რედაქტორის გვერდისაზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: შე მამაცხონებულო, თუ ასე ფიქრობდი საპატრიარქოზე…

„მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ გაოცებას, ჩვენი ძალად ელიტის სულიერ კურტიზანობაზე. შე მამაცხონებულო, თუ ასე ფიქრობდი ეკლესიაზე, შენ, შენი ძმა,მთელი თქვენი ოჯახები საპატრიარქოში წინ რატომ უსხედით უწმინდესს ლამის 24 საათიან რეჟიმში. დაინახეს ახლა საპატრიარქოში გარკვეული პროცესები და რასაც ყველა მთავრობას უკეთებდნენ ისტორიულად, გემბანის დატოვების ასპექტში, იგივეს აპირებენ ახლაც. მე მგონი რუის-ურბნისი ჯერ ამ პარაზიტ ელიტას უნდა ჩაუტარდეს. იპოვეს ახალი სალოცავი ივანიშვილის სახით“ _ აცხადებს ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილის ეს კომენტარი გაზეთ „ალია“-ში დაბეჭდილ წერილს მოჰყვა. წერილში კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ამბობს:

„ახალ აღქმაში სიტყვა-სიტყვით წერია: არა ადამიანი უნდა იყოს შაბათისთვის, არამედ შაბათი – ადამიანისთვის. შეგახსენებთ ამ იგავს: ქრისტე და მისი მოწაფეები შაბათსაც მუშაობდნენ, მაგრამ იმდროინდელი დოგმატური ეკლესია შაბათს მუშაობას კრძალავდა. ჩვენი ეკლესიის ტონიც ზუსტად ასეთია, – ჩვენ რასაც ვიტყვით, თქვენ ისე გააკეთებთ… იცი, ქრისტემ რა უთხრა მღვდელმთავრებს?.. არა თქვენი დოგმები, არა თქვენი უქმეები, არამედ ის, რაც ადამიანს სჭირდება ხორციელად. ვერ გავიგე, ბავშვის ჩასახვა არ არის ხორციელი მოთხოვნა?!.. ესენი ეპისტოლეში იმასაც წერენ, რომ ოჯახში მთავარი უნდა იყოს მამაკაცი. კი ბატონო, ეს ეწერა ათასი წლის წინათაც და ახლა შეგვახსენეს…

ოდეს ყოფილა დედაკაცსა მამაკაცთან ერთად ეჭამოს პური?.. სწორედ ამას ქადაგებენ 21-ე საუკუნეში და ვერ ხვდებიან, რომ ეკლესია განვითარდა. ამჟამად მე ვიღებ დოკუმენტურ ფილმს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შესახებ, დამჭირდა მარტინ ლუთერის გამონათქვამები, ეს კაცი იყო უდიდესი რეფორმატორი. ამ ადამიანს ჰქონდა სამი რამ: პირველი – არ უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბატონები და გლეხები, უნდა იპოვონ საერთო ენა; მეორე – ოჯახში უნდა იყოს სრული თანსწორობა ცოლსა და ქმარს შორის… დავაზუსტოთ, ლუთერ კინგი მოღვაწეობდა მე-16 საუკუნეში. ახლა ესენი მეუბნებიან, რომ ოჯახში მხოლოდ ქმარი უნდა იყოს უფროსი?.. მესამე – ცხოვრება წინ მიდის და კონსერვატორიზმი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გაიყინოს ერთ ადგილზე.

