შალვა ნათელაშვილი: ყაჩაღების ხელში ვართ და მათ, სულ მალე, ხელბორკილები უნდა დავადოთ
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
_ ოლიგარქი კვლავ აგრძელებს მთელი სამყაროს გაოცებას. გუშინ, ივანიშვილების ოჯახმა, ამაზონზე დამწვარი ჯუნგლების აღსადგენად მილიონები გადარიცხა. ეს მაშინ, როდესაც ივანიშვილმა საქართველოში, ანგარებით, მილიარდების საშოვნელად, იმაზე მეტი ხე გაჩეხა, ვიდრე ბრაზილიასა და ციმბირში ერთად დაიწვა, ხოლო საქართველოს დამწვარი ტყეების სალიკვიდაციოდ, ბორჯომ-ხარაგაულიდან დაწყებული, აბასთუმნით გაგრძელებული, ყვარლით დაგვირგვინებული, ბიძინა ივანიშვილს არ გაუღია ერთი თეთრიც. როგორც კი მოხდება ხელისუფლების შეცვლა და ეს მალე მოხდება, ჩვენ ჩამოვიყვანთ გაეროს საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც შეაფასებენ ივანიშვილის მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ეკოციდურ ზარალს საქართველოზე და მთელ ამ ხარჯებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ჯიბიდან აანაზღაურებს. ალბათ ყველას გახსოვთ საყდრისში, ჩვენს მიერ აღმოჩენილი ოქროს მაძიებელი ივანიშვილის მიერ გაკაფული მილიონობით ხე _ უძვირფასესი მუხები და ამ ამბით რომ მსოფლიო არ შეგვეყარა დამერწმუნეთ, ალგეთში, ქვემო ქართლში ტყის ნაცვლად ისეთივე თხრილები იქნებოდა, როგორიც საყდრისის ადგილას დატოვა. გაიხსენეთ ივანიშვილის კომპანია ,,ატუს“ მიერ რაჭაში, შაურის გარშემო, სრულიად განადგურებული უძვირფასესი წაბლის კორომები, რომლის ჭრაზეც განკარგულება გასცა მაშინდელმა უსახო პრემიერმა და დღევანდელმა თავდაცვის მინისტრმა, ღარიბაშვილმა. მოტივირება იყო საოცარი _ სოციალური საჭიროებისთვის გაიკაფოს წაბლის ხეებიო და ამ დროს ასეულობით მილიონი გაკეთდა აღნიშნული უძვირფასესი მერქნის ექსპორტით, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, ისევე როგორც ალგეთში მის მიერ განადგურებული მუხები. კარგად გვახსოვს გადამწვარი უნიკალური ტყეები წაღვერში, ბორჯომში, აბასთუმანში, რომლის აღდგენაში ერთი თეთრი არ ჩაუდია ბიძინა ივანიშვილს. მეტიც, ქალაქის მერმა კალაძემ, რომელსაც ხალხმა კრახი კალაძე შეარქვა, თავისი მეგობარი, ყოფილი ფეხბურთელები ჩამოიყვანა წინასაარჩევნოდ, ,,დინამოს“ სტადიონზე ათამაშა, შემოსული თანხა უნდა გადასულიყო წაღვერის ტყეთა აღდგენის ფონდში. აღგენით არაფერი აღდგენილა, მაგრამ სამი დღის შემდეგ ის ფეხბურთლები თამაშობდნენ გროზნოში პუტინის დაბადების დღის საპატივსაცემოდ კადიროვის მიერ გამართულ მატჩზე. ასეთი ყაჩაღების ხელში ვართ და მათ სულ მალე, ხელბორკილები უნდა დავადოთ.