9 წლის ლუკა მჭედლიძე რუსთავში, მდინარე მტკვრისგან წარმოქმნილ ხელოვნურ ტბაში საბანაოდ 8 ივნისს, დაახლოებით საღამოს 5 საათზე დაიხრჩო.

ლუკას თან უფროსი ძმა, 11 წლის ნიკა და ორი თანატოლი ახლდა. პატარამ საშველად უფროს ძმას დაუძახა, ისიც საშველად გაიქცა, მაგრამ უკან ბავშვები მიჰყვნენ და შეაჩერეს, შეეშინდათ ისიც არ დამხრჩვალიყო, რადგან ცურვა მანაც არ იცის. ტრაგედიის ადგილზე მალევე გაჩნდნენ რუსთაველი სამართალდამცავები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა. მაშველებმა ბავშვის ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს წყლიდან. ქალაქში ამბობენ, რომ ლუკა პირველი მსხვერპლი არ არის და დაგუბებულმა წყალმა აქამდეც იმსხვერპლა ადამიანები.
გარდაცვლილი პატარის მრავალსულიანი ოჯახი რუსთავში, მეტალურგების ყოფილ საერთო საცხოვრებელში, ნაქირავებ ბინაში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
ბნელ და ჭუჭყიან ერთ ოთახში ლუკა, მშობლებთან, ორ ძმასთან, დასთან და 87 წლის ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც გვითხრეს, ეს უკანასკნელი მთელ ოჯახს მოწყალების თხოვნით არჩენს.
ლუკას მშობლები კი იშვიათად ახერხებენ სამუშაოს შოვნას.
მჭედლიძეებმა ეს ბინა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიქირავეს, თუმცა, მანამდეც მუდმივად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, რომელთაც ქირის გადაუხდელობის გამო, ხშირად იცვლიდნენ. მეზობლები ამბობენ, რომ ლუკა გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, პატარას ნაქირავებ ბინაში ელექტროდენმა დაარტყა.
კახა მჭედლიძეს, გარდაცვლილის მამას “კვირის პალიტრის” ჟურნალისტი ესაუბრა:
– ნიკამ ერთი კვირის წინ კედელში “შტეფსელში” დამაგრძელებელი შეაერთა, ტელევიზორის ჩართვა უნდოდა. დამაგრძელებელი მთლად დაშლილი იყო, ლუკას კიდევ იატაკზე დაუვარდა და სულ დაიშალა. ბავშვს დაავიწყდა დამაგრძელებელი დენს რომ იყო შეერთებული და იატაკიდან ხელით აიღო. ამ დროს დაარტყა დენმა. მომხდარის გამო შოკში იყო, ამიტომ ეზოში არ ვუშვებდი. ძალიან რომ დაცხა და სხვა ბავშვები ეზოში ჩავიდნენ, ლუკაც აგვიტყდა მე და დედამისს, – გამიშვითო. გავუშვი, ლუკას ძმებიც ეზოში იყვნენ. რა ვიცოდი, ამდგარან და საბანაოდ წასულან. თუმცა, სხვა დროსაც წასულან საბანაოდ და არაფერი მოსვლიათ.
ლაგოდეხიდან ვარ. იქ ერთ სახლში იმდენი სული ვცხოვრობდით, რომ გაჩერება აღარ ღირდა, ამიტომაც წამოვედი რუსთავში. ბინა არც ჩემს ცოლს აქვს, – ჩემს სიდედრთანაც, კორპუსის ბინაში, ბევრნი ცხოვრობენ. ამიტომაც სულ ნაქირავებ ბინებში გვიწევს ცხოვრება, თუმცა ქირის გადახდა მუდმივად გვიჭირს.
– თქვენს შვილებს საჭმელი მაინც აქვთ? ალბათ ლუკას ბევრი რამ აკლდა.
– აკლდა, ყველაფერი აკლდა. მაგრამ მშიერი არ ყოფილა, სოციალური სასადილოდან მოგვაქვს საჭმელი და ბავშვებს იმას ვაჭმევთ. შვილის დაკრძალვისთვის გროშიც კი არ გვაქვს, რუსთავის მერია და მუნიციპალიტეტი დაგვპირდნენ, რომ სასახლეს მოგვცემენ და ფულითაც ერთჯერადად დაგვეხმარებიან…
– ლუკას გარდაცვალების შესახებ როგორ გაიგეთ?
– ნიკამ მოიტანა ამბავი ეზოში, – ლუკა რომ ვეღარ დაინახა და ვეღარც ამოიყვანა, სახლში გამოიქცა, – ჩემი ძმა დაიხრჩო, მიშველეთო.
– თავად ნიკა როგორ არის?
– ცუდად. საშინელ დღეშია, არაფერს ამბობს, არც ტირის, მაგრამ სახეზე ფერი არ აქვს…

კომენტარები
Загрузка...