პოლიტიკა

შეჩერდება თუ არა დიდგორობის დღესასწაულის უქმედ გამოცხადების ინიციატივის განხილვა?

თურქულმა მხარემ პროექტის კორექტირება მოითხოვა “დიდგორობის დღესასწაულის უქმედ გამოცხადების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, შესაძლოა, შეჩერდეს“ – ეს ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გუშინ გაავრცელა. კანონპროექტი მმართველი პარტიის ექვსი დეპუტატის მიერ არის მომზადებული. საუბარია საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც დიდგორის ბრძოლის დღის -12 აგვისტოს დიდი გამარჯვების დღედ და უქმედ გამოცხადებას გულისხმობს.
„არაოფიციალური ინფორმაციით, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებას თურქეთის მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ინფორმაციას ნაწილობრივ პროექტის ერთ-ერთი ავტორიც ადასტურებს. აკაკი ზოიძე დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ დიპლომატიურ დონეზე უარყოფითი პოზიცია დაფიქსირდა. ქართული ოცნების წევრები ახლა ისტორიკოსებთან კონსულტაციების გავლას გეგმავენ. თავის დროზე, ამ ინიციატივით უმრავლესობის ერთ-ერთი წევრიც გამოვიდა,“- აღნიშნულია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპარლამენტო უმრავლესობა ადასტურებს, რომ დიდგორობის დღესასწაულის უქმედ გამოცხადებასთან დაკავშირებით თურქულ მხარეს პრეტენზიები აქვს. თურქეთის საელჩოში საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ პროექტის კორექტირება თხოვეს.
„თბილისში, თურქეთის საელჩოში შეხვედრა გაიმართა. დიდგორის ომში ეს თურქეთი არ მონაწილეობდა და ოსმალეთი იმპერია მაშინ არ იყო, მათ მაინც აქვთ გარკვეული შინაგანი მოთხოვნილება, რომ წარმოადგენენ სწორად იმ მემკვიდრეებს და მათი წინაპრები იყვნენ თურქები, სელჩუკები და თურქმანები,“ – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ.
დიდგორობა ყოველ წელს სახალხო ზეიმით აღინიშნება.
ოფიციალური პასუხი თუ რატომ არის თურქეთისთვის დიდგორობის დღესასწაული – 12 აგვისტო უქმედ გამოცხადება მიუღებელი, უცნობია. დეპუტატები მზად არიან ექპერტებთან და ისტორიკოსებთან განიხილონ ეს საკითხი
. „გარკვეულწილად ვერ ავხსნით ის შეშფოთება, რომელიც თურქულმა მხარემ გამოთქვა ამ კონკრეტულ ინიციატივასთან დაკავშირებით, მაგრამ გაგებით ვეკიდებით მათ პოზიციას. კონფროტაციაში შესვლა ნამდვილად არ ღირს,“ – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ.
ისტორიკოს გიორგი ანჩაბაძისთვის თურქეთის უკმაყოფილება გაუგებარია, რადგან მისი თქმით, 900 წლის წინანდელი მოვლენები დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამასთან ისტორიკოსი დიდგორის ბრძოლის დღის უქმედ გამოცხადების აუცილებლობასაც ვერ ხედავს.
„მაშინ სულ სხვა სახელმწიფოები იყო. მაშინ კუალიციური მუსულმანური ლაშქრობა იყო საქართველოში. დღევანდელი უშუალოდ თურქეთთან პირდაპირი ისტორიული ამასთან დაკავშირება არ აქვს. თუმცა ისინი მაინც ეთნიკურად თურქები არიან და შეიძლება ამან გამოიწვია ასეთი რეაქცია,“ – განაცხადა გიორგი ანჩაბაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close