თუ მღვდლები მონოპოლიას აცხადებენ მორალზე, ეს უკვე დიდი უვიცობაა. რომის პაპი დადიოდა და უყურებდა მიქელანჯელოს ქმნილებებს, იქიდან იღებდა მორალურ ჰარმონიას, ესენი ჯიპებით დადიან და ფულის გარდა არაფერი აინტერესებთ. ნახეთ, კიდევ რას წერენ ერთ-ერთ ეპისტოლეში: “ბედნიერია საქართველო, რომ ქრისტეშობის სიხარული პირველი საუკუნიდანვე ეუწყა მოციქულთაგან და ამდროიდანვე გახდა ის ღვთისმშობლის წილხვედრი“. მე როგორც ვატყობ, ელემენტარულად არ იციან რატომ ეწოდა ჩვენს ქვეყანას ღვთისმშობლის წილხვედრი. როდესაც ქრისტე ჯვარზე აცვეს და ის ფიზიკურად დაიღუპა, დაჯდა მისი 12 მოწაფე  მარიამიც იქ იჯდა და თქვეს, რომელ ქვეყნეში ვიქადაგოთ, რომ გავაგრძელოთ ქრისტიანობაო?.. მამაოებმა ამის შესახებ იციან, მაგრამ ისე იყენებენ, როგორც თვითონ უნდათ. მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად უნდა წასულიყო. პეტრე წავიდა რომში, პავლემ იქადაგა კილიკიაში, ხოლო ღვთისმშობელს ერგო წილად საქართველო. ეს ისტორიული ფაქტია, თეოლოგები ამას აღიარებენ.

ამის შემდეგ ჩვენი სამღვდელოება ამ ყველაფერს აძლევს მისტკურ ელფერს და ცდილობენ წარსულში დააბრუნონ ქვეყანა. კიდევ ერთი ლაფსუსი: “მეცნიერულმა და ტექნიკურმა წინსვლამ ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, რომლის შესახებაც მანამდე არ სმენოდა კაცობრიობას. ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ასე შემდეგ… ევროპაში მხარს უჭერენ აბორტს, ავთანაზიას და ასე შემდეგ”… ახლა ისეთ რაღაცას ვიტყვი, ბევრს გაღიზიანებს, მაგრამ ეს სიმართლეა. აქ ჩამოთვლილთაგან, ყველა საკითხს ადამიანებისთვის მოაქვს ბედნიერება. თუნდაც აბორტი ავიღოთ. კი, ბატონო, ერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ამ პროცესს, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რატომ მიდის ქალი უმეტეს შემთხვევაში ამაზე. დღეს ჩვენში ბევრს არ აქვს სოციალური მდგომაროება ისე აწყობილი, რომ მრავალშვილიანი იყოს. არსებობს გაუპატიურების ფაქტებიც. დავუშვათ, მარტოხელა ქალია, დაორსულდა, ქმარმა მიატოვა, სახელმწიფო არ პატრონობს, ამ დროს რა უნდა ქნას?.. ჩვენს მღვდლებს ეს ყველაფერი აჰყავთ ცოდვის რანგში.

ახლა უფრო უარესს ვიტყვი: მსოფლიოში, ბევრ ქვეყანაში აკანონებენ ევთანაზიას… მე ვნახე ტელევიზორში, თუ როგორ მოკვდა ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი. ეს ადამიანი მიერთებული ჰყავდათ აპარატზე და აზრი აღარ ჰქონდა მის წვალებას. მე პირადად ვერ გავუკეთებდი ადამიანს ევთანაზიას, მაგრამ არსებობს მედიცინა და მაინც საკითხავია, ღირს კი ადამიანის წვალება წლების განმავლობაში, როცა ის გონზეც კი არ არის?.. იქნებ ეს ჰუმანური სვლაც კი იყოს რაღაც მომენტში?

