი არის “რა წვიმას ზამთარს ცივი ჰაერი შე(ჰ)ხვდების, შეათოებს და დამოცვივა”. (“ლექსიკონი ქართული”, 1725);
ძველი ქართველისთვის თოვლი იყოფოდა ასე:
1) თრთვილი – რამეთუ პირველ ზამთრისა რა ღამის სიცივემა ცვარი შეათოოს, უწოდებენ – თ რ თ ვ ი ლ ს;
2) ყაპი – ხოლო პირველ დათოვასა ვიდრე მიწათა გათეთრებამდე უწოდენ ყ ა პ ს ა;
3) ფიფქი – და თუ დათოვა ტერფამდე მისი სახელია – ფ ი ფ ქ ი;
4) თოვლი – თუ ფიფქზე მეტი დათოვა ანუ ტერფზე მაღალი – თ ო ვ ლ ა დ სახელ–იდების;
5) ჭყაპი – თოვლი როცა წვიმანარევია ჭ ყ ა პ ი ეწოდება!!!
6) ბური – როცა თივლი და ნისლი ერთადაა მას ჰქვია – ბ უ რ ი;
7) ჭირხლი – როცა თოვლ-ნისლში ხეები იყინება – თუცა ბურისა მიერ ხენი შეიყინენ, იგი არს ჭ ი რ ხ ლ ი;
8.) ხურხლი – უკეთუ ხეთა ზედა თოვლი დადგა, ეწოდება ხ უ რ ხ ლ ი;
9) ბუქი – ქარიანსა თოვას ეწოდების ბ უ ქ ი ; (გეცნოთ? ქარ-ბუქი)✋
10) ხიაწი – ქარისაგან ახვეტილსა ადგილსა ჰქვიან ხ ი ა წ ი;
11) ნანქერი – თივლი ქარისგან შეგროვებული არის – ნ ა ნ ქ ე რ ი.
12) ბზარი – შემბალი თოვლი რომ შეიყინება, ეწოდება ბ ზ ა რ ი;
13) ლეღმა – და რა ბზარი მზემა შეალბო, ეწოდება ლ ე ღ მ ა;
14) არხიკი – მცირესა ფიფქსა ბზარ–ქმნილსა – ა რ ხ ი ლ ი;
15) ლილო – რა თოვლი აჭრელდეს იგი არს ლ ი ლ ო;
16) შვავი – თუცა თოვლისა სიმრავლე მთამ ვეღარ იტვირთა და ჩამოიქცა – იგი არს შ ვ ა ვ ი; (თოვლთან იყენებდნენ – შვავს, ზვავი კი, იყო ყველაფერი – უზომოდ დიდი)?
მოეფერეთ ქართულ სიტყვებს – ყოველი სიტყვა კოდია, შეთანხმებაა, როცა სიტყვა იქმნებოდა, მინიმუმ 2 წინარე ქართველი უნდა მდგარიყო ერთად და დაერქმიათ ამა თუ იმ საგნისთვის/მოვლენისთვის სახელი.
დიახ, ენა ნიშანთა სისტემაა. ფერდინანდ სოსიურზე სხვა დროს გიამბობთ, ჩემს ლექციაზე.
ესმა კუნჭულია, ჟურნალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close