„ჩემი ის სიყვარული ღირსეული იყო“
ნატო მეტონიძე: „ზოგჯერ ფიქრობ, რომ დიდ უბედურებაში ხარ, აღარ გინდა, ამ სამყაროს ნაწილი იყო...“
„დაშვებული შეცდომები ხშირად მახსენდება. ზოგჯერ ვფიქრობ, იყო კი ის შეცდომა? ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, შევცვლიდი რაიმეს თუ არა? ამ შეკითხვას ხან დადებითად ვპასუხობ, ხან საპირისპიროდ ვფიქრობ“, – ამბობს მომღერალი ნატო მეტონიძე ჟურნალ „გზასთან“. ის იმ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც პირადზე არ საუბრობენ, თუმცა მომღერალმა გამოცემასთან გამონაკლისი დაუშვა და თავის სიყვარულსა და ადამიანებთან ურთიერთობებზე ისაუბრა:
.
-სიყვარული ძალიან მაგარი გრძნობაა, რომელიც ადამიანს აბედნიერებს, მერე ცხოვრება ბევრად ადვილია. პირველად რომ შემიყვარდა, თინეიჯერი ვიყავი. გრძნობას არ ვმალავდი, გამოვხატავდი, ვაგრძნობინებდი, მეტყობოდა… მერე ეს ურთიერთობა დასრულდა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ტრავმა მივიღე. განცდები, რა თქმა უნდა, ახლდა, მაგრამ იმდენად კარგ და სასიამოვნო მოგონებად დამრჩა, სულ ვამბობდი, ჩემი პირველი სიყვარული ძალიან ღირსეული იყო…
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი. სამწუხაროდ, ბოლო დროს სულ ცუდი მოვლენები ჭარბობს, ბევრი არასასიამოვნო ინფორმაცია გვესმის. საზოგადოებაში სიყვარულის, თანაგრძნობის დეფიციტია. პასუხისმგებლობით არ გამოირჩევიან ის ადამიანები, რომლებზეც სხვა ადამიანების კარგად ყოფნაა დამოკიდებული, პოლიტიკოსები, ექიმები და ა.შ.
ზოგჯერ ნეგატივი ერთმანეთს ისე მიეწყობა, ადამიანი უკვე ფიქრობ, რომ დიდ უბედურებაში ხარ, აღარ გინდა, ამ სამყაროს ნაწილი იყო და ამ დროს, სრულიად შემთხვევით, შენს ცხოვრებაში გამოჩნდება სრულიად უცნობი ადამიანი, რომელიც ამოგასუნთქებს, გაგათბობს. ჩემს ცხოვრებაში ასე ხშირად ხდება. ეს ყველაფერს წონის, იმ ნეგატივის ნიაღვარსაც. ის გამშვიდებს, გაიმედებს, ჰაერს ჩაგბერავს, გაგაცოცხლებს… ასეთი ადამიანების არსებობა ჩემთვის დიდი შვებაა…
როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს, ამ დროს გამოსავალს თავად ვპოულობ. არ მინდა, ახლობლებს ჩემი პრობლემები თავს მოვახვიო, მათგან “ტაიმ-აუტს” ვიღებ და ჩემთვის ვარ, ეს მე მჭირდება. თუ მიმიხვდნენ, მერე თავად აღარ მშორდებიან და მეც ვიღებ.