მე ადამიანებს ვურჩევ, წაიკითხონ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება. ეს შეტანილი კი აქვთ ბიბლიაში, მაგრამ ქადაგებებში მღვდლები მაინც ასაიდუმლოებენ. იოანე იყო ქრისტეს ყველაზე საყვარელი მოწაფე, მაგას ჩააბარა მარიამი და უთხრა, დედაჩემს უპატრონეო. მე იოანეს „აპოკალიფსი“ მიმაჩნია ნიჭიერ ნაწარმოებად. ქრისტეს არსოდეს უთქვამს, ჩემი სიკვდილის შემდეგ მაინც და მაინც ეკლესია გახსენითო. ამაზე მთელი დისკუსია იყო. პეტრემ და პავლემ თქვეს, უნდა იყოსო, მაგრამ იაკობმა – ქრისტეს ძმამ მოგვიანებით თქვა: მე არ მახსოვს, იესოს ასეთი რამ ეთქვასო. სხვათა შორის, ეკლესიამ ამის გამო იაკობიც მოკვეთა, საერთოდ არავინ აღარ ახსენებს. ამას წინათ, ჩემმა შვილმა მომიტანა იტალიაში აღმოჩენილი ფრესკის ფოტო, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ მიდის ეგვიპტეში მარიამი, მას გვერდით მიჰყვება იაკობი, მაგრამ ფრესკაზე ეს უკანასკნელი დაზიანებულია, თვალები აქვს ამოთხრილი. იაკობს უვიცი მღვდლების არსებობაც კი არ უნდოდა. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რასაც დღეს  მღვდლები  აკეთებენ, ეს ფორმა არ არის ქრისტესმიერი.

საბჭოთა წყობილების დროს, მღვდლების 95% შეკრული იყო „კაგებესთან“, დღეს მათი უმეტესობა იქიდან მოდის. თუნდაც ქუთაისელი კალისტრატე ავიღოთ, სიმართლეს ვიტყვი და არაფრის მეშინია. სინოდში სხედან მაშინდელი მღვდლები, აი, ესენი უწევენ პატრიარქს დათვურ სამსახურს. შემდეგი თაობა, რომელიც ეკლესიაში მოვიდა, ისეთი ხარბი აღმოჩნდა, რომ მათი ჯიპების დათვლასაც კი ვერ ვასწრებთ. ახლა სარკასტულად ვიტყვი: მოვუწოდებ საპატრიარქოს, ჩაატაროს კონკურსი და ასე დააკომპლექტოს სამღვდელოება. მიიტანონ თავიანთი „სივები“ კალისტრატემ და სხვებმა და ასე დაწყონ მუშაობა საპატრიარქოში. რაც არ უნდა ჩაწეროს კალისტრატემ თავის “სივში“, ხალხმა ყველაფერი იცის, სად რამდენი მანქანა იყიდა, სად რამდენი ღვინო დალია და სად რამდენი საჭმელი შეჭამა.

სხვათა შორის, საპატრიარქომაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყანაში მთავარია ხალხის აზრი. ესენი უხერხულ მდგომარეობაში არიან, თან ევროპას ვერ ეწინააღმდეგებიან, თან ქადაგებენ, რომ ყველა უბედურება იქიდან მოდის. სხვათა შორის, ჩვენი დღევანდელი მთავრობაც შუალედურს იჭერს, არც აქეთ არის და არც იქით. მთავრობამ  უნდა გადახედოს ეკლესიასთან დადებულ კონკორდატს. დღეს არ არსებობს სახელმწიფო, სადაც შიგ კიდევ იქნება სახელმწიფო. დღეს ეს სინოდი-მინოდი და რაღაცეები, კიდევ სახელმწიფოა. მე ნამყოფი ვარ ვატიკანში და მსგავსი არაფერი არსებობს, რომის პაპი საერთოდ არ ერევა სახელმწიფო საქმეებში.

დღეს ქართულ ეკლესიაში რაღაცა დარღვეულია, რა დასამალია, რომ შიგნით ბევრი საკუთარი ინტერესებით მოქმედებს?.. კი ბატონო, იქ არის წესიერი ხალხი, მაგრამ უმრავლესობაში უვიცები და მერკანტილური ინტერესებით მოქმედნი არიან. მის უწმინდესობას დიდი ავტორიტეტი აქვს, მაგრამ ქართული ეკლესიის პოზიცია ხშირად მოიკოჭლებს”.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close