საზოგადოება

წაიკითხეთ, ვისაც ატესტატი გაქვთ ასაღები

სკოლადამთავრებულებს დღეიდან საქართველოს იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება შეეძლებათ.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ განაცხადეს, მიმდინარე წელს 12-კლას დამთავრებული 39 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს -სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, უფასოდ მიიღებენ.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების  ხარისხიანად და ეფექტურად მიწოდება. აქედან  გამომდინარე,  ათიათასობით აბიტურიენტს ვთავაზობთ, რომ საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ იუსტიციის სახლებში  სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და 45 სოფელში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრში, მობრძანდნენ  და განაცხადის გაკეთებიდან მე-10 სამუშაო დღეს სრულიად  უფასოდ მიიღონ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი  ატესტატი“,-განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ.

ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსოს. დოკუმენტი განაცხადის შეტანიდან მეათე სამუშაო დღეს გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებული წესით აღება სურს, მას საფასურის გადახდა მოუწევს. განცხადების წარდგენის დღეს ატესტატის მისაღებად აბიტურიენტი 50 ლარს გადაიხდის, მეორე სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის დაწესებული საფასური 40 ლარს შეადგენს, მესამე სამუშაო დღეს გაცემის – 30 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელს ატესტატის მიღება განცხადების წარდგენის დღიდან მეხუთე სამუშაო დღეს სურს, მან 20 ლარი უნდა გადაიხადოს.

აბიტურიენტებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად, განაცხადის გაკეთება 31 დეკემბერის ჩათვლით შეეძლებათ.

თუ დაინტერესებული პირი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს არ მიმართავს წლის ბოლომდე, დაინტერესებულ პირზე მომდევნო წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი გაიცემა.

„დღეიდან, იუსტიციის სახლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში 39 000-მდე აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა, რომ გააკეთოს განაცხადი ატესტატის მიღებასთან დაკავშირებით და მეათე  დღეს აბსოლუტურად  უფასოდ მიიღოს ატესტატი. ეს მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს 31 დეკემბრამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ  რაღაც მიზეზის გამო, ვერ მოესწრება ატესტატის თაობაზე განაცხადის  გაკეთება, მომავალ წელს შესაძლებელი იქნება ასევ გაკეთდეს განაცხადი, ოღონდ დუბლიკატს აიღებენ განმცხადებლები. იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელს სურვილი ექნება, რომ დაჩქარებული  წესით აიღოს ეს ატესტატი, გარკვეული საფასური იქნება გადასახადი. ამიტომ, დღეიდან ველოდებით 12 კლასდამთავრებულ დაახლოებით 39 000 აბიტურიენტს, ვუსურვებთ წარმატებას და მზად ვართ, მათი მომსახურებისთვის“,-აღნიშნა იუსტიციის სახლის  აღმასრულებელმა დირექტორმა  გივი აზაურაშვილმა.

ატესტატზე განაცხადის შეტანა და დოკუმენტის მიღება სკოლადამთავრებულებს ყოველ სამუშაო დღეს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close