„ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საავადმყოფოს შერჩევის პრეროგატივა ხელში ჩაიგდო სუს-ის და კონკრეტულად, გომელაურების კლანმა, რომლებიც იქ არა ერთი მუშაობენ,”- ამ სკანდალურ განცხადებას მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი აკეთებს. ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, როდესაც გერმანულმა კლინიკამ ადგილის არ ქონის გამო არ მიიღო თემირლან მაჩალიკაშვილი და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ცირა ჯავახიშვილის თქმით, გერმანულმა კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტის მომდევნო მკურნალობის ღირებულების შესახებ დოკუმენტაცია გამოუგზავნა, რაც უწყებამ არ გაასაჯაროვა. ადვოკატი ითხოვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვოს ინფორმაცია, თუ რომელ ევროპულ კლინიკებთან ჰქონდა კომუნიკაცია.
„ჩვენ მოვთხოვეთ კონკრეტულად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელ ევროპულ საავადმყოფოებს გადაუგზავნა თემირლან მაჩალიკაშვილის მონაცემები და მოსთხოვა მიღება. აქედან, რომელმა საავადმყოფოებმა განაცხადეს თანხმობა ან უარი, ნებისმიერი პასუხი, რაც მათგან იქნა მიღებული, ყველა დოკუმენტაციის მიღება გვსურს ჩვენ…
ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საავადმყოფოს შერჩევის პრეროგატივა ხელში ჩაიგდო სუს-ის და კონკრეტულად, გომელაურების კლანმა, რომლებიც იქ არა ერთი მუშაობენ. აქედან ვაცხადებ მე, გრიფით საიდუმლო კი არა, ცხრაკლიტულში რომ ჩაკეტონ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, მაინც ვიტყვი იმას, რატომ გამოამზეურა ორი წლის წინანდელი ჩანაწერი ამ უწყებამ,“ – განუცხადა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა “რუსთავი 2”-ს.