სამართალი და კრიმინალი

ხაშურში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

„ბოტულიზმი არ ამოითესა... პირველ ეტაპზე გამოჩნდა სალმონელა...“

ხაშურში, ბარბაქაძეების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებს ამ დრომდე ადგნენ ექსპერტები და სამართალდამცავები. ჯერჯერობით ისევ უცნობია, რა გახდა 9 წლის ბავშვის, ლუკა ბარბაქაძის გარდაცვალების მიზეზი. თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი ბავშვის დედა, ნანა ხიხაძე, ის ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და ექიმები გადარჩენისთვის იბრძვიან.

.

ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი დავით ჩიქოვანი ჯერჯერობით ვერ საუბრობს, რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თავიდანვე განიხილებოდა ერთადერთი ვერსია, საკვებით ინტოქსიკაცია და ამიტომ ყველა ელოდება ლუგარის ლაბორატორიიდან ექსპერტიზის პასუხს.

როგორც მეზობლები ამბობდნენ, დედა- შვილს შესაძლოა ჰქონდეს ნაჭამი აჯაფსანდალი და ძეხვი, ამიტომ გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, ბოტულიზმი ყოფილიყო ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. თუმცა როგორც დავით ჩიქოვანი „კვირის პალიტრასთან“ ამბობს, დედის კუჭიდან ზონდით ამოღებულ მასაში არ აღმოჩნდა ბოტულიზმის კვალი.

-ლუგარის ლაბორატორიაშია მასალა, დამირეკეს ლუგარის ლაბორატორიიდან და მითხრეს, რომ დედის კუჭის შიგთავსიდან ამოღებული მასიდან სავარაუდოდ ამოითესა სალმონელა. ეს საბოლოო დასკვნა არ არის, კიდევ გრძელდება კვლევები. როგორც იცით, ჩვენ დამატებით ბინიდან პოლიციის მიერ ამოღებულ საკვებიც გავაგზავნეთ ლაბორატორიაში, რადგან გვთხოვეს, ისიც გაგვეგზავნა, იმასაც შევამოწმებთო. იქაც მოხდება ამოღებულ საკვებზე ექსპერტიზის ჩატარება.

პარალელურად ვიცით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც ატარებს ექსპერტიზას სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მიწოდებულ მასალაზე. სალმონელოზი ნაწლავური ინფექციაა, მაგრამ ასეთი სწრაფი სიკვდილი რომ გამოეწვია, ისეთი ბაქტერია არ არის. ამიტომ ახლა ვართ სრულ გაურკვევლობაში და ველოდებით სხვა კვლევების შედეგებს. ბოტულიზმი გამოირიცხა, ქალის კუჭიდან ამოღებულ მასალაში ბოტულიზმი არ ამოითესა… პირველ ეტაპზე გამოჩნდა სალმონელა, მალე ალბათ მომაწვდიან საკვების ესპერტიზის შედეგებსაც. სალმონელა არ არის ისეთი ტოქსინი, რომ ეს მძიმე შედეგი გამოეწვია, ამიტომ უფრო მეტად ჩავვარდით საგონებელში, – ამბობს ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიქოვანი „კვირის პალიტრასთან“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close